აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა, რომელიც ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ხსოვნას ეძღვნება. ტურნირის უძლიერეს A ჯგუფში 47 მონაწილეა, რომელთა შორის სამი ქართველიცაა: კონსტანტინე შანავა (2586), შოთა აზალაძე (2419) და ზურაბ ჯავახაძე (2148).
4 ტურის თავზე 3.5 ქულით მოლდოველი ვიორელ იორდანესკუ (2644) დაწინაურდა, ქართველთა აქტივში კი 2.5-2.5 ქულაა. დამატებითი მაჩვენებლებით, აზალაძე მე-11-ეა, შანავა – მე-17, ხოლო ჯავახაძე – მე-19. განვლილი ტურში შანავა თეთრი ფიგურებით აზალაძეს დაუზავდა, ჯავახაძემ კი ასევე თეთრებით აზერბაიჯანელ ტაბრიზ იდრისოვს (2262) სძლია.
მე-5 ტურში აზალაძე და შანავა თეთრი ფიგურებით, შესაბამისად, რუს სერგეი ვოლკოვსა (2623) და აზერბაიჯანელ ორხან აბდულოვს (2387) ეთამაშებიან, ხოლო ჯავახაძე შავებით კიდევ ერთ მასპინძელ ელტაჯ საფარლის (2645) დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ამ უკანასკნელს ტურნირზე მე-5 განთესვა გააჩნია, უმთავრეს ფავორიტ, 2700-იანთა კოჰორტის ერთადერთ წარმომადგენელ ბორის გრაჩოვს (რუსეთი, 2705) კი 3.0 ქულით მე-5 საფეხური უკავია.
ნახიჩევანის საჭადრაკო ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 6 მაისს დასრულდება. საპრიზო ფონდიდან თანხები 30 მოწინავეზე გადანაწილდება, ჩემპიონი კი სპეციალურ თასთან ერთად, 6 ათას დოლარს მიიღებს.