ინტერვიუები

10:23 | 3.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

სანტა კრუსი მომავლის იმედადაა

პარაგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი როკე სანტა კრუსი, რომლის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში 1/4-ფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა, ესპანური ბარიერის გადალახვას და უფრო შორს წასვლას გეგმავს. მერე რა რომ პარაგვაელ თავდამსხმელებს ჯერ გოლი არ გაუტანიათ (მიმდინარე მუნდიალზე პარაგვაელთა 3 გოლიდან 2 ნახევარმცველებმა გაიტანეს, 1 მცველმა – რედ.). სანტა კრუსს სწამს, რომ ახლა მათი ჯერი დადგა და კარგ დაცვასთან ერთად, მათი ნაკრების შემტევები გოლების გატანას დაიწყებენ, რაც საერთო ჯამში, პარაგვაელებს უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.

- მას შემდეგ, რაც პარაგვაის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე არნახულ წარმატებას მიაღწია - 1/4-ფინალში გავიდა, ალბათ, წინდაწინ დასახული ამოცანა უკვე შეასრულეთ. შესაბამისად, ესპანეთთან მატჩის წინ, სანერვიულოც არაფერი გექნებათ.
- უპირველესად, ვიტყვი იმას, რომ, როცა მოედანზე გადიხარ, ადრინდელი მიღწევები არც გახსენდება. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ კლუბებში თამაშისას, ყველანი შევეჩვიეთ დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, ყველა შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ბრძოლას. მესამე - მერე რა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ერთ-ერი ფავორიტია, პარაგვაის ნაკრებს მეტის მიღწევა უნდა და ამისთვის ძალღონეს არავინ დაიშურებს.
- პარაგვაისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრაში, ერთმანეთს დიამეტრულად განსხვავებული სტილის გუნდები დაუპირისპირდებიან.
- ესპანეთი ცნობილია ბურთის კონტროლით და სულაც არ გვაქვს ილუზია, რომ ისე, როგორც წინა ორ შეხვედრაში, ბურთი ძირითადად ჩვენ გვექნება. მაგრამ, ასეთი სიტუაცია, ჩვენთვის უცხო არაა. ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებთან შეხვედრისას, მუდამ ასეთ სიტუაციაში ვართ. სხვათა შორის, შესარჩევ ეტაპზე, პარაგვაიმ ორივე ზემოთნახსენები მეტოქე დაამარცხა.
- იმედს კონტრშეტევებზე ამყარებთ?
- ისე ვითამაშებთ, როგორც გვჩვევია. პრესინგს გამოვიყენებთ მთელს მოედანზე და მეტოქეს გასაქანს არ მივცემთ. ნაცნობი ტაქტიკის შეცვლას, არ ვაპირებთ.
- სამხრეთ აფრიკაში გამართულ ოთხ შეხვედრაში, პარაგვაიმ სამი გოლი გაიტანა. თავდამსხმელების ანგარიშზე არცერთი მათგანი არ მოდის. რით ახსნით ამას?
- ბურთის ართმევაზე გვიწევს ბევრი მუშაობა. სამი თავდამსხმელით ვთამაშობთ, მაგრამ ყველას გვიწევს უკან დახევა და ბურთის ართმევაზე მუშაობა, რასაც დიდი ძალა მიაქვს. აქამდე, ეს ტაქტიკა მშვენივრად მუშაობდა, ფანტასტიურად ვიცავდით თავს და მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. თავდასხმაში უშანსოდ არ ვყოფილვართ. შესარჩევი ეტაპის დროს, თავდამსხმელებმა ბევრი გოლი გავიტანეთ. ახლა, რაღაც არ გამოდის, თუმცა მიმაჩნია, რომ ახლა, სიტუაციის გამოსწორების დრო დადგა.
- იმან, რომ იაპონელთა დამარცხება მხოლოდ პენალტების სერიაში მოახერხეთ, უხერხულობა არ შეგიქმნათ?
- მთავარი ისაა, რომ პარაგვაის ნაკრები მსოფლიოს რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ამით, საკუთარ ერს დიდი სიხარული მიანიჭა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანეთთანაც პენალტების სერიას დაველოდებით. ვეცდებით, უფრო კარგად ვითამაშოთ.
- ესპანეთის ნაკრებზე რას გვეტყვით?
- მათი ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად თამაშობენ. ისინი კომპაქტურად, შეთამაშებულად, ამავდროულად, ინდივიდუალურადაც ეფექტურად თამაშობენ. მიუხედავად ამისა, ოპტიმიზმს არ ვკარგავ და წარმატების იმედი მაქვს.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

 

0.121854