ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) მწვრთნელთა დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის სტეფან კაზარიანის განცხადებით, საჭიდაო წესები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მასში ცვლილებები აუცილებლად მოხდება.
“ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში სულ 147 შეხვედრა ჩატარდა. აქედან 29-ში სამი პერიოდი ისე გაილია, უშუალოდ ჭიდაობისას არც ერთ სპორტსმენს ქულა არ მოუპოვებია. გამოდის, საერთო შეხვედრების 20 პროცენტი აბსოლუტურად უინტერესო გამოდგა. სამწუხაროდ ვერც იმას ვიტყვი, რომ დანარჩენი ბრძოლები კარგი სანახავი იყო. ასევე მოსაწყენად წარიმართა ბერძენ-რომაელთა ტურნირიც. მოჭიდავეებს მთელი ყურადღება იმაზე ჰქონდათ გამახვილებული, როგორმე მეტოქე ხალიჩის გარეთ გაეყვანათ და ამით ქულა მიეღოთ. ასეთი რამ ძველი, გაცილებით სანახაობრივი ჭიდაობისას რომ ვინმეს გაეკეთებინა, მსაჯისგან გაფრთხილებას მიიღებდა. ახლა კი... მოიგებ, თუკი მეტოქეს მძლავრი ბიძგებით დაჩაგრავ. ეს ერთადერთი ნაკლი როდია. წესები კარგადაა გადასახედი. წინააღმდეგ შემთხვევაში მაყურებელს დავკარგავთ. ანალოგიურად ფიქრობს ფილას პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტიც. ცვლილებები მოსალოდნელია და იმედია, მდგომარეობასაც გამოვასწორებთ”, – აღნიშნა კაზარიანმა.
ოთარ მაღლაკელიძე