ინტერვიუები

10:22 | 29.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" მესაკუთრის მოლოდინში

საქართველოშიც მოახლოვდა ახალი საფეხბურთო სეზონი. თუ პარასკევს გასამართ სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე რამე არ შეიცვალა, ექვს აგვისტოს დანიშნული 3 მატჩიდან ერთი მაინც გაიმართება. თბილისის “დინამოსა” და “ზესტაფონის” მონაწილეობით შეხვედრების მოგვიანებით დანიშვნა გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ პროფლიგა მათ ევროლიგაზე მოთამაშე ქართული გუნდების მესვეურთა ინტერესების დაცვით დანიშნავს, არაფერი უნდა დაშავდეს.
“მსოფლიო სპორტი” დღეიდან იწყებს და XXII ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე დაამთავრებს იმ 10 ქართული გუნდის წარდგენას, რომლებიც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის 4-წრიან პაექრობას უნდა შეუდგნენ. პირველი მათგანი “სამტრედია” იქნება, რომელმაც წინა ჩემპიონატი გასავარდნ ზონასთან ახლომყოფ VII ადგილზე კი დაამთავრა, მაგრამ უძლიერეს ქართულ გუნდებში მისი დარჩენა საჭოჭმანო ერთხელაც არ გაუხდია.   
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ათეულში ს/კ “სამტრედია” ერთადერთია, ვისაც ბეჭედდასმული მილიონიანი მესაკუთრე ჯერ არ გამოსჩენია. თუმცა, როგორც “მსოფლიო სპორტთან” კლუბის პრეზიდენტის, ზაზა ადეიშვილის საუბრიდან ჩანს, იმერლებსაც მალე ეყოლებათ ქართულ ბიზნესში მოღვაწე წარმატებული დამფინანსებელი.  
- ბატონო ზაზა, როგორაა საქმე - ისეთს რას სთავაზობთ სავარაუდო მესაკუთრეს, ამდენს რომ ფიქრობენ?
- როგორც იცით, პრემიერ-მინისტრთან წყდება ეს საკითხები. ჩართულია მასში ფეხბურთის ფედერაციის, იმერეთის მხარის ხელმძღვანელობა და მიდის კონსულტაციები. მგონი, მისული არიან ფინიშის სწორზე. სავარაუდოდ, “სამტრედიის” მიმართულებით “ლუკოილის”, PSP-სა და “ავერსის” სახელებმა გაიჟღერა. ჯერ პრეზენტირებული არაფერია, თუმცა, გვპირდებიან, რომ ან ჩემპიონატის დაწყებამდე, ან დაწყებიდან რამდენიმე დღეში გამოცხადდება კლუბის მეპატრონე.
- რისი მესაკუთრე ხდება ზემოთ დასახელებული ფირმებიდან ერთ-ერთი, ან რამდენიმე ერთად?
- მათი საკუთრება ხდება იურიდიული პირი - საფეხბურთო კლუბი “სამტრედია”, თავის აქტივ-პასივით. პასივი ბევრი არაფერია - რაღაც მიმდინარე ხარჯები. აქტივი არის მოკლევადიანი კონტრაქტებით მოზიდული კვალიფიციური მწვრთნელ-ფეხბურთელები. ამას გარდა, სიმბოლურ თანხაში (როგორც ვიცით, ერთ დოლარს ადებენ ფასს - რედ.) გადაეცემა ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი, თავისი შენობა-ნაგებობებით. ასევე, თუ მეპატრონის სურვილი იქნება, მას გადაეცემა, მინიმუმ, ერთი საფეხბურთო ბაზა დიდ ჯიხაიშში საუკეთესო მინდვრით და სარეაბილიტაციო საძილე კორპუსით, კვების ბლოკითა და გასახდელებით. როცა ამ ბაზას შესაბამისად ხელი შეევლება, იგი საქართველოს ბაზების ხუთეულში ნამდვილად მოხვდება თბილისის დიღმის, ქუთაისის საღორიის, გრიგოლეთისა და ზუგდიდის “ბაიას” ბაზებთან ერთად.
ამათ გარდა, ჩვენ გვაქვს ვაზისუბნის საფეხბურთო ბაზა, რომელიც ასევე მუნიციპალურ საკუთრებაშია. ამ ადგილისთვის, ამ ეტაპზე ბაზის დარქმევა, ცოტა ხმამაღალი გამოგვივა, თუმცა, თბილისი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე 4 ჰექტარი ფართობი, ბათუმამდე დაახლოებით 90 კილომეტრის მოშორებით, კომერციული კუთხით ურიგო შენაძენი არ უნდა იყოს.
თუ კლუბის პოტენციურ მესაკუთრეს შორს მიმავალი გეგმები ექნება, საუკეთესო აქტივია კულაშის ტექნიკუმის შენობა-ნაგებობები რამდენიმე ჰექტარი მიწით. აქ შესაბამისი კაპიტალ-დაბანდებებით საფეხბურთო აკადემიის გაკეთება შეიძლება. ვიცი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მზაობა, რომ ამ ქონების გადაცემაზეც შეიძლება საუბარი.
რაც მე ჩამოვთვალე, მისი რეალური საბაზრო ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს. ფეხბურთში გრძელვადიანი მიზნებით მოსული ხალხისთვის ურიგო შეთავაზება არ უნდა იყოს. ამას დავუმატოთ ის ტრადიცია, რომელიც საფეხბურთო გუნდს სჭირდება, დიდი ინტერესი სპორტის ამ სახეობისადმი მთლიანად რაიონში და მგონი, ის, ვინც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, წაგებაში ნამდვილად არ დარჩება.
- არსებული კონტინგენტით ახალ სეზონში რა მიზანს ისახავთ?
- ის საკითხები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, 2-3 თვით ადრე რომ გარკვეულიყო და ბიუჯეტიც გვცოდნოდა რამდენი გვექნებოდა, წელსვე მაღალი მიზნების დასახვაც არ იყო გამორიცხული. ამ სიტუაციაში კი, როგორც კლუბის ხელმძღვანელისთვის, მიღწევადი მიზანია კვლავაც ლიგაში ადგილის შენარჩუნება. როგორც გასულ სეზონში, ჩვენ ამჯერადაც გვინდა ისეთი გუნდი გვყავდეს, რომელიც ჩემპიონატის არცერთ ეტაპზე არ იგრძნობს ლიგიდან დაქვეითების საშიშროებას. თუ სეზონის მიმდინარეობისას მეტის პოტენცია გამოვაჩინეთ, მიზნის უკეთესობისკენ კორექტირება ყოველთვის შესაძლებელია.

მოგეხსენებათ, სამტრედიელები გასული სეზონის დამთავრებისთანავე ლიგიდან დაქვეითების საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. გუნდს არ ჰყავდა A ლიცენზიის მქონე მთავარი მწვრთნელი. კლუბის ხელმძღვანელობა ფედერაციის მიერ მიცემულ ვადაში ჩაეტია და უკვე ივნისის დასაწყისში შესაბამისი დიპლომის მქონე სპეციალისტთან ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.
გელა სანაია გასულ სეზონში თბილისის “ლოკომოტივს” წვრთნიდა. მისი თავკაცობით, გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ურიგო თამაში არ უჩვენებია - “რკინიგზელები” ბოლო მომენტამდე ინარჩუნებდნენ უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს, თუმცა, საბოლოოდ, დაქვეითდნენ.
ახალ გუნდში მისულს, სამტრედიელთა ძირითადი შემადგენლობის წამყვანი ფეხბურთელები წასული დაუხვდა, ზოგმაც მისი გადაწყვეტილებით დატოვა გუნდი. მოკლედ, სანაიამ ძველი ბირთვის დარჩენილთა ირგვლივ ახალი კოლექტივი შეკრა, რომლის რეალური ძალა აგვისტოდანვე გამოჩნდება.
გუნდის წინასასეზონო მზადების შესახებ “მსოფლიო სპორტი” გელა სანაიას სამტრედიაში  დაუკავშირდა.
- ბატონო გელა, როგორც ვიცით, საკმაოდ პროდუქტიული შეკრება გქონდათ, არც საკონტროლო შეხვედრების ნაკლებობას უჩივოდით.
- გუნდმა მზადება ათ ივნისს დაიწყო. სულ შეკრების 8-კვირიანი ციკლი გვქონდა, რომელიც სიმძლავრეზე, გამძლეობასა და სისწრაფეზე იყო გათვლილი. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. ახლა უშუალოდ პირველი ტურის შეხვედრისთვის ვემზადებით, რომელიც შვიდ აგვისტოს ფოთში გვაქვს დაგეგმილი.
ჯერ 6 საკონტროლო შეხვედრა გვქონდა. თანმიმდევრობით რომ მივყვეთ - წავაგეთ ქუთაისის “ტორპედოსთან” 0:1, რუსთავის “ოლიმპთან” 1:4, “გაგრასთან” 0:2, მოვუგეთ “ბათუმს” 2:1 და საჩხერეს “ჩიხურას” 2:1, წავაგეთ მარტვილის “მერანთან” 1:2. დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი შეხვედრა 30 ივლისს ხონის “იმერეთთან”.
- თუ შეიძლება, ის ძირითადი ბირთვი დაგვისახელეთ, რომელსაც ახალ სეზონში დაეყრდნობით.
- ჩამოვთვლი ფეხბურთელებს, რომელთაგან რამდენიმე დუბლშემადგენლობიდანაა, თუმცა, მიმაჩნია, რომ მათ ძირითად გუნდშიც ხშირად მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება: ლაშა ძაგანია, კახა ჯინჭარაძე, გიორგი ხუმარაშვილი, თორნიკე და ირაკლი შალიკაშვილები, გიორგი სოსელია, აკაკი კუპრეიშვილი, ცოტნე ხარაბაძე, აკაკი დვალიშვილი, სპარტაკ გოგია, კახა კირთაძე, ლევან ბაკურაძე, თემურ ფურთუხია, ვაკო ტყემალაძე, დავით კირკიტაძე, შოთა ჩომახიძე, გიორგი ჩხიკვაძე, ილია პავლიაშვილი, გიგა კვერენჩხილაძე, გიორგი მახარაძე, პაატა ბაკარანძე.
- ამ ჩამონათვალის მიხედვით, გუნდი საგრძნობლად  გადაახალისეთ. ეს გუნდის მიზნების შეცვლამ გამოიწვია, თუ კიდევ იყო სხვა მიზეზები?
- მიზეზი მარტივია. როცა გუნდს მისი წამყვანი ფეხბურთელები ტოვებენ, მათი ადგილები უნდა შეივსოს.
მიზნებს რაც შეეხება, უნდა შევეცადოთ, ის თამასა, რაც გუნდს აქვს, წელსაც შევინარჩუნოთ. “სამტრედია” უმაღლეს ლიგაშია და იქ მისი ადგილი აქვს ნაპოვნი – შევეცდებით, შარშანდელ შედეგზე უარესი არ ვაჩვენოთ, დანარჩენს კი ჩემპიონატის მსვლელობა გამოაჩენს.
- რადგან ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოთ,  კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?
- მოდით, ჯერ ის ვთქვათ, რომ ახალი ჩემპიონატი წინასთან შედარებით ძლიერი იქნება. დაემატა ფოთის “კოლხეთი”, რომელიც ყოველთვის ამბიციური იყო და სტუმრად ფოთიდან ქულის წამოღება ყველა გუნდისთვის რთული საქმე იქნება. საკმაოდ გაძლიერდა ზუგდიდის “ბაია”, ქუთაისის “ტორპედოს” საკმაოდ ძლიერი მეპატრონე ჰყავს და შესაბამისად, გუნდიც არ უნდა იყოს ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი. ვთვლი, რომ “სამტრედიას”, ძირითადად, ბოლნისის “სიონთან”, ცხინვალის “სპარტაკთან” და ფოთის “კოლხეთთან” მოუწევს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა.
- “სამტრედიას” შინ ყოველთვის აქვს საკუთარი მაყურებლის მხარდაჭერის იმედი.  
- ტრადიციულად, სახლში ყველა მეტოქისთვის სერიოზული ბრძოლის გამართვა შეგვეძლება, თუმცა, არც სტუმრად ვაპირებთ “დამკვირვებლის” როლში ყოფნას. მაყურებელს რაც შეეხება, ხშირად ამხანაგურ მატჩზე იმდენი მაყურებელია, “დინამო”-”ლოკომოტივის” ჩემპიონატის თამაშზე არ მინახავს თბილისში.
- ბოლოს, იმ სამწვრთნელო შტაბზე ვთქვათ, რომელიც “სამტრედიას” ახალი სეზონიდან გაუძღვება.
- ძირითადი გუნდის გაწვრთნაში დამეხმარებიან მამუკა მესიაჩენკო, ლევან ანჯაფარიძე და ზაზა ტონია. დუბლშემადგენლობის გუნდს გაწვრთნიან მამუკა მესიაჩენკო და ავთო თოხაძე. ჭაბუკთა ლიგაში ჩვენს გუნდს კი, ბადრი ქორიძე და ევგენი დოლიძე უხელმძღვანელებენ.

 

ფრიდონ კერვალიშვილი

0.111132