“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ინტერვიუ მისცა Daily Mail-ს და წმინდა საფეხბურთო საკითხების გარდა, პოპულარული გამოცემის ჟურნალისტმა, ენფილდელთა მერვე ნომერთან გულშემატკივართათვის საინტერესო სხვადასხვა თემის გარკვევაც სცადა.
- თქვენი საყვარელი ფეხბურთელი რომელია?
- ჯონ ბარნსი. როდესაც საფეხბურთო მატჩების ცქერა დავიწყე და “ლივერპულის” გულშემატკივარი გავხდი, სწორედ იმ პერიოდში ბარნსი ჩემთვის გუნდის ყველაზე მიმზიდველი მოთამაშე იყო. ჯონი ტექნიკური ასპარეზობით და სიმშვიდით გამოირჩეოდა. პატარაობისას ერთხელ მას პირადად შევხვდი და ის დღე ჩემთვის უბედნიერესად დარჩა. ძალიან მომწონდა სტივ მაკმანამანის თამაშიც, როცა ის “ლივერპულის” ღირსებას იცავდა. იგი მინდვრის ცენტრალურ ნაწილში სასწაულებს ახდენდა და გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო.
- ფეხბურთელი რომ არ გამოსულიყავით, რომელ პროფესიას აირჩევდით?
- ძნელი სათქმელია. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მწვანე მინდვისკენ მიწევდა გული. რაიმე მიზეზით ფეხბურთელი რომ ვერ გამოვსულიყავი, მამის პროფესიას გავყვებოდი და ინჟინერ-მშენებელი გავხდებოდი.
- სპორტული კარიერის საკვანძო მომენტად რომელი შეხვედრა მიგაჩნიათ?
- ასეთი რამდენიმე მატჩი იყო, განსაკუთრებული კი მაინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მილანის” დამარცხებაა. იმხანად 24 წლისა გახლდით და უკვე “ლივერპულის” კაპიტნის სამკლავურს ვატარებდი. 2001 წლის მაისში, ესპანურ “ალავესს” უეფას თასის ფინალში 5:4 მოვუგეთ და კარგახნიანი პაუზის შემდეგ, ”ლივერპული” ევროთასის მფლობელი გახდა. ასევე არასდროს დამავიწყდება “როსონერის” წინააღმდეგ ჩატარებული კიდევ ერთი საჩემპიონთალიგო ფინალი. ოღონდ, რასაკვირველია, მისი დასრულების შემდეგ საპირისპირო ხასიათზე გახლდით.
- ყველაზე ცუდად მოსაგონრად მხოლოდ “მილანთან” მეორე საჩემპიონთალიგო ფინალური დაპირისპირება დაგრჩათ?
- დიახ. ასევე უნდა გამოვყო კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება. 2005 წლის ინგლისის ლიგის თასის ფინალში, “ჩელსის” წინააღმდეგ თამაშისას ავტოგოლი მივითვალე. ის მომენტი დღემდე კოშმარად მახსენდება და არ მგონია, როდესმე დამავიწყდეს.
- რატომ ასპარეზობთ მერვე ნომრით?
- მომწონს ეს ციფრი. ფეხბურთის თამაში 8 წლისამ დავიწყე, 1980-ში დავიბადე, 1998 წელს კი პირველად ვითამაშე “ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში. “რვიანი” ჩემი ნომერია.
- წარსულის გოლკიპერთაგან რომელი მათგანის კარში გატანილი გოლი გაგახარებდათ ყველაზე მეტად?
- გორდონ ბენქსის. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფენომენალური რეაქციისა და ალღოს მეკარე გახლდათ. თანმედროვე ფეხბურთში ბევრი მაღალი კლასის კიპერია, მაგრამ ბენქსს ვერავინ შეედრება. იქნებ ამიტომაცაა, ოფიციალურ მატჩებში ას გოლზე მეტი რომ გავიტანე. ნახევარმცველისთვის ურიგო შედეგი არაა...
- ერთი წუთით წარმოიდგინეთ, თქვენ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი რომ წაეკიდოს, პირველ რიგში რომელ ნივთს გამოიტანდით?
- ცხადია, პირველ რიგში დავრწმუნდებოდი, ჩემი მეუღლე ალექსი, შვილები ლილი-ელა და ლექსი სამშვიდობოს რომ არიან, შემდეგ კი ალმოდებულ სახლში შევვარდებოდი და იქიდან ჩემ ყველა მაისურს, “ლივერპულის”, ინგლისის ნაკრების, აგრეთვე, მოწინააღმდეგეთა ნაჩუქარს გამოვიტანდი.
- გაგვანდეთ ყველაზე ღირებული დარიგება, რომელიც ოდესმე მოგისმენიათ...
- ფეხბურთს ბოლომდე, თავდაუზოგავად ემსახურე და ამგვარი მიდგომა აუცილებლად დაგიფასდება. ეს რჩევა მამამ მომცა და ყოველთვის ამ შეგონების ერთგული გახლდით.
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?
- სამწუხაროდ, კითხვისთვის ბევრი დრო არ მრჩება. თუმცა, მაინც ვცდილობ, ძილის წინ ერთი საათი მაინც წიგნს დავუთმო. რამდენიმე დღის წინ ნილ უორნოკის ავტობიოგრაფიული ნაშრომის კითხვა დავასრულე. საინტერესო და ჭკუის სასწავლი წიგნია.
- თქვენი საყვარელი კერძი რომელია?
- ძალიან მიყვარს შემწვარი ორაგული. ყოველდღე შემიძლია მაკარონის მირთმევაც.
- თავად თუ გეხერხებათ საჭმლის მომზადება?
- ოო, ამ მხრივ ბედმა გამიღიმა. ჩემი მეუღლე ალექსი ბრწყინვალე კულინარია და მის მიერ მომზადებულ კერძებს დიდი სიამოვნებით მივირთმევ. მისგან ერთი კერძის დამზადებაც ვისწავლე. მაკარონის შეზავება თხის ყველით, წიწაკითა და თხილით კარგად გამომდის, ამიტომაც თუ ღამე მომშივდა, ცოლის გაღვიძების აუცილებლობა არაა – წინსაფარს გავიკეთებ და ხსენებულ კერძს თავად მოვიმზადებ.
- დასასვენებლად ყველაზე მეტად რომელი ადგილი მოგწონთ?
- პორტუგალია. გოლფის თამაშის მოყვარული ვარ, იქ კი საამისოდ უამრავი მინდორია. მიმზიდველი ადგილია დუბაიც. მისი მაცხოვრებლები გულღია და სტუმართმოყვარე ადამიანები არიან, ამინდი კი მუდამ მზიანია.
- სტივენ ჯერარდზე მხატვრულ ფილმს რომ იღებდეთ, რომელ მსახიობს შესთავაზებდით მთავარ როლს?
- დენიელ კრეიგს. იგი არა მარტო “ლივერპულის” თავგადაკლული გულშემატკივარია, ჩემი საყვარელი მსახიობიცაა.
გოჩა კაჭარავა