ინტერვიუები

10:08 | 10.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: “ფეხბურთში რაიმესთვის რომ მიმეღწია, ბავშვობიდან ყველაფერზე უარი ვთქვი”

2005 წელს, მადრიდის “რეალმა”, 19 წლის სერხიო რამოსი “სევილიასგან” 27 მილიონ ევროდ შეიძინა და ესპანეთის პრიმერადივიზიონში თინეიჯერ ფეხბურთელში გადახდილი თანხის მიხედვით, ყველა დროის რეკორდი დაამყარა. თუმცა, “სამეფო კლუბს” ახალწვეულმა აშკარად გაუმართლა – რამოსი, არა მხოლოდ კლუბში იქცა “ძირითადის” შეუცვლელ ფიგურად, არამედ, ეროვნულ გუნდშიც. შედეგად, მან ესპანეთის ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო, ხოლო ნაკრებთან ერთად, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატში გაიმარჯვა. რამოსმა, რომელიც აქამდე გრძელი თმით თამაშობდა, იმიჯი შეიცვალა და ესპანურმა გამოცემა ელპაის.ცომ-მა მასთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დაიწყო.
- თმა რატომ შეიჭერით?
- ბევრი ცრურწმენა მაქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე გრძელი თმით თამაში იმიტომ მინდოდა, რომ 2008 წელს, ავსტრიაში ევროპის ჩემპიონატზე ასეთი ვარცხნილობით ვთამაშობდი და ამან წარმატება მოგვიტანა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ცრუმორწმუნე ვარ – მოედანზე ყოველთვის მარცხენა ფეხით შევდივარ, ხოლო პირველად თასმებს მარჯვენა ბუცზე ვიკრავ, მოედანზე გასვლამდე კი, ჩემს ბებიებსა და ბაბუებზე ვლოცულობ. მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე გადავწყვიტე, რომ გარეგნობა ცოტა შემეცვალა.
- გატანილ გოლებს ხანგრძლივად რომ აღნიშნავთ, ალბათ, ამასაც თავის ახსნა აქვს?
- გოლები ხშირად არ გამაქვს და თითოეულ ჯერზე, მსურს გატანილი ბურთი 2, ან 3 პერსონას მივუძღვნა, რომლებიც მიყვარს. ერთადერთი, რაც არ შეცვლილა – სალტოა. მისი სწავლა პლაჟზე დავიწყე, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ტრავმას არ მივიღებდი. ახლა, სალტოს მაშინ ვაკეთებ, როდესაც გოლი გამაქვს.
- 24 წლის ხართ, მაგრამ “სევილიაში” და “რეალში” უკვე 247 შეხვედრა ჩაატარეთ, ხოლო ეროვნულ გუნდში - 69, თან, საერთო ჯამში, 35 გოლი გაიტანეთ. თქვენი ცხოვრება – საჩუქარია?
- ყოველთვის ვთვლიდი, რომ წარმატება ყოველდღიური შრომისა და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის შედეგია. ფეხბურთში რაიმესთვის რომ მიმეღწია, ბავშვობიდან ყველაფერზე უარი ვთქვი. ძალიან რთულია, როდესაც ხედავ შენი მეგობრები კინოში როგორ დადიან, ან საღამოობით სეირნობენ, ხოლო შენ ამბობ:” მე არ შემიძლია”. “სევილიაში” 16 წლიდან ვვარჯიშობდი და პროფესიონალურად ვცხოვრობდი. ამიტომ, მაშინ ბევრი ისეთი რამ ვიუარე, რასაც ჩემი თანატოლები აკეთებდნენ, რათა გავმხდარიყავი ის, რაც დღეს ვარ.     
- “სევილიას” მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა, თქვენი ცხოვრება შეცვალა?
- გამოუცდელ ფეხბურთელებს ბევრი მწვრთნელი არ ენდობა. მისი მუდამ მადლობელი ვიქნები, რადგან შანსი მომცა და მაჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა. იმ დღეს, როდესაც რწმენა არ მექნება, თავს დაკარგულად ვიგრძნობ. მოტივაციის წყაროს ყოველთვის ვეძებ და ყოველთვის ვცდილობდი დასახული მიზნისთვის მიმეღწია. როდესაც “სევილიას” პირველ გუნდში მიმიწვიეს, ჩემი ოცნება, ვყოფილიყავი ხავი ნავაროსთან, პაბლო ალფაროსთან, ნიტარიოსთან და დარიო სილვასთან ერთად, ახდა. დროთა განმავლობაში, ჩემს კარიერაში ამ ვეტერანების  მიერ შეტანილი წვლილი, უფრო კარგად გავითავისე. მე უბრალო ბიჭი ვიყავი, ცოტა “ჩაკეტილიც”, მაგრამ ყველაფერს ღრუბელივით ვისრუტავდი. მათ თავიდანვე მაგრძნობინეს, რომ დიდი შრომა მომიწევდა, რათა აღმოვჩენილიყავი იმ ადგილზე, სადაც ისინი იყვნენ. კაპაროსმა რომ მიმიწვია, სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ, პირველ გუნდს როდესაც შევუერთდი, ვარჯიშების გამო, სკოლაში ვეღარ დავდიოდი.      
- ახლა “სანტიაგო ბერნაბეუზე” თავს ვეტერანად თვლით?
- ამჟამად, როდესაც კანალესს ვუყურებ, საკუთარ თავს ვხედავ. “რეალში” 19 წლის ასაკში გადავედი და მაშინ, გუნდში ზიდანი, რობერტო კარლოსი, რაული და ბექჰემი თამაშობდნენ. მათ ის ფასეულობები გადმომცეს, რომელთა გადაცემაც კლუბის ახალწვეულებისთვის მსურს. ნაადრევი ვეტერანი ვარ, რადგან “გაზრდა” სწრაფად მომიწია. მადრიდში მე-6 სეზონს ვატარებ და გუნდის ბევრ მცველს არ შეუძლია ამის თქმა.
- როგორც ვიცე-კაპიტანს, გუნდში რა როლი გაკისრიათ?
- მდგომარეობის შეფასება. გუნდის ერთ-ერთი წევრი ვარ, მაგრამ საკუთარ თავზე უფრო მეტის აღება მიხდება, ვიდრე სხვებს. გიგანტური პასუხისმგებლობაა, როდესაც ასეთ დიად კლუბს წარმოადგენ და ამისთვის, ბევრი უნდა გასცე.
- ჟოზე მოურინიოზე ასე თბილად რატომ საუბრობს ყველა? ის განსაკუთრებული რითაა?
- გვიხარია, რომ ასეთი მწვრთნელი გვყავს. მას ძლიერი ხასიათი აქვს, მიზანმიმართულია და ვარჯიშებზე ჩვენგან რაც საუკეთესო გვაქვს ყველაფერს “წურავს”. ახლა მესმის, რატომ მოიგო მან ბევრი ტიტული. მას მკაფიო იდეები აქვს და იცის ისინი მოთამაშეებამდე როგორ მიიტანოს.  
-  ის რას ითხოვს?
- მოურინიო ძალიან მომთხოვნია. მისი მოთხოვნები საუკეთესოა, რაც შეიძლება მიგვეღო, რადგან ისინი წინსვლაში ხელს გვიწყობს. შესაძლოა, წარუმატებელი დღე გქონდეს, მაგრამ ხელის ჩაქნევის უფლება არ გაქვს. ყოველდღე ანთებული თვალებით უნდა ივარჯიშო და შეეცადო უკეთესი გახდე.   
- მოურინიოსთვის რის დემონსტრირება გსურთ?
- ერთნაირი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, ვინც მაქებს, ან მაკრიტიკებს. ჩემს შესახებ შეგიძლიათ ილაპარაკოთ რაც გინდათ, ვიდრე საკუთარი გუნდისთვის ბოლომდე ვიხარჯები. ნორმალურად ვერ დავიძინებ, თუ მეცოდინება, რომ მოედანზე 100 პროცენტით არ დავიხარჯე. შეიძლება გავიმარჯვო, ან დავმარცხდე, მაგრამ მაშინ დავიძინებ, როდესაც მეცოდინება, რომ საქმეს სწორად მივუდექი. იმაზე მეტად არაფერი მახარებს, როდესაც ვგრძნობ, რომ გუნდისთვის ყველაფერი გავიღე.  
- გასულ სეზონში, “რეალმა” ყველაფერი გაიღო, მაგრამ პრიმერადივიზიონი მაინც “ბარსელონამ” მოიგო...
- “ბარსას” საუცხოო გუნდი ჰყავს, ფანტასტიური მოთამაშეები, რომლებსაც პრიმერადივიზიონის მოგება შეუძლიათ. გასულ სეზონში ყველაფერი ერთმა ქულამ გადაწყვიტა. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ ძალიან დაძაბული სეზონი იყო. “ბარსელონამ” გაიმარჯვა და მისი ფეხბურთელების წინაშე, მხოლოდ “ქუდის მოხდა” შეგვიძლია. ვნახოთ, ამ სეზონში ვაჯობებთ თუ არა. მეტოქის უპირატესობა ისაა, რომ ჩამოყალიბებული გუნდი ჰყავს მწყობრი სათამაშო სისტემით. ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ, მაგრამ სწორი გზით მივდივართ.


მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.115541