ლეგენდარული ფორვარდი უვე ზეელერი, კარიერის გასული საუკუნის 70-იან წლებში დასრულების მიუხედავად, დღემდე გერმანიის ეროვნული ნაკრების საპატიო კაპიტნად რჩება. 74 წლის ზეელერი ქალაქ ჰამბურგის საპატიო მოქალაქეა, ხოლო “ჰამბურგის” საშინაო “იმტეხ არენის” მთავარი ტრიბუნის შესასვლელის წინ, მის პატივსაცემად, სამმეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება დგას – თავამსხმელის მარჯვენა ფეხი, რომელსაც “ჯადოსნურს” უწოდებდნენ. ზეელერმა “ჰამბურგში” 1953-1972 წლებში ითამაშა და 476 შეხვედრაში 404 გოლი გაიტანა. ის 1960, 1964 და 1970 წლებში გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 1960 წელს მან გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 3 წლის შემდეგ ქვეყნის თასს დაეუფლა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებში ჩატარებულ 72 შეხვედრაში, “ჩვენმა უვემ”, როგორც მას გერმანელი ქომაგები უწოდებენ, მეტოქის კარი 42-ჯერ აიღო. ზეელერი 1966 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 1970-ში მუნდიალის ვერცხლის მედლებს დაეუფლა. გასული საუკუნის 90-იანი წლების შუაში, მან საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელმაც გაჭირვებულთა დასახმარებლად რამდენიმე მილიონი ევრო მოაგროვა. გთავაზობთ ინტერვიუს ზეელერთან, რომელიც ჟურნალ 11 FREUNDE-ში გამოქვეყნდა.
- თქვენი უნიკალური საფეხბურთო კარიერიდან, რომელ ეპიზოდს გამოარჩევდით?
- ეს, ის წამის მეასედია, როდესაც 1965 წლის სექტემბერში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, ჩემი დარტყმის შემდეგ ბურთი შვედეთის ნაკრების კარში გავიდა. ჩვენ 2:1 გავიმარჯვეთ და 1966 წლის ინგლისის მსოფლიოს პირველობის საგზური ბოლო მომენტში მივიღეთ.
- “ჰამბურგში” ჩატარებულ 476 მატჩში 404 გოლი გაიტანეთ, ხოლო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებში გამართულ 73 შეხვედრაში -43. მაინც და მაინც ეს გოლი რატომ არის თქვენთვის განსაკუთრებული?
- ის გოლი ლამაზი არ იყო, მაგრამ ბურთმა როდესაც კარის ხაზი ნელნელა გადაკვეთა, უკვე ვიცოდი: “უვე, შენ ისევ ადგილზე ხარ”! იმავე 1965 წლის თებერვალში, ფრანკფურტის “აინტრახტთან” მატჩში აქილევსის მყესი გამიწყდა. იმ პერიოდში, ასეთი ტრავმა ფეხბურთელისთვის დასასრულს ნიშნავდა, რადგან ყველა მოთამაშემ, რომელმაც მსგავსი დაზიანება მიიღო, კარიერა დაასრულა. მე კი, სტოკჰოლმის სტადიონზე შვიდთვიანი უქმობის შემდეგ გამოვედი და ნაკრებისთვის გადამწყვეტი გოლი გავიტანე.
- ეს მოვლენა როგორ აღნიშნეთ?
- თამაშის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰელმუტ შიონმა ბარში მიმიწვია, სადაც ცხოვრებაში პირველად, ჭიქა ვისკი დავლიე. თუმცა, პირველივეს მეორე და მესამე მოჰყვა.
- ფეხბურთის ორი დიადი მოღვაწის დიდი მოვლენა...
- ამ საზიზღრობას დღემდე ვერ ვიტან, მაგრამ მაშინ, ეს ვისკის ჭიქები ჩემთვის სიგნალი გახდა სტარტისთვის – აქილევსის მყესი მწყობრშია და თამაში კვლავ შემიძლია. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ჩემი კარიერა თავიდან დაიწყო.
- თავის დროზე, მილანის “ინტერის” მილიონიანი შეთავაზება უარყავით. მოგვიანებით, ამ გადაწყვეტილების გამო, ნანობდით?
- არასოდეს მინანია. მე მხოლოდ “ადიდასზე” ვფიქრობდი.
- “ადიდასზე”?
- ამ ფირმის წარმომადგენლის თანამდებობაზე 32 წელიწადი ვმუშაობდი – ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სათამაშო კარიერის პარალელურად. მძიმე ტრავმის მიუხედავად, ვიცოდი, რომ სიარული და ავტომანქანის მართვა შემეძლო. თუმცა, ვითამაშებდი თუ არა ფეხბურთს, მაშინ ეს არ ვიცოდი.
- თქვენი ოჯახის ბიუჯეტისთვის, “ადიდასის” წარმომადგენლად მუშაობა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო?
- ეს იყო პროფესია, რომელიც ოჯახის გამოკვების საშუალებას მაძლევდა. იმ ხელფასად, რასაც როგორც ფეხბურთელი ვიღებდი, ჰამბურგში ნორმალურ ბინასაც კი ვერ ვიქირავებდი.
- “ჰამბურგში” მაქსიმალური ხელფასი რამდენი გქონდათ?
- 1963 წელს, როდესაც ბუნდესლიგა დაარსდა, ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებად მე და ჰანს შეფერი ვითვლებოდით “კიოლნიდან” – წლის განმავლობაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 1250 მარკას ვიღებდი გადასახადის დაქვითვის გარეშე. მოგვიანებით, ერთ-ერთ სეზონში 80000 მარკა გამოვიმუშავე და დამატებით კიდევ 30000 მარკა მივიღე, მრავალწლიანი სტაბილური თამაშის შედეგად.
- “ადიდასის” წარმომადგენლის რანგში რა სამუშაოს ასრულებდით?
- ჰანოვერამდე მთელი ჩრდილოეთ გერმანიის რეგიონზე პასუხისმგებელი ვიყავი. წლის განმავლობაში, ავტომანქანით 80000 კილომეტრის გავლა მიხდებოდა – სპორტულ მაღაზიებს შევუვლიდი და კერძო კლიენტებს ვხვდებოდი. ყოველ დღე დღიურს ვაწარმოებდი, რომელშიც საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებების თარიღებს, ასევე, ვარჯიშების დაწყების დროს აღვნიშნავდი.
- მივლინებების დროს, სათამაშო ფორმის შენარჩუნებას ახერხებდით?
- მას შემდეგ, რაც საღამოს ბოლო კლიენტიდან წამოვიდოდი და სასტუმრო ოთახის გასაღებს მივიღებდი, გარბენს ვასრულებდი. თავდაპირველად, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებს მივმართავდი, რომ მათ რიგებში მევარჯიშა. თუმცა, მალე მივხვდი, რომ ეს მაბრკოლებდა, რადგან მხოლოდ ავტოგრაფების დარიგებაზე ბევრ დროს ვკარგავდი.
- მაშინ, გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი იყავით. ეს ფაქტორი, კომპანიაში თქვენი სამუშაოს პუნქტუალურად შესრულებაში, ხელს არ გიშლიდათ?
- თითქმის ყოველთვის პუნქტუალური ვიყავი და იმ პერიოდში ამის მიღწევა კიდევ შეიძლებოდა, რადგან ქუჩებში ცოტა ავტომანქანა დადიოდა და საცობებიც არ იყო. როდესაც კომპანიის საქმეზე მივდიოდი, თადარიგს დანიშნულ დროზე 15 წუთით ადრე მაინც ვიჭერდი.
- რომელი ავტომანქანებით გადაადგილდებოდით?
- აღმავალი ტრაექტორიით მივდიოდი – “ფოლსკვაგენ “ხოჭოთი” დავიწყე, შემდეგ “ფორდ ტაუნუს” 15M-ზე და 17M-ზე გადავჯექი, ხოლო მოგვიანებით, “მერსედეს 190 დიზელის” ქონის საშუალებაც მქონდა. ამ უკანასკნელისთვის, შეგეძლო გვერდებზე ჩაქუჩი ისე გერტყა, რომ გაკაწვრის შიში არ გექნებოდა - ავტომობილი კი არა, ნამდვილი ჯავშნოსანი იყო.
- 1961 წლის აპრილში, მილანის “ინტერმა” მიგიწვიათ, მაგრამ იტალიელების წინადადებაზე უარი თქვით...
- ეს რაღაც “სიგიჟე” იყო. “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ელენიო ერერამ, ჰამბურგში სასტუმრო “ატლანტიკში” სამი დღით ორადგილიანი ნომერი დაჯავშნა და თავისთან მიმიწვია. პირველ დღეს, მან საკონტრაქტო თანხის სახით 500000 მარკა შემომთავაზა, ხოლო მესამე დღეს -1000000. გარდა ამისა, წელიწადში ხელფასის სახით 1,5 მილიონ მარკას მივიღებდი და სამი წლის შემდეგ, გერმანიაში ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დავბრუნდებოდი.
- თუმცა, თქვენ უარი თქვით... საინტერესოა, მას მერე, რაც “ატლანტიკიდან” დაბრუნდით, მეუღლემ გკითხათ ჩაელაგებინა თუ არა მას ჩემოდნები?
- ილკა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. უარი თავად ვთქვი. სხვათა შორის, თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ თვითმფრინავამდე ყვავილებით შემკობილს მიმიყვანდნენ, ხოლო ჩემმა ძმამ დიტერმა განმიცხადა: “ამ ფულად, თან ჩემი წაყვანაც შეგიძლიაო”.
- თქვენს ნაბიჯზე მწვრთნელებს, გიუნტერ მალმანსა და ზეპ გერბერგერს რა რეაქცია ჰქონდათ?
- მალმანმა მითხრა: “თავად უნდა გადაწყვიტო როგორ მოიქცე”. ჰერბერგერმა კი, მოლაპარაკებების პირველსავე დღეს დამირეკა და პირდაპირ მითხრა: “გერმანიაში თუ დარჩები, ეს ნიშნავს, რომ საიმედოობა აირჩიე”. ამასთანავე, ზეწოლა არც ერთს უცდია.
- თავის დროზე, თეოლოგიის პროფესორმა ჰელმუტ ტილიკემ ღია წერილით მოგმართათ: “თქვენ ძალიან კარგი სპორტსმენი ხართ, რომ საკუთარ თავს ეს კითხვა არ დასუვათ: “ასეთი “გიჟური” კონტრაქტები, სპორტს არ კლავს”?
- წერილის ტექსტი ზეპირად ვიცი. ის ყველა გაზეთში გამოქვეყნდა და მთელმა ჰამბურგმა წაიკითხა.
- ამ წერილმა, თქვენს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა?
- არა, ის უკვე “ინტერისთვის” უარის თქმის შემდეგ წავიკითხე. თუმცა, იმ ფაქტმა, რომ თავად თეოლოგიის პროფესორი შეწუხდა, ჩემში სიამაყის გრძნობა გამოიწვია.
- და მაინც, რეალურად, ამხელა ფულზე უარი რატომ თქვით?
- ერერასთან მესამე და უკანასკნელი შეხვედრის წინა ღამეს, კიდევ ერთხელ გავისეირნე
ოქსენცოლის რაიონში, სადაც “ჰამბურგის” სავარჯიშო მოედნები იყო განთავსებული. მაშინ, იქვე ახლოს, ჩვენი საოჯახო სახლი შენდებოდა. უკან დაბრუნებულმა უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ გერმანიაში ვრჩებოდი. ჰამბურგში რაღაცას წარმოვადგენდი, “ადიდასის” წარმომადგენლის რანგში სტაბილური სამსახური მქონდა. შესაძლოა, მილანში ცხოვრება უფრო მდიდრული, მაგრამ რთული და რისკიანი ყოფილიყო.
- მანამდე, გადასვლა მადრიდის “რეალმა” შეგთავაზათ...
- მთელი რიგი კლუბებისა იყო, რომლებიც ჩემს მიმართ ინტერესს იჩენდნენ – “ნაპოლი”, “ჯენოა” და “რეალი”. თუმცა, ამის შესახებ არც მიფიქრია.
- “რეალთან” მოლაპარაკება როგორ მიმდინარეობდა?
- მოლაპარაკება საერთოდ არ ყოფილა, რადგან მაშინ “რეალი” არ მაინტერესებდა. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: “მომისმინე, დღეში ერთზე მეტ დაბეგვილი ხორცის ნაჭერს მაინც ვერ შეჭამ”.
- ბუნდესლიგის კლუბები თუ გეპატიჟებოდნენ?
- “ვერდერი” ჩემი მეგობრისა და გუნდის მაშინდელი მენეჯერის, ჰანსი ვოლფის სახით შეეცადა წინადადება გაეკეთებინა, მაგრამ ეს, უფრო არასავალდებულო ჟესტი იყო, ვიდრე კონკრეტული წინადადება.
- თქვენი პოპულარობა მხოლოდ სათამაშო კარიერის ბოლოს გამოიყენეთ, როდესაც ტელევიზიით წვერის პარსვის შემდეგ საჭირო ლოსიონის რეკლამა გადიოდა...
- ამის უფლება, დადგენილი წესის მიხედვით, გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან მივიღე. მისი არმიღების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის ღირებულება, შესაძლოა, ერთი მარკა ყოფილიყო, დისკვალიფიკაციას მომცემდნენ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა