ინტერვიუები

10:02 | 29.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

სლავენ ბილიჩი: “რეალში” ნაკლები ზეწოლა მექნებოდა, ვიდრე ხორვატიის ნაკრებში”

ხორვატია ის ქვეყანაა, რომელმაც საფეხბურთო კუთხით ფურორი მოახდინა 90-იან წლებში. “ოქროს თაობა” ჰყავდა მწვრთნელ მიროსლავ ბლაჟევიჩს და მათ შორის იყო მოუხეშავი, ხშირად პროვოკაციულად მოთამაშე სლავენ ბილიჩიც. შუკერ-ბოქშიჩ-ასანოვიც-ბობან-პროსინეჩკი-ვლაოვიჩ-იარნის მომდევნო თაობა ისეთი ძლიერი ვერ გამოდგა, “კუბოკრულფორმიანებმაც” აშკარად უკლეს შედეგში, მაგრამ სამი-ოთხი წლის წინ, ისევ წამოვიდა ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების ახალი ტალღა. სლავენ ბილიჩი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და პირველი, რაც გააკეთა, ახალგაზრდები დააწინაურა. ბევრმა არ მოუწონა ეს ნაბიჯი, მაგრამ ბილიჩი შეუვალი იყო – ასაკოვან ლეგიონერებს, ჯერ კიდევ ხორვატულ კლუბებში მოთამაშე ლუკა მოდრიჩი, ედუარდო, დანიელ პრანიჩი, მლადენ პეტრიჩი და სხვები ამჯობინა.
ბალკანელებმა ბილიჩის ხელში პირველივე შესარჩევ ციკლში ბრწყინვალედ ითამაშეს და ევრო-2008-შიც ახლოს იყვნენ ნახევარფინალთან. ხორვატებმა წლევანდელი მუნდიალი გამოტოვეს, მაგრამ საერთო აზრით, ეს “ერთჯერადი” წარუმატებლობა იყო. ბილიჩის გუნდი საქართველოსთან ერთადაა ევრო-2012-ის შესარჩევ ჯგუფში და “ჯვაროსნების” თავკაცმა თემურ ქეცბაიამ აღიარა კიდეც მათი ფავორიტობა _ ვატყობ, ამ ჯგუფში ხორვატია პირველ ადგილს არ დათმობს და ძირითადი ბრძოლა მეორე ადგილისთვის გაიმართებაო. შეხსენებისთვის, წლეულს ევროპაში, მხოლოდ ორი ნაკრებია წაუგებელი - ხორვატია და საქართველო.  
ახლა კი, ფიფა-ს ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინტერვიუ სლავენ ბილიჩთან, სადაც მწვრთნელი ჩვენთვის საინტერესო ჯგუფზეც ლაპარაკობს. ინტერვიუ მცირე შემოკლებითაა:
- როდესაც სათადარიგოთა სკამთან გხედავთ, მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს თავში – ბილიჩი ადამიანი-ემოციაა, უფრო მეტად კი, ადამიანი-ცეცხლია. თქვენ როგორ აღწერთ საკუთარ პიროვნებას?
- დიახ, ხშირად ბავშვივით ვარ, ემოციებით სავსე. ასეთი ვიყავი ფეხბურთელობისას და ასეთი ვარ მწვრთნელობისასაც. ვერანაირად ვერ მიუძღვნი შენს ცხოვრებას სპორტს, თუ ეს სფერო გიჟურად არ გიყვარს. ზოგჯერ მგონია, რომ ნორმალურად არ ვიქცევი, მაგრამ შემდეგ, როცა შევხედავ სხვებს და ყოველთვის ერთი და იგივეს აკეთებენ, გავიფიქრებ ხოლმე: “სწორედ მე ვარ ნორმალური, სხვები კი – გიჟები” (იცინის). როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ, უნდა იცოდე, რომ კვირაში 7 დღე უნდა იმუშაო, 24 საათი მორიგე უნდა იყო. რეგულარულად ვესაუბრები ფეხბურთელებს, ოპონენტთა აზრს ვუსმენ. მშვენიერია, როცა იმას აკეთებ, რაც გაინტერესებს და თან, ოჯახსაც ინახავ.
- გვახსოვს, როგორ განიცადეთ ევრო-2008-ზე თურქებთან მეოთხედფინალში წაგება. პენალტების სერიამდე დაეცით მინდორზე. არ გგონიათ, რომ თქვენი ემოციურობა ზოგჯერ გადამეტებულია?
- ოჰ, ეს თამაში! ჯერ იმაზე გავბრაზდი, რომ მსაჯმა ფეხბურთელის შეცვლის უფლება არ მოგვცა. მინდოდა, ჩემი ფეხბურთელები საკუთარ ძალებში დამერწმუნებინა, მაგრამ ისინი დაშოკილები იყვნენ ბოლო წამებზე გაშვებული გოლის გამო. ამიტომაც აღარ მივედი მათთან ახლოს. არ ვიცი, შესაძლოა, სხვა მწვრთნელი სხვაგვარად მოქცეულიყო, მე კი ეს ვერ შევძელი. გამოცარიელებულები ვიყავით...   
- ხორვატიის ამჟამინდელ თაობას, შეუძლია იმ სიმაღლეებზე ასვლა, რაც თქვენ მოახერხეთ?
- შესაძლებელია. ვფიქრობდი, ეს დრო 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დადგება-მეთქი, მაგრამ შესარჩევი ეტაპი ვერ გავიარეთ. ახლა, კვლავ შორს ვართ პიკისგან, რომელიც წესით, 2014 წლის მუნდიალისას უნდა მოვიდეს. რა თქმა უნდა, მოხდება ფეხბურთელთა შეცვლა, ზოგი მიდის, ზოგი მოდის, მაგრამ 2 წელიწადში, ხორვატიის ნაკრებისა ბევრს შეშურდება, 4 წელიწადში კი – კიდევ უფრო ბევრს.
- 2014 წელზე ლაპარაკობთ, თუმცა მიმდინარე ევროშესარჩევში კარგი სტარტი აიღეთ.
- ქაღალდზე ისე ჩანს, რომ ჩვენი შესარჩევი ჯგუფი სხვებზე იოლია, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს. საბერძნეთის გარდა, ჯგუფში არიან ისრაელი, ლატვია და საქართველო. ბევრი უნდა ვიმუშაოთ.
- ხორვატია-1998 და ხორვატია-2010 შეადარეთ.
- ჩვენ დროს უფრო ბევრი სახელოვანი ფეხბურთელი თამაშობდა ნაკრებში, მაგრამ რატომღაც, ყველა 1998 წლის ნაკრებზე ლაპარაკობს და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატს გვერდს უვლის. ჩვენ ევრო-96-ზე უფრო დავჯაბნეთ გერმანია, ვიდრე ორი წლის შემდეგ (არადა, ხორვატებმა 1996-ში 1:2 წააგეს, 1998-ში კი 3:0 მოიგეს – რედ.). მუნდიალ-98-ის მეოთხედფინალში, გერმანია პირველ ტაიმში გვიტევდა, მაგრამ ვერ გაგვიტანა. ჩემი აზრით, ხორვატიის მაშინდელი ნაკრების სიძლიერე  ფეხბურთელების ძლიერ პიროვნულ თვისებებში გამოიხატებოდა. ყველანი ტოპ-კლუბში როდი ვთამაშობდით, მაგრამ სადაც ვთამაშობდით, დიდ როლს ვასრულებდით. ძლიერი ხასიათი გვქონდა და ერთმანეთის მეგობრები ვიყავით. მინდორზე ბევრი ლიდერი ვიყავით.
- დღევანდელ ნაკრებში, ეს ვერ ხერხდება?
- ძნელია, რადგან ყველა თაობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. კარგი ისაა, რომ დღევანდელ ნაკრებშიც სულით პატრიოტი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც თავიანთი ქვეყნისთვის სიხარულის მინიჭება სიამოვნებთ. ეს, ხორვატიის ნაკრების დიდი უპირატესობაა.
- ბევრი მწვრთნელი ამბობს, პრესაში დაწერილი არ გვაინტერესებსო. თქვენ კითხულობთ გაზეთებს?
- თითქმის ყოველდღე ვკითხულობ. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ძირითადი საქმიანობა არაა და რომ ვთქვა, დილით გაღვიძებისთანავე გაზეთს ვკითხულობ-მეთქი, მოგატყუებთ. მირჩევნია, მეგობრებთან გავატარო დრო, ჩემს შვილებთან გავერთო. პრესის არ მეშინია და არც ვაძაგებ მათ, რადგან თავიანთ საქმეს აკეთებენ. რეცენზიები აუცილებელია. ხორვატია პატარა ქვეყანაა და თითქმის ყველა გულშემატკივარმა იცის ნაკრების ამბები, დეტალებშიც არაფერი იმალება. ნაკრების თავკაცი იმიტომ ვარ, რომ კრიტიკაც ავიტანო. მე ლიდერი ვარ.
- ხორვატიაში დიდი საფეხბურთო აჟიოტაჟი იქნება როგორც გულშემატკივრებში, ასევე ჟურნალისტებში.
- ემოცია? ჩვენთან მართლაც სიგიჟეა ამ მხრივ. ზოგჯერ მგონია, მადრიდის “რეალში” უფრო ნაკლები ზეწოლა მექნებოდა, ვიდრე ხორვატიის ნაკრებში. ფანტასტიკური ქვეყანაა. მაგრამ არ დავიჩივლებ, ამ წნეხს ხშირად დადებითი შედეგი მოაქვს.

 

ილია ნანობაშვილი

0.123656