ფეხბურთი

18:51 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია – მეორე სასიამოვნო პრეცენდენტი

 

როგორც იცით, ორიოდე თვის წინ შეიქმნა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია, რაც ნოვაცია იყო ქართულ ფეხბურთში. ახლა კი მეორე ასეთი ასოციაცია შეიქმნა – საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია, რომლის დამფუძნებლებიც ჯაბა მუჯირი, ედიკ საჯაია და სოსო გრიშიკაშვილი არიან. როგორც იცით, სამივე მათგანი ახლო წარსულში თამაშობდა.

ზოგადად, ასოციაციის ძირითადი მიზანი ფეხბურთელთა ინტერესების დაცვა იქნება. საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელთა უმრავლესობას კაბალური კონტრაქტი აქვს – ზოგ შემთხვევაში, სულაც მონურ კონტრაქტებზე გაგვიგია, აი, მაგალითად, ჯაბა მუჯირიც ჰყვება ასეთს:

პრესკონფერენციას, რომელიც “პირველი რადიოს” პრეს-კლუბში გაიმართა, მუჯირი, საჯაია და საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ოფიციალური პარტნიორის _ “ერისთავის იურიდიული ჯგუფის” წარმომადგენელი კახა კუჭავა უძღვებოდნენ: 

მუჯირი: - ერთი თვეა, რაც ჩვენი ასოციაცია დაფუძნდა და უკვე 150 ფეხბურთელი გაწევრიანდა. ჩვენ მოვედით არა კონფრონტაციისთვის, არამედ ბევრი ისეთი რამის გამოსასწორებლად, რაც არ უნდა ხდებოდეს. ასოციაციამ ფეხბურთელებთან კონტაქტი მათივე კლუბების ინფორმირების შემდეგ დაამყარა, ასე რომ შიში იმისა, თითქოს ჩვენთან გაწევრიანების შემთხვევაში რაიმე პრობლემა შეექნებოდათ, უსაფუძვლოა. “ერისთავის იურიდიული ჯგუფი” კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კომპანიაა და საჭირო შემთხვევაში, მაღალკვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს ფეხბურთელებს. 

-    ანუ, კლუბებს შეხვდით და ესაუბრეთ?

-    დიახ. 3 კლუბის გარდა, ყველას შევხვდით. იმ 3 კლუბსაც უარი კი არ უთქვამთ, უბრალოდ, დრო ვერ გამოვნახეთ ჯერ.  

-    გაწევრიანება ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია?

-    დიახ. 1 წლის განმავლობაში გაწევრიანება უფასო იქნება, შემდეგ კი მათ გადაწყვიტონ, ღირს თუ არა ჩვენი ასოციაციის წევრობა. მოქმედებს ჩვენი ცხელი ხაზიც: 577252020. ამუშავდება საიტი და ყველანაირი საკონტაქტო ინფორმაციები იქნება.

-    რომელიმე ფეხბურთელის საკითხზე თუ დაიწყეთ მუშაობა?

-    დიახ. მაგალითად, ლიტვაში არის ახალგაზრდა ქართველი, რომელსაც კაბალური კონტრაქტი აქვს. დავასახელებდით გვარს, მაგრამ იმ ფეხბურთელს კონტრაქტში უწერია, რომ კონტრაქტის დეტალების მესამე პირისთვის გამხელის უფლება არ აქვს (!).

-    საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია ორი თვის წინ შეიქმნა. ახლა თქვენ დააფუძნეთ ახალი. ერთმანეთთან კავშირი გექნებათ?

-    იდეა, როგორც იცით, ერთნაირია, უბრალოდ მართვის სისტემა იქნება განსხვავებული. (ასეთი ასოციაცია რუსეთში სამია, უკრაინაში – უფრო მეტი- რედ.)

-    უცხოელებთან აპირებთ მჭიდრო თანამშრომლობას?

-    რა თქმა უნდა. უკვე გვაქვს კავშირები ისრაელთან. სხვა ქვეყნებთანაც ვაპირებთ. უმთავრესი ამოცანა: უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კლუბებში მინიმალური სტანდარტის კონტრაქტები შედგეს. როცა ეს კონტრაქტი იქნება, კლუბი უკვე იმდენს ვერ გაუბედავს ფეხბურთელს, რადგან ქაღალდზე ბეჭედდასმული იქნება. მაგალითად, ერთ-ერთი ხელშეკრულება არის ასეთი: ფეხბურთელი 24 დღეში ტრავმას თუ ვერ მოირჩენს, ხელფასს ვერ აიღებს. სერბეთში ასეთმა ორგანიზაციამ მშვენივრად გაართვა საქმეს თავი და მინიმალურ საკონტრაქტო პირობებზე შეთანხმდა კლუბებთან.

-    საკმაო ხანს ირანში თამაშობდით და იქ იყო ასეთი პრობლემა? ანუ, ასეთი კაბალური კონტრაქტები?

-    სხვათა შორის, იქ არ შექმნილა ასეთი ასოციაცია. ჩემს მაგალითზე ვიტყვი: იყო დავალიანება ჩემს მიმართ და როდესაც სარჩელი შევიტანე ფედერაციაში, ყველაფერი დამიკმაყოფილეს. მიუხედავად იმისა, რომ ირანის მასშტაბით საკმაოდ სახელოვან კლუბში ვიყავი და გავლენიანი შეფებიც ჰყავდა კლუბს, მაინც არ მოერდნენ და პირდაპირ უთხრეს – თუ არ გადაუხდით ფეხბურთელს კუთვნილს, ჩემპიონატში არ დაგიშვებთო. აი, ასე სამართლიანად მოიქცნენ რიგითი უცხოელი ფეხბურთელის მიმართ.  

0.179922