ლონდონის “არსენალის” დამრიგებელი არსენ ვენგერი კომენტარს აკეთებს ფოტოზე, რომელზეც სიგარეტის მწეველი ჯეკ უილშირია გამოსახული.
ინგლისელმა ჟურნალისტებმა უილშირი არასაფეხბურთო სიტუაციაში “ნაპოლისთან” მოგებული თამაშის შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთი ღამის კლუბის სიახლოვეს გადაიღეს.
“ფეხბურთელის ასეთ ქცევას ვერ მოვიწონებ, მაგრამ უპირველესად, ეს საკითხი თავად უილშირთან უნდა განვიხილო. როდესაც შენ ფეხბურთს თამაშობ, სხვებისთვის მაგალითი ხარ. გარდა ამისა, არ შეიძლება, საკუთარ ჯენმრთელობასა და რეპუტაციას ზიანი მიაყენო.
მიუხედავად ყველაფრისა, უილშირი “არსენალის” ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად რჩება და ის ჩემს გეგმებში კვლავ შედის.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal-ი.
ჯეკ უილშირი ინგლისში მოთამაშე პირველი მოქმედი ფეხბურთელი არაა, რომელიც სიგარეტის მოწევის დროს გადაიღეს. აქამდე, ფოტოგრაფებმა, სიგარეტით ხელში, უეინ რუნი, ეშლი კოული, დიმიტარ ბერბატოვი და რა თქმა უნდა, მარიო ბალოტელი გამოიჭირეს. უფრო ადრე, სიგარეტით ხელში თვით ზინედინ ზიდანი “დაიჭირეს”. ცნობისთვის, საკუთარი სურათის გავრცელების შემდეგ, უილშირმა, თავის “ტვიტერზე”, სწორედ ფრანგი ლეგენდის ფოტო დადო, სადაც ზიდანი სიგარეტს ეწევა.