21-23 სექტემბერს ბაქოში ჩატარებულ ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა კი ტურნირი უმედლოდ ჩაამთავრეს.
ოქროს მედლებსა და 10-10 ათას დოლარს ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) დაეუფლნენ. ოდიკაძემ საჩემპიონო გზაზე აზერბაიჯანელი ილჰამ აბიდოვი და რუსეთის ნაკრების წევრები: შამილ ახმედოვი და არსლანბეკ ალიევი ჩამოიცილა. საკანდელიძემ – აზერბაიჯანელები: ასლან ძებისოვი და ალი ისაევი და რუსი ალექსანდრ ბაზროვი. ამავე საჭიდაო სტილში, იაკობ მაქარაშვილს (74 კგ) მედლამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
გიორგი ედიშერაშვილი და ტრისტან ჩირგაძე (ორივე 55 კგ) საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ, ისევე როგორც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ნიკა ცეცხლაძე (55 კგ), მარად აბულაძე (66 კგ), ილია გულბათაშვილი (74 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ), ირაკლი ქაჯაია (96 კგ) და სერგო გოგისვანიძე (120 კგ). ამათგან ბრძოლის რეპეშაჟში გაგრძელბის შანსი მხოლოდ ცეცხლაძეს მიეცა, თუმც იქაც ხელი მოეცარა და ტურნირი მე-7 ადგილით დაასრულა.
წლევანდელი "ოქროს დიდი პრიზი" წინა წლებისაზე გაცილებით სუსტი გამოდგა, რაც მნიშვნელოვანწილად ოლიმპიური თამაშების ბრალია. ლონდონში ნაჭიდავებ ცნობილ სპორტსმენთა უმრავლესობამ აზერბაიჯანულ ხალიჩაზე გასვლას დასვენება არჩია.
ოთარ მაღლაკელიძე