ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში ერთი შეხვედრა ჩაატარა - ლიხტენშტეინს სტუმრად დიდი ანგარიშით (4:0) სძლია. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს, მეორე მატჩის გამართვა დღეს, საკუთარ მოედანზე, ლიტვასთან უწევს და ესპანელები მომავალ დაპირისპირებას საგრძნობი დანაკლისით ხვდებიან – ბალტიისპირელთა წინააღმდეგ ხავი, ფერნანდო ტორესი და სესკ ფაბრეგასი ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ. ამის მიუხედავად, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ “ფურია როხა” ბალტიისპირელებთან უპირობო ფავორიტია და 3 ქულის აღებაც არ უნდა გაუჭირდს. მატჩამდე, დელ ბოსკემ ინტერვიუ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა და ესპანეთის ნაკრებსა და ესპანურ ფეხბურთზე ისაუბრა.
- მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას ტაქტიკას რამდენად დიდ ყურადღებას უთმობდით?
- ვერ ვიტყვი, რომ სხვადასხვა ტაქტიკური თეორიების დიდი მიმდევარი ვარ. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა თავი კოლექტიურად დაიცვას და შეუტიოს. მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელის მოქმედება როგორც ერთი მთლიანის. ფორმაციები გუნდის მდგომარეობაზე მხოლოდ გარეგან წარმოდგენას იძლევა.
- მიუხედავად ამისა, ესპანეთის ნაკრების თამაშის კოპირება წარმოუდგენლად რთულია...
- ბევრმა გუნდმა იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, რომ ჩვენთვის მოეგო. ჩილემ და პარაგვაიმ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს – საუცხოო კონტრშეტევებს ანხორციელებდნენ. ჩვენთვის მათი სათამაშო მანერისთვის ალღოს აღება რთული იყო. საკუთარი მოქმედებებისთვის ისინი ქებას იმსახურებენ. მათ საუცხოოდ ააწყვეს დაცვითი საფეხბურთო მოდელი, თუმცა შეტევაში ჩვენთვის დიდი პრობლემები არ შეუქმნიათ.
- ესპანური ფეხბურთის საიდუმლო რაა?
- პირველყოვლისა ის, რომ ჩვენ არავის კოპირებას არ ვცდილობთ. მეორე მხრივ, მოთამაშეების კონტიგენტში. იმ შუა ხაზით, რაც ესპანეთის ნაკრებშია, ბურთი უნდა დაიჭირო, ასევე, საჭიროა გრძელი და მოკლე გადაცემების შეხამება. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, არცერთ გუნდს შესწევს ძალა, რომ მხოლოდ შეუტიოს – ძლიერი დაცვა ფეხბურთის აუცილებელია კომპონენტია. პრესინგს საუცხოოდ ვიყენებთ და ჩვენი დაცვითი თამაშის არსი ამაში მდგომარეობს.
- ამაზე ფეხბურთელებთან ვარჯიშზე ცალკე მუშაობთ თუ ყველაფერი მათ დნმ-შია ჩადებული?
- ყველაფერზე კლუბები მუშაობენ, რისთვის მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. რა თქმა უნდა, ტექნიკური მონაცემები ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებშია ჩადებული, მაგრამ მათ სათანადო მითითებები სჭირდებათ, რომ მოედანზე არ დაგაღალატონ.
- რამდენად თავისუფლები არიან ფეხბურთელები მოედანზე ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში?
- პროფესიონალურ ფეხბურთში მოთამაშეებს გარკვეული თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. მწვრთნელი იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ ფეხბურთელებს გარკვეული ორგანიზაციული ასპექტები შეასწავლოს, მაგრამ მათი ტალანტი არ უნდა დაჩრდილოს. შეგირდებს უნდა დავეხმაროთ, რომ ინდივიდუალური თვისებები უკეთ გამოიყენონ.
- მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ესპანეთს ამხანაგურ შეხვედრებში სირთულეები ჰქონდა. ელოდით, რომ ასე მოხდებოდა?
- მექსიკის წინააღმდეგ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტრავმა არავის მიუღია და თამაში ნორმალური გამოვიდა. არგენტინასთან მატჩი ცუდად დავიწყეთ და მოედანზე ვითარება ვეღარ გამოვასწორეთ. ჩვენ საუცხოო გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. საერთოდ, ზოგჯერ წაგებაც სასარგებლოა. არ ვფიქრობ, რომ პრობლემები გვაქვს.
- ხსენებულ შეხვედრებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცით თამაშის საშუალება. თაობათა ცვლის პროცესის დაწყებას გეგმავთ?
- ნაკრების ბევრ ფეხბურთელს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, თამაში ევროპის 2012 წლის და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატებზეც შეუძლია, მაგრამ აუცილებელია კვალიფიციური რეზერვი გვყავდეს. შეიძლება, ავსტრია-შვეიცარიაში და სამხრეთ აფრიკაში მყოფ ნაკრებებს შორის დიდი სხვაობა ვერ შეგემჩნიათ, მაგრამ სინამდვილეში 8 ფეხბურთელი შეიცვალა. მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს.
- ფეხბურთელებთან, რომლებიც ერთად დიდი ხანია თამაშობენ, კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას რის ხარჯზე ახერხებთ?
- უბრალოდ გამიმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი არა მხოლოდ მაღალი დონის მოთამაშეა, არამედ, საუცხოო ადამიანიც. ვერ ვიტყვი, რომ ნაკრებში კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას იგივე მეთოდებით ვახერხებდი, როგორითაც მადრიდის “რეალში”. უბრალოდ, ეროვნულ გუნდში ყველაფერი იმაზე დამოკიდებული თუ როგორ შეერწყმება ხალხი კოლექტივს.
- თქვენი ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთია თუ კიდევ რაიმე გატაცება გაქვთ?
- ფეხბურთის გარდა, ამ სამყაროში ყველანი კიდევ რაღაცით ვცხოვრობთ, მაგრამ მას ჩემს ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა