ინტერვიუები

10:39 | 20.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო გურული: “გოლის გატანა ასე არასოდეს გამხარებია”

ლვოვის “კარპატის” ნახევარმცველის, სანდრო გურულის დებიუტი საქართველოს ეროვნულ გუნდში, სლოვენიელებთან სპარინგში (2:1), ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა. მას ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მიეცა და გამოიყენა კიდეც. 25 წლის ფეხბურთელს, რომელიც თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, თავიდანვე ეტყობოდა, რომ ძალიან მონდომებული იყო და თავდაუზოგავი გარჯა დაუფასდა კიდეც. ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანის გარდა, რომელმაც თამაშის ბედი შემოატრიალა, მან მარცხენა ფლანგზე გვარიანად იმუშავა – შეტევებშიც აქტიური იყო და მცველებსაც კარგად ეხმარებოდა. ბუნებრივია, ასეთი დებიუტის შემდეგ, გურული საუცხოო ხასიათზე იყო და “მსოფლიო სპორტი” უკრაინაში რომ დაუკავშირდა, კითხვებსაც გულღიად უპასუხა.      
- ასეთ წარმატებულ დებიუტს რამდენად ელოდით?
- ნაკრებში პირველად გამომიძახეს და არ ველოდი თამაში ამდენი ხანი თუ მომიწევდა. ვფიქრობდი, რომ მოედანზე 10-15 წუთი გამომიყვანდნენ. ამიტომ, ძალიან გამეხარდა ერთი ტაიმის ჩატარების საშუალება რომ მომცეს. მინდოდა ან საგოლე პასი გამეკეთებინა ან გოლი გამეტანა და საბოლოოდ, გოლი გამომივიდა.
- მეორე ტაიმში მოედანზე გასვლამდე ქეცბაიამ გუნდს და პირადად თქვენ რა დაგავალათ?
- გვითხრა, რომ პრესინგი გვეთამაშა და შეტევაში უფრო აქტიურები ვყოფილიყავით, რადგან პირველ ტაიმში ბურთი უფრო ხშირად მეტოქეს ჰქონდა. მე დამავალა, ბურთი “დამეჭირა” და მცველებსაც დავხმარებოდი, რადგან მარცხენა ფლანგზე შეტევაში ორი სლოვენიელი მოდიოდა. პრინციპში, რაც ქეცბაიამ გვითხრა, ის თამაშიც ვაჩვენეთ.
- ალბათ, სლოვენიელი მცველის “საჩუქარი” ძალიან მოულოდნელი იყო?
- კანკავამ მეტოქეს ბურთის ამოტანაში ხელი კარგად შეუშალა, რის შემდეგ, სლოვენიელმა პასი არც მეკარეს მისცა და არც მცველს. საბოლოოდ კი, კარგი მომენტი შემექმნა, რომელსაც რეალიზება უნდოდა, რაც გავაკეთე კიდეც. ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთი შანსი მექნებოდა.
- გატანილი გოლის შემდეგ, რა ემოცია დაგეუფლათ?
- ამის გადმოცემა სიტყვებით ძნელია, იმდენად დიდი ემოცია მქონდა. ძალიან მინდოდა ნაკრებში თავის გამოჩენა. გოლის გატანა ცხოვრებაში ასე არასოდეს გამხარებია. სათადარიგოთა სკამისკენ გავიქეცი და ყველა გადავკოცნე.
- მატჩის პირველი ტაიმიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საბოლოოდ ასეთი შედეგი დაფიქსირდებოდა?
- ვერ გეტყვით თბილისიდან როგორ ჩანდა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ბოლომდე უნდა გვეთამაშა და ბურთი გაგვეტანა. ისე მოხდა, რომ პირველ გოლს მეორე მოჰყვა და თამაშიც ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა. შესაძლოა, ხალხი არ ელოდა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ დადებითი შედეგის ჩვენება შეგვეძლო. მატჩამდე ქეცბაია გვესაუბრა და გვითხრა, რომ მოწინააღმდეგე ვინც არ უნდა გვყოლოდა, ყველასთან ბოლომდე უნდა გვებრძოლა. მისი თქმით, როცა ფეხბურთელს სურს და დარწმუნებულია, რომ შედეგი იქნება, ის აუცილებლად მოვა.
- თამაშის დასრულების შემდეგ, თემურ ქეცბაიამ გასახდელში რა გითხრათ?
- მწვრთნელმა კიდევ ერთხელ გაგვიმეორა: ვისაც გამარჯვება უნდა და ბოლომდე თამაშობს, იგებსო.   
- ეროვნულ ნაკრებში ყოფნა არცთუ დიდხანს მოგიწია და გუნდის შიგნით არსებულ ატმოსფეროზე რას იტყვით?
- ძალიან კარგი ატმოსფეროა. ქართველები მაინც ქართველები ვართ. ზოგიერთ ფეხბურთელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობდი, ზოგი კი, “ზესტაფონთან” ევროპის ლიგაზე რომ გვქონდა შეხვედრები, იქიდან გავიცანი. ქეცბაიამ ჩემი თამაში ზესტაფონში ნახა და გარდა ამისა, “კარპატის” მატჩებსაც ადევნებდა თვალს. ამიტომ, ჩემზე ინფორმაცია ჰქონდა და მისთვის უცნობი არ ვიყავი.
- თუ გაქვთ იმედი, რომ ნაკრებში კიდევ მიგიწვევენ?
-  ნაკრებში რომ გამომიძახონ, ამისთვის კლუბში უნდა ვითამაშო კარგად. გოლის გატანა არაფერს ნიშნავს, რადგან შეიძლება ერთხელ გაიტანო, მაგრამ შემდეგ კლუბში ვერაფერი გააკეთო. ამიტომ, “კარპატიში” უფრო ხშირად და სტაბილურად თამაშია საჭირო. თუ გამოსაძახებელი ვიქნები, მიხმობენ კიდეც.
- მამათქვენი, გია გურული ხომ არ ყოფილა სლოვენიაში თამაშის საყურებლად ჩამოსული?
- არა, სლოვენიაში არ ყოფილა, თამაშს ინტერნეტით უყურა.
- როგორ შეაფასა თქვენი გამოსვლა?
- შექებით არასოდეს მაქებს. ყოველთვის იმას მეუბნება, თუ რა არ გავაკეთე კონკრეტულ ეპიზოდში. კარგად მიცნობს და იცის როგორ უნდა მესაუბროს. ახლაც, ტელეფონით რომ მელაპარაკა, ერთი-ორი შენიშვნა მომცა.
- “კარპატის” მოთამაშეებმა თუ მოგილოცეს წარმატება?
- რამდენიმე ფეხბურთელმა დამირეკა და მომილოცა. ძალიან გამეხარდა. საერთოდ, “კარპატი” კარგი კოლექტივია და ლვოვშიც ქართველები უყვართ.
ლაშა თაბაგარი

 

0.12931