თურქეთიდან თბილისში დაბრუნებულმა თემურ მახარაძემ, ჟურნალისტებისგან გაიგო მისი რუსთავის “ოლიმპიდან” დათხოვის შესახებ. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში მედიასთან შეხვედრის შემდეგ, ანკარაში მყოფ ქართველ მწვრთნელთაგან, “მსოფლიო სპორტმა” სწორედ მახარაძე გამოარჩია და მისი ქვემოქართლური გუნდიდან გათავისუფლების თაობაზე დაეკითხა.
- ბატონო თემურ, შეგიძლიათ უკვე დაგვიდასატუროთ, რომ გუნდიდან გაგიშვეს?
- გამიშვეს, გამიშვეს!
- ელოდით ასეთ გადაწყვეტილებას, მით უფრო, კონტრაქტით ასე ერთი ხელის მოსმით თქვენი გათავისუფლების უფლება არ ჰქონდათ.
- კონტრაქტში ასე მიწერია - თუ მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს, “ოლიმპი” სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილის ქვემოთ იქნებოდა, კლუბს შეეძლო ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გავეთავისულებინე. როგორც იცით, ჯერ ოქტომბერია, გუნდი კიდევ მე-3 ადგილზეა...
- ამდენად, ახლა თქვენი პოსტიდან დათხოვა უკანონოა.
- მოდი, ასე ვთქვათ - გაუგებარია.
- გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში დამარცხების შემდეგ დასასვენებლად დრო 2 მატჩით ითხოვეთ. თუმცა ერთი შეხვედრის შემდეგ მაინც დაბრუნდით და “ოლიმპი” “სიონთან” თქვენ გაიყვანეთ.
- არც დავღლილვარ და არც არაფერი. მინდა ვიმუშავო, მაგრამ როგორც ეტყობა - იმათ არ უნდათ, ჩემი “ოლიმპში” მუშაობა. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით, მივალ კლუბში, გავიგებ ყველაფერს დაწვრილებით და მერე ვისაუბროთ.
ფრიდონ კერვალიშვილი