ინტერვიუები

11:10 | 14.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

"ტაქსის მძღოლი" პაოლო მალდინი: "მეგონა, ფეხბურთის გარეშე ძალიან მოვიწყენდი"

“მილანისა” და იტალიის ნაკრების ცოცხალი ლეგენდა დღეს ფეხბურთით აღარაა დაკავებული. პაოლო მალდინი – კაცი, რომელმაც იმდენი ტიტული მოიგო, რომ მისი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ან რა წარდგენა უნდა მალდინის...
“ტაქსის მძღოლს” (როგორც მალდინი საკუთარ თავს უწოდებს) იტალიური Corriere della Sera-ს ჟურნალისტი, ალბერტო კოსტა ესაუბრა:
- 902 მატჩი “მილანში” და 126 ნაკრებში... როგორია “პენსიონერ მალდინის” ცხოვრება?
- მშვენიერი. ვტკბები იმით, რაც 25 წლის განმავლობაში მიკეთებია. მიხარია ცხოვრება, ოჯახთან ერთად ყოფნა, დასვენება. სპორტის სხვა სახეობებითაც ვერთობი – კრივით, ჩოგბურთით. არადა, მეგონა, ფეხბურთის გარეშე ძალიან მოვიწყენდი.
- მალე ორი წელი გავა, რაც ბუცები კედელზე ჩამოკიდეთ. რატომ არ დარჩით “მილანში” სამუშაოდ?
- ზოგი რჩება და კლუბში მუშაობს. ეს ბევრ ნიუანსზეა დამოკიდებული. მე კარიერა ისე დავასრულე, რომ არაფერს ველოდებოდი. ცხოვრებაში ბევრი ილუზია არ უნდა გქონდეს. როცა “მილანში” დაბრუნებისთვის საჭირო პირობები მექნება, დავბრუნდები. ბევრ დიდ ფეხბურთელს დაუსრულებია კარიერა, მაგრამ კლუბში ყველა არ დარჩენილა. “მილანში” არ ვარ, რადგან ჯერ ერთი, ცოტა თავისუფალი დრო მექნებოდა და მეორეც, “მილანიდან” 100-პროცენტიანი შემოთავაზება არ მქონია. მინდა, ის ვაკეთო, რაც მომწონს.
- და რისი გაკეთება მოგწონთ?
- შემიძლია ვთქვა, რა არ მომწონს. მაგალითად, მწვრთნელობის არავითარი სურვილი არ მაქვს და მგონი, აზრი არც არასოდეს შემეცვლება.
- ბარბარა ბერლუსკონის “მილანში” მისვლა, სცენარს შეცვლის?
- მნიშვნელოვანი მომენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბერლუსკონის ოჯახი “მილანს” მხარში უდგას.
- “ინტერთან” არ გქონიათ კონტაქტი? მითუმეტეს ახლა, როცა მასიმო მორატის იქ “როსონერიში” ნამუშევარი ადამიანები გადაჰყავს.
- არა. ერთხელ შემთხვევით ნიუ-იორკში და ერთხელაც ფორტედეიმარმის პლაჟზე აღმოვჩნდით ერთად. ვილაპარაკეთ ფეხბურთზე, ფეხბურთელებზე... მორატიმ იცის, რომ ჩემი “ინტერში” გადასვლა შეუძლებელია. რატომ? ჩემი ისტორია ლეონარდოსგან განსხვავებულია.
- ლეონარდოს “ინტერში” გადასვლა, არ გაგიკვირდათ?
- არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მორატი მას დიდ პატივს სცემდა. შარშან, ლეონარდოს შემთხვევით შევხვდი და გამომიტყდა, რომ “მილანში” გატარებული სეზონით დიდი სამწვრთნელო გამოცდილება მიიღო და ისიც მითხრა, რომ უმუშევრად დარჩენილმა, 6 თვის განმავლობაში ბევრი ისწავლა. ისიც მკითხა, თუ რას ვფიქრობდი მისი “ინტერში” გადასვლის პერსპექტივაზე.
- რა უპასუხეთ?
- ვუთხარი, თუ შენ მოგწონს, მაშინ მშვენიერია-მეთქი. პირიქით რომ მეთქვა, აბსურდი გამომივიდოდა. თუმცა, იმ პერიოდში ლეონარდოს “ინტერში” გადასვლა არც განიხილებოდა.
- ლეონარდომ პრეზენტაციაზე ისეთი რამ თქვა, რამაც “მილანის” ტიფოზები გააბრაზა: “სამუშაოს კი არა, ოცნებას ვეძებდი”.
- სიტყვების სხვაგვარად, ანუ არასწორად გაგების ტენდენციასთან გვაქვს საქმე. იმ გუნდის თავკაცი ხდები, რომელმაც გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო. ამასთან, ეს იმ ქალაქის გუნდია, სადაც ცხოვრება დიდი ხნის წინ გადაწყვიტე – სწორედაც რომ ოცნებაა!
- “მილანი”-”უდინეზეს” მატჩისას, “როსონერის” ტიფოზებს მწვავე რეაგირება ჰქონდათ ლეონარდოს არჩევანზე.
- იტალიაში სპორტული პრინციპი არცთუ პირველ როლებზეა. რატომ არ ვიხსენებთ, რომ ლეონარდომ “მილანში” ფეხბურთელის კარიერა, კლუბის მფლობელთან ცუდი ურთიერთობის გამო დაასრულა? მე ასე მეჩვენებოდა და იქნებ ვცდები?
- როგორც იქნა, “მილანს” სკუდეტოს მოგების კარგი შანსი აქვს. რა შეიცვალა წინა სეზონის შემდეგ? მხოლოდ იბრაჰიმოვიჩის ფაქტორი?
- იბრაჰიმოვიჩმა “მილანში”, უწინარესად, სიმძლავრე მოიტანა, რაც გუნდს ნამდვილად აკლდა. მოვიდნენ რობინიო და ბოატენგიც. ამასთან, მასიმილიანო ალეგრის სახით კარგი მწვრთნელი დაინიშნა. ის თავდაჯერებული და გაბედულია. იცის, რასაც აკეთებს. ალეგრი ერთ სქემაზე “ჩაციკლული” სპეციალისტი არაა, ხშირად ცვლის. ვისაც მხოლოდ ერთი იდეა-ფიქსი აქვს, ვერაფერს ვერ მოიგებს. მითუმეტს, ჩემპიონატს.
- რას ფიქრობთ რონალდინიოს დაღმასვლაზე?
- ძალიან საწყენია. შარშან, რონალდინიო ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში, ერთი ეგ არის, სტაბილურობა აკლდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ალეგრის, მოთმინების ნაკლები უნარი აღმოაჩნდა, ვიდრე ლეონარდოს. საწყენი კიდევ იმიტომაა, რომ გასახდელში რონალდინიოს სიტყვას წონა ჰქონდა.
- მას შემდეგ, რაც ანტონიო კასანო “სამპდორიაში” ცუდად მოიქცა, უცებ საჩემპიონოდ მებრძოლ კლუბში, “მილანში” აღმოჩნდა. ორიგინალური სასჯელია...
- “მილანმა” სეზონში ოთხი ფეხბურთელი იყიდა და ოთხივე ბრწყინვალე. ყოველთვის არის იმედი, რომ კასანო შეიცვლება. ალბათ, “მილანში” არსებული ატმოსფეროც მასზე დადებითად იმოქმედებს.
- ასეთი განსაკუთრებული ატმოსფეროა “მილანში”?
- რა თქმა უნდა. ასე იქნება, სანამ იტალიელები “წაიყვანენ” სიტუაციას. ძნელია, ამ როლის დაკისრება უცხოელს მოსთხოვო - თუნდაც დიდას, კაფუსა და რედონდოს დონის ფეხბურთელებს.
- უკან დავბრუნდეთ. თქვენთვის “ინტერი” ყველაზე საშიში კონკურენტია სკუდეტოსთვის ბრძოლაში. ამას რით ახსნით?
- “ინტერის” ტრიუმფიდან არცთუ დიდი დრო გავიდა. და კიდევ, მოქმედ ჩემპიონს ყოველთვის აქვს სიამაყე და მოგების წყურვილი. ჩემპიონი ყველა¬ფერში ჩემპიონია, “ინტერში” კი, ასეთი ღირსეული ჩემპიონი ფეხბურთელები მრავლად არიან. ისე კი, სკუდეტოს ბედი “მილანის” ხელშია.
- “რომა” და “ლაციო”?
- “ლაციო” მშვენიერი გუნდია და ისედაც მაქსიმუმს აჩვენებს. “რომა” კი, ხან აღმართზეა, ხან დაღმართზე.
- “იუვენტუსს” არ თვლით?
- ცოტა არ იყოს, თამაშის ხარისხი აკლია. და კიდევ, “იუვეს” ბევრი ტრავ-მირებული ჰყავს.
- ამ სეზონში ბომბარდირებს კარგად წაუვიდათ საქმე. მათგან ვინ მოგწონთ ყველაზე მეტად?
- ანტონიო დი ნატალე. უმაღლესი კლასისაა, სასწაული გოლები გააქვს. სამწუხაროა, რომ დი ნატალე გრანდში არასოდეს გვინახავს.
- თავად არ უნდა კლუბის შეცვლა.
- ასეა. ხდება ხოლმე. ნახულობენ თავიანთ ადგილს პროვინციაში და ამა-ზე ჩერდებიან. საწყენია.
- კავანი “ნაპოლიში” ისეა, როგორც მარადონა...
- დიახ. მის წინააღმდეგ მითამაშია, როცა “პალერმოში” იყო. ორი გოლი გაგვიტანა, ყველა მხრიდან მასწრებდა და ვკითხულობდი – ვინ არის ეს ბიჭი? სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ კლასი და გოლეადორის თვისებები ნაკლებად ჰქონდა.
- როგორ ფიქრობთ, ვინაა ფეხბურთელი-სიურპრიზი სეზონის პირველ ნახევარში?
- ჩემი აზრით, “უდინეზეს” სანჩესი. ის საკმაოდ გაიზარდა. რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხზე ვლაპარაკობ და არა სიმაღლეზე. გაუმართლა, რომ მისი გუნდი უპირატესობას ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ანიჭებს.
- პაოლო, როდესაც კიდევ ერთხელ შევხვდებით ინტერვიუსთვის, სად და რა თანამდებობაზე იქნებით?
- გააჩნია, როდის შევხვდებით.
- მაგალითად, რამდენიმე თვის შემდეგ.
- შესაძლოა, ისეთივე ტაქსის მძღოლი ვიყო, როგორც ახლა – სანამ შვილს საფეხბურთო სკოლაში ვატარებ.

 

მოამზადა ილია ნანობაშვილმა


 

0.120334