თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ აშკარა ფავორიტი გამოიკვეთა. სლოვენიელმა მოჭადრაკე ანა მუზიჩუკმა (2583) შავი ფიგურებით ლიტველ ვიკტორია ჩმილიტეს (2497) სძლია და ათ ტურში 8.5 ქულა მოაგროვა, მის უახლოეს მდევრებს – რუსებს ვალენტინა გუნინასა (2511) და ტატიანა კოსინცევას (2513) კი აქტივში 7.5-7.5 ქულა აქვთ.
დასკვნით მე-11 ტურში მუზიჩუკი შავებით გუნინას ეთამაშება, კოსინცევა კი ასევე შავი ფიგურებით საქართველოს ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს (2559) გაეჯიბრება. ძაგნიძემ შავებით რუმინელ კრისტინა-ადელა ფოისორს (2398) სძლია და თავი 7.0 ქულას მოუყარა, ისევე როგორც ბელა ხოტენაშვილმა (2490). ამ უკანასკნელმა თეთრებით თანამემამულე ნინო ხურციძეს (2447) მოუგო.
ხოტენაშვილი და ძაგნიძე დამატებითი მაჩვენებლებით, მეცხრე-მეათე ადგილებზე იმყოფებიან, თუმცა, სამეულში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებენ. ბოლო ტურში ბელა შავი ფიგურებითYასევე 7.0 ქულის მქონე უკრაინელ კატერინა ლაჰნოს (2546) დაუპირისპირდება.
ევროპის პირველობაზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 15. ლელა ჯავახიშვილი (2448) – 6.5; 19. ნინო ხურციძე (2447) – 6.0; 20. სოფიკო გურამიშვილი (2395) – 6.0; 21. სალომე მელია (2400) – 6.0; 22. ნინო ბაციაშვილი (2438) – 6.0; 33. მერი არაბიძე (2337) – 6.0; 34. მირანდა მიქაძე (2329) – 6.0; 51. სოფიო გვეტაძე (2334) – 5.0; 55. ნაზი პაიკიძე (2406) – 5.0;
კლასიკურ ჭადრაკში პრიზიორთა ვინაობა დღეს გაირკვევა, 15-16 მარტი სწრაფ ჭადრაკს (რაპიდი) დაეთმობა, ხოლო 17-18 მარტს უძლიერესები ბლიცში გამოვლინდებიან. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი კლასიკურ ჭადრაკში 106 000 ევროა, ხოლო რაპიდსა და ბლიცში – 10-10 ათასი.