ინტერვიუები

12:00 | 2.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: „ვან გაალის ჩანაფიქრის ასრულებას ფეხბურთელები არ შევაფერხებთ“

“ბაიერნის” აღზრდილმა ტონი კროოსმა შარშანდელი სეზონი ლევერკუზენში გაატარა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ბაიერის” ღირსება იმდენად კარგად დაიცვა, რომ იოაჰიმ ლიოვმა კროოსი სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე იახლა, მიუნხენელებმა კი “ფარმაცევტებში” განათხოვრებული ტონი დაიბრუნეს. ამჟამად კროოსი მშობლიურ კლუბთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება, ინტერვიუ კი პოპულარულ გამოცემა “კიკერს” მისცა.  
- ახალ სეზონამდე დარჩენილ დროში უპირატესად რაზე ფიქრობთ – წარმატებულ მუნდიალზე თუ მომავალ ბატალიებზე?
- რასაკვირველია, სამომავლო მატჩებზე. მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი გამოცდილება მივიღე, მაგრამ მუნდიალის დასრულების შემდეგ ჩემ საფეხბურთო ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც მოკლედ “ბაიერნს” დავარქმევდი.
- ისეთი შეგრძნება ხომ არ გაქვთ, რომ კვლავინდებურად ბუნდესმანშაფტში იმყოფებით – მიუნხენელ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ხომ გერმანიის ნაკრების წევრია...
- არა, მხოლოდ კლუბზე ვფიქრობ. “ბაიერნი” ახალი სეზონიდან ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეეცდება.
- პირადული ამოცანა რა გაქვთ?
- ძირითად შემადგენლობაში ფეხის მყარად მოკიდება.
- ლუის ვან გაალი 4-4-1-1 სქემით აპირებს თამაშს. ამგვარ განლაგებაში საკუთარ თავს მინდორზე ხედავთ?
- მიუნხენში გადმოსვლამდე მწვრთნელთან ხანგრძლივი დიალოგი მქონდა. ვან გაალმა არაორაზ¬როვნად მითხრა, რომ მისი ხედვით, ჩემი ადგილი ნახევარდაცვის შუაგულშია. თუმცა, მან მშვენივრად იცის, ლევერკუზენში მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე გასული ჩემპიონატი კარგად რომ ჩავატარე, ამიტომაც განმიცხადა, შესაძლოა, ამ ამპლუაშიც მოგიწიოს ასპარეზობამო.
- მარცხენა ფლანგზე კონ¬კურენტად ფრანკ რიბერი გეყოლებათ, მინდვრის შუაგულში – ტომას მიულერი. ხომ არაა მოსალოდნელი, რომ სათადარიგოთა სკამზე დაჯდომამ მოგიწიოთ?
- დარწმუნებული ვარ, ვან გაალი გამოსავალს მიაგნებს და ძირითადში ვითამაშებ.
- სამხრეთ აფრიკის მუნდიალის მონაწილეებმა წინასასეზონო მზადება დაგვიანებით დაიწყეთ. ეს “ბაი¬ერნს” სირთულეებს ხომ არ შეუქმნის?
- ცხადია, ჯობდა, ვარჯიში ყველას ერთად დაგვეწყო. თუმცა, გუნდის წევრების ინდივიდუალური ოსტატობა იმდენად მაღალია, სეზონის სტარტზევე გუნდის თამაში სრულყოფილს მიუახლოვდება. ყოველ შემთხვევაში, ჰოლანდიელი მწვრთნელის ჩანაფიქრის ასრულებას ფეხბურთელები არ შევაფერხებთ.
- თქვენმა შარშანდელმა გუნდმა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მიხაელ ბალაკი დაიბრუნა. როგორ გგონიათ ლევერ-კუზენელები “ბაიერნს” სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ?
- ალბათ ასეც იქნება – “ბაიერი” ძალიან ძლიერი გუნდია და მთელი სეზონის განმავლობაში მისგან ნერვიულობა არ აგვცდება. მაგრამ ერთიცაა – თუკი “ბაიერნმა” თავისი პოტენციალი სრულად აამოქმედა, წინ ვერავინ დაუდგება და მორიგ საჩემპიონო ტიტულსაც დავიმსახურებთ.
გოჩა კაჭარავა


         





 

0.118505