2012 წლის 21 ნოემბერს, დიდოსტატ ლევან ფანცულაიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც არსებული ხელმძღვანელობის გადადგომა და რიგგარეშე ყრილობის ჩატარება გახლდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ შემდეგი განცხადება გააკეთა.
“ფიდე-ს (მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაცია), ევროპის საჭადრაკო კავშირის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიციის თანახმად, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დღევანდელი შემადგენლობით აკმაყოფილებს მსოფლიოს საჭადრაკო სამყაროში არსებულ ყველაზე მაღალ სტანდარტებს, რასაც ადასტურებს საქართველოში ჩატარებული არაერთი უმაღლესი დონის საერთაშორისო საჭადრაკო ფორუმი.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობამ განიხილა რა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი გიორგაძის მიერ ინიცირებული წინადადება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის მოწვევის შესახებ, მიზანშეუწონლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წესდება სრულ თანხვედრაშია როგორც საქარველოს კანონმდებლობასთან ასევე ფიდეს და ევროპის საჭადრაკო კავშირის წესდებებთან.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მუდმივ კომუნიკაციაში იყო და არის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ მოჭადრაკეებთან, მწვრთნელებთან, მსაჯებთან, ზოგადად საჭადრაკო ოჯახის წევრებთან და კარგად გრძნობს დღევანდელი დღის მაჯისცემას. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პოლიტიკური პროცესები არ უნდა იქნეს გამოყენებული გაურკვეველი მიზნების მქონე ადამიანების მიერ საჭადრაკო სამყაროს დესტაბილიზაციისაათვის.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია გამოთქვამს მზადყოფნას განიხილოს და მხედველობაში მიიღოს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნებისმიერი წევრის პოზიტიური წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ჭადრაკის განვითარებას, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგია საჭადრაკო სამყაროში ძალადობის და არაკანონიერების დამკვიდრების”.