ინტერვიუები

19:02 | 25.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო გურული: “ნაკრებში გამოძახება ძალიან სასიამოვნოა”

საქართველოს ეროვნულ გუნდში სანდრო გურულის დებიუტი სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა და წარმატებულიც აღმოჩნდა – მეორე ტაიმში მოედანზე შესულმა ლვოვის “კარპატის” ნახევარმცველმა ანგარიში გაათანაბრა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ 25 წლის ფეხბურთელს გარჯა დაუფასა და 9 თებერვალს, კვიპროსზე, სომხეთთან გასამართი სპარინგისთვის იხმო. გურული, კვიპროსში ჩასვლამდე, ესპანეთში ივარჯიშებს, სადაც “კარპატი” უკრაინის პრემიერლიგის მეორე ნახევრის განახლებამდე  შეკრებას გაივლის. ესპანეთში გამგზავრების წინ, მან ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ ვებ-გევრდს მისცა.  
სანდრო გურული: “ესპანეთში საუცხოო განწყობით მივემგზავრები. იქ კარგი სავარჯიშო პირობებია და ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინის ჩემპიონატის მატჩებისთვის კარგად მოვემზადებით. გვიხარია, რომ თბილ მხარეში მივფრინავთ, რადგან სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ლვოვში ძლიერი ყინვები იქნება. ამ დროს კი, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ”.    
- მზადების პირველმა ეტაპმა ჩაიარა და ამჟამად, საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?
- შვებულების შემდეგ, პირველ დღეებში, ვარჯიში ძნელია. მითუმეტეს, მოედანიც ცუდ მდგომარეობაში იყო და ვარჯიში სიცივეში გვიწევდა. იმედია, ესპანეთში კარგი ამინდები იქნება და ნორმალურ მოედნებზე ვივარჯიშებთ.
- ესპანეთში “კარპატი” მონაწილეობას მიიღებს Copa Del Sol-ის ტურნირში...
- ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ველით. გვსურს, რომ კარგად ვითამაშოთ და პირველი ადგილი დავიკავოთ.
- შვებულება სახლში გაატარეთ?
- სახლში გავატარე, ოღონდ არა საქართველოში, არამედ, საფრანგეთში. ჩემი მშობლები და მეგობრები ვნახე.   
- საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა არ დაგივიწყეს და მორიგ შეკრებაზე გამოგიძახეს...
- ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოა.
- ეს თქვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა?
- სიურპრიზი არა, რადგან გამოძახების იმედი მქონდა და ამისთვის ვემზადებოდი კიდეც. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც მესიამოვნა.  
- გამოდის, “კარპატთან” ერთად შეკრებას ვერ დაასრულებთ?
- გუნდს მხოლოდ სამი დღე დავაკლდები. “კარპატი” სახლში 9 თებერვალს დაბრუნდება, მე კი 7 თებერვალს, კვიპროსზე გადავფრინდები. იქ სომხეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა უნდა ჩავატაროთ.
 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

0.116521