ჭიდაობა

19:59 | 9.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმაც ვერცხლ-ბრინჯაოები იკმარეს

ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ისე დასრულდა, საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების ვერც ერთმა წევრმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ვერ შეძლო. დღეს ტაილანდის ქალაქ პატაიაში მედლების ბოლო ოთხი კომპლექტი გათამაშდა. მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე თავისუფალი სტილის მიმდევრებმა გამოავლინეს. ოთხი ქართველი მოჭიდავიდან სამეულს მიღმა მხოლოდ ლევან გოგრიჭიანი (84 კგ) დარჩა, რომელიც ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა, აზერბაიჯანელ მაგანედგაჯი ხატივერთან წაგებით (0:2, 1:2).
ლაშა ტალახაძესა (55 კგ) და კონსტანტინე ხაბალაშვილს (66 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო მოგებაღა დააკლდათ. ტალახაძემ ფინალამდე ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. ამერიკელ ჯო დანსთან (5:1, 1:0), ესტონელ ალექსეი ბასკაკოვთან (6:2, 7:0) და სომეხ არტაკ ჰოვანისიანთან (4:1, 4:3) ორ-ორ პერიოდში მოამთავრა საქმე. ნახევარფინალში, იაპონელ ფუმიტაკა მორიშიტასთან გაცილებით დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა (5:3, 4:7, 5:3). გადამწყვეტ შეხვედრაში კი მონღოლ ბეხბაიარ ერდენბატთან დამარცხდა.
კონსტანტინე ხაბალაშვილმა ოქროს მედალი რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ კურბანალიევთან დაკარგა. პირველი პერიოდი ფრედ 1:1 დასრულდა, რაც ხელს კურბანალიევს აძლევდა. მეორეში ქართველმა მეტოქეს 2:0 აჯობა, მესამეში კი 0:1 წააგო და ვერცხლს დასჯერდა. ამ შეხვედრამდე ხაბალაშვილი პერიოდდაუკარგავად მივიდა – ავსტრიელ გეორგ მარჩლს (5:0, 9:0), ყირგიზ ულუკმან მამატოვსა (1:0, 2:0) და სომეხ დავიდ აპოიანს (3:2, 7:0) სძლია.
გენო პეტრიაშვილი ჩემპიონატში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო. მონღოლი ოუნბოლდ ენხტუგსი (6:3, 6:0) და ეგვიპტელი კამალ გუდა დიაელდინი (2:0, 6:0) უპრობლემოდ ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედგაჯი ნურასულოვთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა (4:4, 2:3) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც კანადელ სანი დინსას მოუგო (3:2, 3:0).
ნუგზარ სხირელის გუნდმა ტაილანდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ ოთხი მედალი მოიპოვა. ტალახაძის, ხაბალაშვილისა და პეტრიაშვილის გარდა, კვარცხლბეკზე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჯუმბერ ყველაშვილი ავიდა.

თავისუფალი ჭიდაობა
ახალგაზრდები
მსოფლიოს ჩემპიონატი
პატაია. ტაილანდი
8-9 სექტემბერი

50 კგ

1 მაგომედ მაგომედალიევი (რუსეთი)
2 რუსლან სურხაიევი (აზერბაიჯანი)
3 პარდეპ პარდეპი (ინდოეთი)
3 ალირეზა გორბან ჰატამი (ირანი)

55 კგ
1 ბეხბაიარ ერდენაბატი (მონღოლეთი)
2 ლაშა ტალახაძე (საქართველო)
3 ფუმიტაკა მორიშიტა (იაპონია)
3 მანუელ ფიოლერი (გერმანია)

60 კგ
1 ბეჰნამ ესაგ ესანპუური (ირანი)
2 ზაირბეგ მუზაროვი (რუსეთი)
3 მეირზან აშიროვი (ყაზახეთი)
3 ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი)

66 კგ
1 მაგომედ კურბანალიევი (რუსეთი)
2 კონსტანტინე ხაბალაშვილი (საქართველო)
3 მუსტაფა კაია (თურქეთი)
3 დავით აპოიანი (სომხეთი)

74 კგ
1 ზაურ მაკიევი (რუსეთი)
2 აჰმედ დუდაროვი (გერმანია)
3 ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო)
3 ნიამბაიარ ბაატარი (მონღოლეთი)

84 კგ
1 მოჰამადჯავად ებრაჰიმიზივლაეი (ირანი)
2 პატ დოუნი (აშშ)
3 ევგენი ერემეევი (მოლდოვა)
3 შამილ კუდიმაგომედოვი (რუსეთი)

96 კგ
1 მერჰან მირზაეიშაფე (ირანი)
2 გაჯი შარიპოვი (აზერბაიჯანი)
3 ალი ბოკეოღლუ (თურქეთი)
3 იერმუკამბეტ ინკარი (ყაზახეთი)

120 კგ
1 მაგომედგაჯი ნურასულოვი (რუსეთი)
2 მურადინ კუშხოვი (უკრაინა)
3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
3 ალი მაგომედაბიროვი (აზერბაიჯანი)

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.114316