ფეხბურთი

12:30 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილმოტსი დე ბრუენზე საუბრობს

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მარკ ვილმოტსის აზრით, კევინ დე  ბრუენს შეუძლია თავი დაიმკვიდროს  “ჩელსის” ძირითად შემადგენლობაში. “სპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში ვილმოტსმა ურჩია ფეხბურთელს, თუ “ჩელსიში” ვერ მოახერხებს დამკვიდრებას, კლუბის გამოცვლაზე დროულად იფიქროს.

“ყველამ ვიცით მისი შესაძლებლობების შესახებ, იგი ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია თანამედროვე ფეხბურთში. თუმცა,  დე ბრუენს აუცილებლად სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, რადგან უთამაშებლობა დაღს დაასვამს მის სათამაშო ფორმას და ეს ფაქტორი ეროვნული ნაკრების თამაშზეც იქონიებს გავლენას’’ _ განაცხადა ვილმოტსმა.

გავრცელდა ჭორები დე ბრუენის გერმანიაში დაბრუნების თაობაზე, კერძოდ სახელდება  “შალკე”. სხვათაშორის გელზერკინხენულ კლუბში საკმაო ხანი  ასპარეზობდა თავად მარკ ვილმოტსი. ბელგიელთა თავკაცი ამ საკითხსაც შეეხო:

“შალკე” ჩემთვის განსაკუთრებული კლუბია, იქ სათამაშოდ ფეხბურთელს სჭირდება მაღალი საფეხბურთო არსენალი. იმ შემთხვევაში თუ კევინი “შალკეში” წავა, ვფიქრობ  გადაიჭრება მისი უთამაშებლობის პრობლემა” _ აღნიშნა ბელგიელმა.

დე ბრუენის ტრანსფერის თაობაზე ,,სპორტ ბილდი’’ გელზერკინხენული კლუბის გენერალურ დირექტორს ჰორსტ ჰელდტს დაეკითხა, თუმცა მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია.

“დე ბრუენით უამრავი კლუბია დაინტერესებული, თუმცა უარვყოფ მის შესაძლო ტრანსფერს ჩვენს კლუბში’’_ განაცხადა ჰელდტმა.

ბელგიელმა შემტევმა გასული სეზონი განათხოვრების წესით ბრემენის “ვერდერში” გაატარა, “ჩელსიში” მოურინიოს მისვლის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა არათუ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოახერხა თავის დამკვიდრება, არამედ ცვლილებაზეც იშვიათად უწევს თამაში.

დიმიტრი შარიქაძე

0.141159