ჭიდაობა

13:53 | 10.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანების ხვავრიელი მონაგარი

ვეტერანი ქართველი მოჭიდავეები, 1-6 ოქტომბერს სარაევოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი, ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენით გავიდა და ოთხივემ მედალი მოიპოვა. ტურნირის მიმომხილველი ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციის თანახმად, თავისუფალი სტილის მიმდევართა ქართულ ექვსეულზეც ოთხი მედალი მოდის, ოღონდ, გამორიცხული არაა, ერთით მეტიც იყოს, რადგან ორგანიზატორებმა ერთი წონის ოქმი, რატომღაც შეუვსებელი დატოვეს.

ბერძნულ-რომაულში, ტურნირში სულ 33 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. საქართველოს ანგარიშზე კი ორი ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაოა. მსოფლიოს ჩემპიონები ზურაბ ცისკარიძე (97 კგ) და თამაზ გოგელია (130 კგ) გახდნენ. ორივე წონით კატეგორიაში 5-5 მონაწილე შეიკრიბა, ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა და ქართველებმა ოქროს მედლები ასპროცენტიანი მაჩვენებლით მოიპოვეს. ცისკარიძემ საჩემპიონო გზაზე პოლონელი რაფალ კოჟოვსკი (6:0), ნორვეგიელი თომას ლარსენი (სუფთად), რუსი სერგეი უსტიმოვი (7:0) და ამერიკელი ოქტავიუს ბელამი (7:0) ჩამოიცილა. გოგელიამ კი მონღოლ ბაიანმუნხ შურას (9:2), თურქ აჰმეთ დერეს (7:0), რუს სერგეი ფონარევს (4:0) და უნგრელ გიულა პაპს (6:0) სძლია.

მძიმე წონაში, განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფში ესტატე გოგლიჩიძემ ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც რუს ალექსანდრ კრასანოვთან დამარცხდა, მაგრამ ამ მოჭიდავეების გარდა, სატურნირო ბადეში არავინ იყო და ოქრო-ვერცხლიც მათ დარჩათ.

ლევან მეხეშიძესაც (69 კგ) ერთი ბრძოლის ჩატარება ეყო კვარცხლბეკზე ასასვლელად – ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ილგიზ შაიდულინთან წააგო (1:2) და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 30 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. ქართული გუნდიდან მსოფლიოს პირველობა წაუგებლად აკაკი კუნჭულიამ (63 კგ) ჩაამთავრა. ოქროს გზაზე მან ამერიკელი რაიან ვორი (8:0), ბელარუსი ვადიმ ტოზიკი (7:0) და რუსეთის ნაკრების წევრი ბინგერ ჯანკეზოვი (8:1) დაამარცხა. ამავე წონაში ვარაზ ვარაზაშვილმა პირველსავე წრეში წააგო თურქ ნაზიფ ბარუჩუსთან (0:8).

ბაგრატ ფიცხელაურმა (63 კგ) მე-3 ადგილი დაიკავა. მის ასაკობრივ ჯგუფში სულ 4 მონაწილე შეიკრიბა და ჩემპიონ-პრიზიორები წრიული სისტემით გამოვლინდნენ. ფიცხელაურმა ფრანგ როჯერ პაპოტოს აჯობა (1:0 5:4), ხოლო მოლდოველ ბორის სავასთან (0:8) და რუს საიდმაგომედ მასიჟევთან (3:5 0:4) ვეღარას გახდა.

გივი ქენქაძემ (69 კგ) რუსეთის ნაკრების წევრ ორ კონკურენტთან ჭიდილში ვერცხლის მედალი აიღო – ზაკიტ ბიკბულატოვთან წააგო (0:10), ხოლო კარიბ აშურალიევს მოუგო (3:0 2:2).

აჰმედ აფაქიძემაც (76 კგ) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა - თურქი ისმაილ გურლერის (7:0), ფრანგი ჟაკ ფურესა (7:0) და გერმანელი რაინერ მიულერის (6:0) ძლევის შემდეგ, ფინალში უკრაინის ნაკრების წევრ სოსლან ადირხაიევთან დამარცხდა (0:7).

ერთადერთი ქართველი მოჭიდავე, რომლის გამოსვლის შესახებაც ორგანიზატორებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, ოთარ დოჭვირია, რომელსაც 76 კილოგრამში უნდა ეჭიდავა. ამ წონაში სულ 11 მონაწილე შეიკრიბა და დოჭვირი პირველ წრეში ამერიკელ ბრუს მოეს ხვდებოდა. გამარჯვების შემთხვევაში კი, მეოთხედფინალში, რუს ზახარუშკინსა და უნგრელ ჰენც გილას შორის უძლიერესს უნდა შეხვედროდა. სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასაც მივმართეთ, მაგრამ საბოლოო შედეგი ჯერ ფედერაციისთვისაც უცნობია.

 

0.115666