ფეხბურთი

19:33 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია შეკრებით კმაყოფილია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთან მატჩამდე, ესპანეთსა და შვეიცარიაში გავლილი შეკრება შეაფასა.

“კარგია, რომ თითქმის ორი კვირის განმავლობაში მოგვეცა შესაძლებლობა გუნდი ერთად ყოფილიყო, ევარჯიშა საკმაოდ კარგ პირობებში ესპანეთსა და შვეიცარიაში. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის დანაკლისი იყო. ფეხბურთელები სხვადასხვა მიზეზების გამო გამოგვაკლდნენ, რადგან სეზონი ახალი დამთავრებულია, მაგრამ ეს საფეხბურთო პროცესია. სამწუხარო ისაა, რომ ბევრი ქართველი ფეხბურთელის გუნდი, რომლებიც ევროპაში თამაშობენ, უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ზოგიერთს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს. ასევე, ზოგიერთი ფეხბურთელი ჯერ კიდევ უგუნდოდ არის. ამის მიუხედავად, მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიარეთ, პირველი თამაში მოვიგეთ და იმედი მაქვს დღევანდელ თამაშსაც კარგად ჩავატარებთ. ამ თამაშით მთავრდება ამხანაგური მატჩები. ამის შემდეგ, უკვე ოფიციალური თამაშები გველოდება.

კარგია, რომ ამ პერიოდში ვნახეთ ფეხბურთელები, რომლებიც პირველად იყვნენ ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ამ თამაშზეც გვექნება შესაძლებლობა, რომ გამოვცადოთ ახალი მოთამაშე. როგორც იცით, ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს 18 წლის გიორგი პაპუნაშვილი. ძალიან სამწუხაროა, რომ 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა. მითუმეტეს, რომ ნამდვილად ყველაზე საუკეთესო გუნდი იყო და იმსახურებდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ამ ბიჭებმა უნდა გააგრძელონ წარმატებით თამაში საკლუბო დონეზე, რომ შემდეგ, უკვე ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს გამოადგნენ. კარგია, რომ 19-წლამდელთა ნაკრებში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თავის კლუბებში თამაშობენ. რაც უფრო მეტი ითამაშებს საქართველოს უმაღლეს ლიგაში, მით უფრო უკეთესი იქნება  ამ ფეხბურთელების განვითარებისთვის. ახლა იწყება ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპები. დავაკვირდებით ყველას და ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება, ევრო-2016-ის შესარჩევ ეტაპზე ჩვენთან ერთად იქნება” – იუწყება ქეცბაიას სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მატჩი ჟენევასთან ახლოს, მეირინის STADE DES ARBÈRES- ზე დღეს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს Abu Dhabi Sport TV უზრუნველყოფს.

0.123501