ინტერვიუები

10:31 | 6.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

სტივენ ჯერარდი: “ეს ნამდვილი “ლივერპულია”

“ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი კვირიდან კვირამდე თამაშის ხარისხს გააუმჯობესებს და სულ მალე ისეთ “ლივერპულად” იქცევა, როგორიც გულშემატკივარს ახსოვს. ამის იმედს, მას ევროპის ლიგაზე იტალიური “ნაპოლის” 3:1 დამარცხება აძლევს. ამ შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგ იტალიელები მინიმალური სხვაობით იგებდნენ, ჯერარდი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ჰეთ თრიკი შეასრულა და ინგლისელებს გამარჯვება მოუტანა.
- იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იყავით, როი ჰოჯსონმა “ჩელსისთან” კვირას გასამართი მატჩისთვის შემოგინახათ?
- დიახ, ამ თამაშის წინ მწვრთნელმა მითხრა, რომ დასვენების საშუალებას მომცემდა, მაგრამ შესვენებისას, როდესაც ვაგებდით, მან მკითხა, მზად ვიყავი თუ არა ბიჭების დასახმარებლად. ბუნებრივია, ჩემგან თანხმობა მიიღო.
- გჯერათ, რომ გუნდი ასეთ შედეგს თქვენს გარეშეც მიაღწევდა?
- ისინი ჩემს გარეშეც მშვენივრად გამოიყურებოდნენ. ჯეი სპირინგი ჯონჯო შელვი ახალგაზრდა ბიჭები არიან და გამოცდილება აკლიათ, თუმცა, სერიოზული მეტოქეების წინააღმდეგ ღირსეულად გამოიყურებოდნენ. ახლა ისინი უფრო გამოცდილები არიან, რისთვისაც მწვრთნელს მადლობა უნდა ვუთხრათ. მომავალში მათი თამაშის ხარისხი კიდევ უფრო მაღალი იქნება.
- შესვენების შემდეგ სამი გოლის გატანა და მძიმე გამარჯვების მოპოვება, ეს “ლივერპულის” სტილია...
- გამარჯვებისკენ სწრაფვა არ გვაკლდა და უდიდესი სურვილი მიზნის მიღწევაში დაგვეხმარა. სწორედ ესაა ნამდვილი “ლივერპული”.
- უკვე ზედიზეც მეოთხე თამაშია არ წაგიგიათ, მაგრამ დამეთანხმებით, იდეალური “ლივერპულისგან” ჯერ კიდევ შორს ხართ.
- დაგეთანხმებით, მაგრამ როდესაც გუნდი ასეთ ხასიათის სიმტკიცეს აჩვენებს, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ის პროგრესს განიცდის. ეჭვიც არ მეპარება, რომ კვირიდან კვირამდე კიდევ უფრო გავძლიერდებით.
- მზად ხართ, ეს “ჩელსისთან” დაამტკიცოთ?
- ფანტასტიკური შეხვედრა გველის. მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ და უმაღლესი ადგილებისათვის ბრძოლა განვაგრძოთ.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა  

 

0.120579