ჭიდაობა

20:29 | 10.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

საკანდელიძის ოქროს შემოდგომა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) ბოლო სამ კვირაში სამ საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავა და სამივეჯერ ჩემპიონი გახდა. ბაქოს “ოქროს დიდი პრიზისა” და ყაზახური შეჯიბრების ოქროს მედლებს ქართველმა მძიმეწონოსანმა კიდევ ერთი ოქრო რუსეთის ქალაქ იაკუტსკში ჩატარებულ დმიტრი კორკინის სახელობის ტურნირზე მიამატა.
საჩემპიონო გზას საკანდელიძე მერვედფინალით შეუყვა, მონღოლ ენხტუგს ოიუნბოლდის ორ პერიოდში ძლევით. ამავე წონით კატეგორიაში საქმეში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი გენო პეტრიაშვილი ჩაერთო და მისი და საკანდელიძის გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა. მომავალმა ჩემპიონმა ამ შეხვედრაშიც პერიოდწაუგებლად იმარჯვა. ანალოგიურად, უპრობლემოდ გაიარა ნახევარფინალი და რუსი კირილ გოტოვცევი. ფინალში კი ბელარუსი იგორ ძიატკო დაამარცხა.
რუსულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 8-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა. საკანდელიძის გარდა მედალი მამუკა კორძაიამ (96 კგ) მოიპოვა. იგი შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და მომავალ ფინალისტთან, ამერიკელ ლესლი სიგმანთან წააგო. შემდეგ პირდაპირ რეპეშაჟის ფინალში გადაერთო და რუსი ომარ კულდუევის ძლევით ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
პეტრიაშვილს სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა – “ბრინჯაოს ფინალში” წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.122123