ჭიდაობა

17:31 | 13.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

საპრეზიდენტო განაცხადი კურტანიძემ და გეგეშიძემ შეავსეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას საპრეზიდენტო განაცხადების შესატანად დაწესებული ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ჰყავს: ლუკა კურტანიძე და თამაზ (გეგა) გეგეშიძე. პირველმა წინასაარჩევნო პროცედურა კურტანიძემ გაიარა. მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების 2-გზის პრიზიორმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ორი კვირის წინ გააკეთა, მას შემდეგ, რაც ფედერაციის აღმასკომის სხდომამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. თამაზ (გეგა) გეგეშიძემ კი განაცხადი ბოლოსღა შეიტანა.
ჭიდაობის ფედერაციის წესდების თანახმად, ზუსტად პრეზიდენტის მსგავსად, კენჭისყრით უნდა იქნენ არჩეული 4 ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. ბოლო მონაცემებით, ვიცე-პრეზიდენტობაზე განაცხადი სამ მსურველს აქვს შეტანილი: თამაზ გეგეშიძეს, თემურ ყაზარაშვილსა და ედიშერ მაჩაიძეს. სავარაუდოდ ამ სიას ბაკურ გოგიტიძე დაემატება. გენერალური მდივნის არჩევნებში კი ამჟამინდელი გენმდივანი მალხაზ ჯორბენაძე და ვეტერანი სპორტსმენის, შოთა ლომიძის ვაჟი გიორგი ლომიძე იყრიან კენჭს.
განაცხადების წარმოსადგენი ვადა ხვალ, 18 საათზე იწურება და არაა გამორიცხული, კონკურენტთა რაოდენობა გაიზარდოს. საარჩევნო ყრილობა კი ზეგ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, 12 საათზე დაიწყება.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.120657