არგენტინელმა მეკარემ სერხიო გოიკოეჩეამ იტალიის სტადიონებზე 1990 წელს ჩატარებული მუნდიალი ნერი პუმპიდოს დუბლიორად დაიწყო, მაგრამ ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის დასაწყისში ალბისელესტეს ძირითადი კიპერი დაიმტვრა, მისი ადგილი სათადარიგომ დაიკავა. 26 წლის გოიკოეჩეამ ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარა და გარკვეულწილად მისი დამსახურებაცაა, არგენტინელებმა ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე რომ გააღწიეს. სერხიოს არც გერმანელებთან გადამწყვეტ მატჩში უასპარეზია ურიგოდ, თუმცა, ფინალის ძირითადი დროის მიწურულს, ანდრეას ბრემეს მიერ შესრულებული პენალტი ვერ მოიგერია, რამაც გერმანელებს 4 წლით ადრე, მექსიკის დედაქალაქში განცდილი მარცხის რევანშის აღების საშუალება მისცა. ფიფას ვებ-გვერდის რეპორტიორთან საუბარიც სწორედ იმ ეპიზოდით იწყება, სერხიო გოიკოეჩეასთან ინტერვიუმდე კი მოგახსენებთ, რომ მას პარაგვაული ფეხბურთის ლეგენდა ხოსე ლუის ჩილავერტი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ თვლის.
- სერხიო, მომავალ შაბათს არგენტინასა და გერმანიას შორის მუნდიალების კიდევ ერთი კლასიკური დაპირისპირება შედგება. თქვენ ალემანთა წინააღმდეგ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მოგიხდათ თამაში. როგორ გაიხსენებთ იმ შეხვედრას?
- ნაღდად ვერ გეტყვით, რომ ის ფინალი კარგად მაგონდება. როდესაც ჩემპიონობას ერთადერთი ნაბიჯი გაშორებს და აგებ, წარმოუდგენელია, ამ ამბავმა გული არ გატკინოს. მიუხედავად იმისა, ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები ბლომად გვყავდა, მთლიანობაში ურიგოდ არ გვითამაშია და გერმანიას თუ არ ვჯობდით, მისხალითაც არ ჩამოვრჩებოდით.
- გადამწყვეტი ბურთი ასპარეზობის მიწურულს ანდრეას ბრემეს მიერ შესრულებული პენალტის შემდეგ გაუშვით. იმ ეპიზოდის ჩანაწერს ხშირად უცქერთ?
- არცერთხელ არ მინახავს. რა აზრი აქვს – იმ პენალტს ახლა ხომ არ მოვიგერიებ!
- მუნდიალ-90-დან ყველაზე სასიამოვნოდ რა გახსენდებათ?
- ნახევარფინალში ალდო სერენას თერთმეტმეტრიანი ავუღე. შეშლილივით მინდვრის სიღრმეში შევვარდი და ნეაპოლის სტადიონზე შეკრებილი აპენინელების გაოგნებული გულშემატკივრების თვალწინ თანანაკრებელების გარემოცვაში მოვხვდი. ემოციური მოლოცვისგან მათ კინაღამ დამახრჩვეს.
- მოთამაშეობისას პენალტების მოგერიების სპეციალისტად გთვლიდნენ. თანამედროვე მეკარეებს საიდუმლოს ხომ ვერ გაუმხელთ?
- განსაკუთრებული ვარჯიშისთვის არასდროს მიმიმართავს. უბრალოდ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დამდგარი მოთამაშის პენალტის შესრულების მანერას წინასწარ ვსწავლობდი ხოლმე და ხშირად ვიცნობდი, ესა თუ ის ფეხბურთელი ბურთს რომელ კუთხეში გზავნიდა. განსხვავებული მანერით ასრულებენ თერთმეტმეტრიანებს სხვადასხვა ამპლუისა და ნიჭის მოთამაშეები. ნაკლებად ტექნიკურები და უკანახაზელები აქცენტს დარტყმის სიძლიერეზე აკეთებენ. მთავარი კი ისაა, მეკარემ პენალტის შესრულებისას სიმშვიდე შეინარჩუნოს. თუმცა, ბუნებრივი ფიზიკური მონაცემების გარეშე არაფერი გამოვა. გოლკიპერს ელვისებური რეაქცია და ძლიერი ფეხები უნდა ჰქონდეს. პრინციპში ერთის და მეორის გარკვეულ დონემდე განვითარება შესაძლებელია, მაგრამ ღმერთმა მეკარისთვის აუცილებელი თვისებები თუ არ დაგანათლა, წვრთნა ვერ გიშველის. ამასთან, ფორტუნამაც მოწყალე თვალით უნდა გადმოგხედოს.
- სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მუნდიალზე თქვენზე საუკეთესო შთაბეჭდილებას რომელი მეკარე ტოვებს?
- ჟულიო სეზარი. მართალია, არც მას და არც ბრაზილიის ნაკრებს ჯერჯერობით რთული გამოცდა არ ჩაუბარებიათ, მაგრამ კარგად მახსოვს პენტაკამპეონთა კიპერის თამაში მილანის “ინტერის” რიგებში გამოსვლისას და მას საიმედო მეციხოვნედ მივიჩნევ. შედარებით მშვიდად ვარ იმ ეპიზოდებში, როცა არგენტინის ნაკრების კარს მეტოქე უტევს. სერხიო რომერო ჩვენს კარს საიმედოდ იცავს. იგი გამოსვლებშიც ძლიერია და კარის ხაზზე თამაშის დროსაც.
- დიეგო არმანდო მარადონასთან ერთად გითამაშიათ და კარგად იცნობთ არგენტინის ნაკრების დღევანდელ მთავარ მწვრთნელს. როგორ გგონიათ, რას მიაღწევს ალბისელესტე სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე?
- ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა შესარჩევი ტურნირი ნაკლებად დამაჯერებლად ჩაატარა. მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც კრიტიკა არ აკლდათ, რაც მათ გამოსვლაზე უარყოფითად მოქმედებდა. მუნდიალის დაწყების წინ ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა ნაკრებს მშვიდად მომზადების საშუალება მისცეს, რაც გუნდის თამაშზე სასიკეთოდ აისახა. დარწმუნებული ვარ, არგენტინას მაქსიმუმი ჯერ არ უჩვენებია და მისგან თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესებას უნდა ველოდეთ.
გოჩა კაჭარავა