ინტერვიუები

16:04 | 27.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

სპიდი მომავალს იმედიანად ხვდება

უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, გარი სპიდი დიდი სამწვრთნელო გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის. მას გუნდის მართვის ექვსთვიანი გამოცდილებაც კი არ აქვს. 41 წლის უელსელისთვის, რომელსაც საკუთარი ქვეყნის უპირველესი 85 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მხრივ, მხოლოდ მეკარე ნევილ საუთჰოლს ჩამორჩება, ინგლისის “შეფილდ იუნაიტედი” პირველი გუნდი იყო, რომლის გაწვრთნაც მიანდეს. ეს მიმდინარე სეზონის დასაწყისში მოხდა, როდესაც დაკავებული თანამდებობიდან სამი თამაშის წაგების შემდეგ, კევინ ბლეკველი გაათავისუფლეს. “შეფილდი” ინგლისის ჩემპიონლიგაში გამოდის და დღეისათვის, 24-გუნდა ცხრილში 21-ე ადგილი უჭირავს, რაც სპიდის წარუმატებელ სამწვრთნელო დებიუტზე მეტყველებს.
მიუხედავად ამისა, უელსის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელები რისკს არ მოერიდნენ და სპიდი ჯონ ტოშაკის წასვლის შემდეგ, ვაკანტურად დარჩენილ ადგილზე გასული წლის 14 დეკემბერს დაამტკიცეს. მწვრთნელის გათავისუფლების სანაცვლოდ, “შეფილდმა” კომპენსაცია მიიღი, ლეგენდარულ გარის კი, ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე დებიუტი მიმდინარე წლის 8 თებერვალს ექნება. “ერთა თასის” ეგიდით, უელსელები ირლანდიის ნაკრებს შეხვდებიან. მათ გარდა, ტურნირში შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებიც იღებენ მონაწილეობას.
2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სპიდს ურთულესი ამოცანების გადაჭრა მოუწევს, მაგრამ ახლადგამომცხვარი სპეციალისტი ფიფას ოფიციალურ საიტთან საუბარში იმედიანადაა და საკუთარ შეგირდებზე დიდ იმედებს ამყარებს.
- როგორ მიიღეთ უელსის ნაკრების გაწვრთნის შეთავაზება?
- ძალიან აღელვებული ვიყავი. “შეფილდ იუნაიტედს” ვწვრთნიდი და იქ მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავდი, მაგრამ როგორც კი ზარი გაისმა, ასეთ შეთავაზებაზე უარის თქმა წარმოუდგენლად მეჩვენა. ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა და მეც მას ორივე ხელით ჩავეჭიდე. ვეცდები წარმატების მისაღწევად მაქსიმუმი გავაკეთო.
- ძნელი იყო “შეფილდ იუნაიტედის” დატოვება, მით უმეტეს, რომ ეს სამუშაო ახალი მიღებული გქონდათ?
- ძალიან მსურდა გუნდში დარჩენა და მასთან ერთად წარმატების მიღწევა, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, რადგან მხარეები კომპენსაციის გადახდაზე შეთანხმდნენ, მე ამ შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი.
- როგორ ხვდებით პირველ საერთაშორისო გამოწვევას?
- ძალიან კარგად. პირველი თამაშის მზადებისთვის, ოფისში დიდი დრო გავატარე და ჩემი თანაშემწეებისგან ინფორმაციას ვიღებდი. ირლანდიასთან მატჩის წინ ყველაფერი რიგზეა. მუშაობის ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი საფეხბურთო მატჩებზე დასწრებაა. ძალიან ბევრი თამაში ვნახე და ფეხბურთელები საქმეში შევამოწმე. ამ ყველაფრით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.
- როგორ შეაფასებთ უელსის ამჟამინდელ სათამაშო ხარისხს და პოტენციალს?
- ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები გვყავს. “ერთა თასისთვის” 23-24 ფეხბურთელი უნდა შევარჩიო და ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, რადგანაც გუნდის სათამაშო დონეს 29-30 მოთამაშე მაინც აკმაყოფილებს. გარკვეული კუთხით, ეს ძალიან კარგია, რადგანაც კონკურენცია ყველასათვის სასარგებლოა.
- გუნდის კაპიტნის, კრეიგ ბელამის წასვლა თქვენთვის დიდი პრობლემაა?
- ბელამი გარკვეული პერიოდი ვერ ითამაშებდა და მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კაპიტნის სამკლავური გაათავისუფლა. კრეიგმა ყველაზე კარგად იცის თავისი სხეულის და გონებისა. რაც შეეხება ახალ კაპიტანს, აჩქარებას არ ვაპირებთ. დავაკვირდებით ბიჭებს, თავს ვინ როგორ გამოავლენს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ.
- გუნდში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც კაპიტნის სამკლავურს იმსახურებს. გარეტ ბეილი, აარონ რემსი, ჯო ლედლი, უეინ ჰენესი... ვისზე შეაჩერებთ არჩევანს?
- ვფიქრობ, გუნდს ისეთი ასაკი აქვს, რომ ერთად მთელი 10 წელი მოუწევთ თამაში და ამიტომ, არჩევანი ისეთ ფეხბურთელზე უნდა შევაჩეროთ, ვისაც ყველაზე ხშირად მოუწევს მოედანზე გასვლა. კაპიტანს უნდა შეეძლოს საბრძოლო განწყობის შექმნა და მოთამაშეთა აყოლიება. ვფიქრობ, ამ კუთხით, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ინგლისის ნაკრებთან თამაში.
- ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ინგლისთან გასამართი მატჩი?
- ვფიქრობ, აქამდე ყველა შეხვედრა რომ მოგვეგო, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გარანტირებული მაინც არ გვექნებოდა და ახლა აუცილებელია, რომ თამაშის სადავეები საკუთარ ხელში ავიღოთ, სიტუაცია კონტროლს დავუქვემდებაროთ. ინგლისთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მას ყველა მოუთმენლად ელის. განვლილი სამივე თამაში წაგებული გვაქვს და ზეწოლას მეტოქე უფრო განიცდის, ვიდრე ჩვენ. ამასთან, თუ ინგლისის დამარცხება მოვახერხეთ, ეს ჩვენი გუნდის საბრძოლო სულისკვეთებას მნიშვნელოვნად აამაღლებს.
- თქვენ პირველი ოთხი თამაში მეზობლებთან გელით (“ერთა თასზე” ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისთან-რედ). როგორ ფიქრობთ, ეს კარგია თუ ცუდი?
- ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. პირველი თამაშებისთვის გუნდის მოსამზადებლად დიდი დრო არ მექნება და ამ შემთხვევაში, უკეთესია მსგავსი სტილის გუნდებთან თამაში. ამ პერიოდს მომავალი თამაშებისთვისაც გამოვიყენებთ. მომავალი ოთხი თამაშის განმავლობაში, ჩვენ ერთმანეთს გავიცნობთ და ოფიციალურ მატჩებს უკეთ მომზადებულნი შევხვდებით.
- რას ელით ირლანდიასთან გასამართი მატჩისგან?
- განვლილი კვირების განმავლობაში, უდიდესი სამუშაო გავწიე და ახლა ბიჭების ერთად შეკრებას მოუთმენლად ველი. იმედი მაქვს, კარგი სანახაობა იქნება.
- რას იტყვით “ერთა თასზე”. ეს ტურნირი მისი მონაწილე ყველა გუნდისათვის სასარგებლოა?
- რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, მსგავსი ტურნირი ჩვეულებრივ ამხანაგურ შეხვედრებზე ბევრად უკეთესია. ვეთამაშებით ძალიან კარგ გუნდებს, ვიბრძვით ჯილდოსათვის და ეს ყველაფერი მხოლოდ დადებითი ემოციის მომტანია.
- რას ელით “ერთა თასისა” და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისგან?
- “ერთა თასზე” იმიტომ ვთამაშობთ, რომ მისი მოგება გვინდა. ვეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში და კარგი შედეგი ვაჩვენოთ. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გუნდმა ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ მაინც ვეცდებით, რომ დარჩენილ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმი მოვაგროვოთ და თუ შემდეგ ეტაპზე ვერ გავალთ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის რაც შეიძლება მაღალ კალათაში მოვხდეთ. ამასთან, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 24 გუნდამდე გაიზარდა, იქ მოხვედრის მეტი შანსი გვაქვს და დარჩენილ მატჩებში კარგი თამაშისთვის ეს დამატებითი მოტივაცია იქნება.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ბრაზილიაში, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას?
- ამის მიღწევა ფიქრშიც არ იქნება ადვილი, მაგრამ ეს ჩვენი მიზანია. ჩემი მიზანია, რომ გუნდი კონკურენტუნაირიანი იყოს და ყველა დიდ ტურნირზე თუ არა, ერთ-ერთზე მაინც ითამაშოს.

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.120924