სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:06 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საჩხერელთა სრული რეაბილიტაცია

მორიგი მატჩი ჩაატარა საჩხერის “ჩიხურამ” მისთვის უკვე მშობლიურად ქცეულ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე. ამჯერად ზემო იმერელთა მეტოქე ლანჩხუთის “გურია” გახლდათ, რომელმაც გასულ ტურში სტუმრად ცხინვალის “სპარტაკი” დაამარცხა. ძალზე უიღბლო გამოდგა წინა ტური საჩხერის “ჩიხურასათვის”, რომელმაც გასვლაზე 1:6 წაააგო ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან თბილისის “დინამოსთან”. ბუნებრივია, გამანადგურებელი მარცხის შემდეგ საჩხერლებს საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაბილიტაცია სურდათ.

მატჩი სანახაობრივი თვალსაზრისით თვალსასეირო გამოდგა. ცუდი ის გახლდათ, რომ ქომაგები იყვნენ ცოტანი, თუმცა ერთგული ფანები ორივე გუნდს ამხნევებდნენ. საერთოდ კი პაექრობა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და იყო მომენტები, როდესაც ყველანი, შესაძლოა, სხვა შედეგს ელოდნენ, თუმცა ფეხბურთი არაპროგნოზირებადი თამაშია და ეს ამ მატჩშიც ნათლად გამოჩნდა.

შეხვედრა ლანჩხუთელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე შალამბერიძე-კოშკაძის კომბინაციის შემდეგ, ამ უკანასკნელმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთიანად შეირბინა და ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ისიანს ზუსტად უპასა. ამ მომენტში ფორვარდზე მარდი, მცველი ლომაშვილი გამოდგა, რომელმაც განმუხტა სახიფათო სიტუაცია. სულ მალე საჩხერლებმა მოიპოვეს კუთხურის ჩაწოდების უფლება, რომლის შემდეგ გიორგი რეხვიაშვილი ურტყამდა მაღალ ნახტომში თავით, თუმცა მისი მცდელობის შედეგად ბურთმა ხარიხას ზემოდან გადაუარა.

ცოცხლად დაწყებული მატჩი ასევე გაგრძელდა. მე-14 წუთზე შალამბერიძემ მიიღო მოედნის სიღრმიდან გადაცემა გაჩეჩილაძისაგან და მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა დაარტყა კიდეც, მაგრამ სომხიშვილს სწორი პოზიცია ეჭირა და დარტყმულის აღება არ გაჭირვებია. საპასუხო შეტევაში დათუნაიშვილმა დატოვა ლანჩხუთელთა კიპერთან მარტო დეკანოიძე, მაგრამ ახალგაზრდა გარემარბმა ოდნავ მახვილი კუთხიდან ბობღიაშვილს ვერ გაუტანა. მეკარემ კარგად გაიაზრა სიტუაცია და კარიც დროულად დატოვა. ზუსტად ერთ წუთში მინდია ბობღიაშვილმა კიდევ ერთი საფეხბურთო გმირობა ჩაიდინა და “გურიას” კარში დანიშნული პენალტი ტატანაშვილს აუღო. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი არბიტრმა სილაგავამ დეკანოიძის წაქცევისათვის დანიშნა, რომელიც გურულთა საჯარიმოში ჯოჯუამ შეაჩერა აკრძალული ილეთით. ტატანაშვილის ძლიერად, კუთხეში დარტყმული ბურთი ბობღიაშვილმა ჩინებულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია.

100%-იანი საგოლე სიტუაციის განიავების შემდეგ, “მასპინძელთა” შეტევებმა კიდევ უფრო მეტი აგრესიულობა შეიძინა და 22-ე წუთზე საჩხერლებმა გოლიც გაიტანეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ოდიკაძის მიერ ჩაწოდებულზე ბობღიაშვილი გამოვიდა და მუშტით ბურთი საკუთარ საჯარიმოში მოიგერია, რომელიც თანაგუნდელების დასახმარებლად ჩასულ ლომაშვილს მიუვიდა. ვაჟამ ბურთი ერთი შეხებით გაისწორა და ძლიერი დარტყმით შანსი არ დაუტოვა საკუთარი კარის გასამაგრებლად მდგომ მცველებს – 1:0.

გოლის შემდეგ თამაში შედარებით გათანაბრდა. მეტოქეებს სისწრაფე და მოძრაობა არ შეუწყვეტიათ, მაგრამ მცირე ხნით სახიფათო მომენტებისაგან მეკარეები დაასვენეს. 35-ე წუთზე, კუკულაძის ჩაწოდების შემდეგ ისიანს მართებდა გატანა, მაგრამ ფორვარდმა ძლიერად დარტყმა ვერ მოახერხა და მისი მცდელობა სომხიშვილის იოლი ნადავლი გახდა. თითქმის მაშინვე, საჩხერელთა საპასუხო შეტევა გოლით დასრულდა. სტუმართა საჯარიმოს სიახლოვეს დიდებულად ითამაშა გაბედავამ, რომელმაც მეურვე იოლად ჩამოიშორა და გამოზომილი პასი შეუყოლა გურულთა საჯარიმოში შეჭრილ დეკანოიძეს, რომელმაც თავის შანსი ამჯერად ხელიდან არ გაუშვა და ოდნავ მახვილი კუთხიდან თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო საიმედო გახადა – 2:0.

ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ლანჩხუთელები მაინც არ გატყდნენ და ცდილობდნენ ტაიმის ბოლომდე მინიმუმამდე შეემცირებინათ ანგარიშში სხვაობა. ყველაზე რეალური გახლდათ 42-ე წუთზე ჩიკვილაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მახვილი კუთხიდან, რომლის ასაღებად სომხიშვილს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა დაჭირდა. გიორგის ეფექტურმა ნახტომმა საჩხერელებს ტაიმი მშრალად შეანახვინა. არბიტრის მიერ დამატებულ დროში კი “ჩიხურა” ერთი კაცით ნაკლები დარჩა. სილაგავამ, “სისტემატურად წესების” დარღვევის გამო, მეორე ყვითელი ბარათი გიორგი დათუნაიშვილს უჩვენა და მოედნიდან გააძევა.   

მეორე ტაიმი ისევ “გურიას” აქტიურობით დაიწყო, რომლის მთავარმა მწვრთნელმა შესვენებისას ორმაგი ცვლილება განახორციელა და მოედანზე შენგელია და ტორონჯაძე შეუშვა. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ძალიან ახლოს შეხვედრის განახლებისთანავე მიზანთან, როდესაც დასწრებაზე აჯობა სომხიშვილს და მახვილი კუთხიდან მეკარეზე ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ ბურთი “ჩიხურას” კარის ხარიხას ზემოდან დაეცა და პირით ხაზს იქით გადავიდა. ამის შემდეგ დაახლოებით 15 წუთი ისე გავიდა, რომ სახიფათო მომენტი აღარ შექმნილა. ერთადერთხელ, საჩხერელთა კონტრშეტევას უნდა მოჰყოლოდა ხიფათი, როდესაც მეკარესთან პირისპირ ჯიღაური დარჩა, მაგრამ “მასპინძელთა” საყრდენი წაიქცა, სავარაუდოდ, მას ფეხი ჩუენსუს ფეხზე წამოედო, თუმცა სილაგავას წესების დარღვევა სამართლიანად არ დაუფიქსირებია და ხიფათიც განიმუხტა.

მატჩის არბიტრისადმი სტუმართა ფანების რისხვა გაძლიერდა 65-ე წუთზე მომხდარი მოვლენის შემდეგ, როდესაც საჩხერელთა საჯარიმში შეჭრილი ჩუენსუ რეხვიაშვილთან შეჯახებისას წაიქცა. ამ დროს სილაგავამ დამნაშავედ “გურიას” მცველი მიიჩნია და სიმულაციისათვის ყვითელი ბარათი უჩვენა. 69-ე წუთზე ლანჩხუთელებმა ანგარიშის მინიმუმამდე დაყვანა მაინც შეძლეს, როდესაც საჯარიმოს მისადგომებთან,  დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს. ჩვენს ჩემპიონატში სტანდარტულების ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა ჩიკვილაძემ ძლიერი და გამოზომილი დარტყმით სომხიშვილს შანსი არ დაუტოვა და თავისი გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.

საერთოდ, მეორე ტაიმში საჩხერლები თავიანთი კარის უსაფრთხოებაზე უფრო ზრუნავდნენ და შესაბამისად, თამაშიც კონტრშეტევებზე ჰქონდათ აწყობილი. 75-ე წუთზე, სოსო ფრუიძის მიერ არჩეულმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო და დეკანოიძემ ისევ ორამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა. არადა, საჩხერელთა მარჯვენაფლანგელი უხერხული მდგომარეობიდან ურტყამდა, მაგრამ დარტყმული გამოუვიდა ძალზე ზუსტი და ბობღიაშვილმაც ვერაფერი მოუხერხა მის ამ მცდელობას - 3:1.

მოვლენების ასეთმა განვითარებამ გურულებზე ძალზე მძიმედ იმოქმედა, რისი დასტურიც იყო 81-ე წუთზე მათი მცველების მიერ დაშვებული შეცდომა, რომლითაც ისარგებლა გაბედავამ და ბობღიაშვილთან პირისპირ დარჩენილმა თავისი გუნდის მეოთხე გოლი გაიტანა – 4:1. ცოტა ხანში ისევ საჩხერელთა სწრაფი კონტრშეტევა და შოთა კაშიამ ზუსტი გადაცემით ჯიღაურს გაატანინა – 5:1. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ შეხვედრაში ასეთ ანგარიშს ვერავინ წარმოიდგენდა, ფაქტია, რომ “ჩიხურამ” ამის გაკეთება შეძლო და “დინამოსთან” განცდილი ფიასკოს შემდეგ სრული რეაბილიტაცია მოახდინა.     

“ჩიხურა” – “გურია” 5:1 (2:0) 

26 ოქტომბერი. 15:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 400 მაყურებელი

“ჩიხურა”: სომხიშვილი, ჯიღაური, გიორგი რეხვიაშვილი, გაბედავა (ჩიკვაიძე, 86), ტატანაშვილი (ქიმაძე, 46), ლომაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე (წინამძღვრიშვილი, 86).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“გურია”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, კუკულაძე (შენგელია, 46), კოშკაძე, შალამბერიძე, გაჩეჩილაძე (ტორონჯაძე, 46), ისიანი.

მთავარი მწვრთნელი: რომან პოკორა

გოლები: 1:0 ლომაშვილი (22), 2:0 დეკანოიძე (36), 2:1 ჩიკვილაძე (69), 3:1 დეკანოიძე (75), 4:1 გაბედავა (81), 5:1 ჯიღაური (85).

მე-15 წუთზე ტატანაშვილმა ვერ გამოიყენა პენალტი

გაფრთხილება:  ჯოჯუა (14), ჯიღაური (25), რეხვიაშვილი (30),  დათუნაიშვილი (43), დათუნაიშვილი (45+1), ჩუენსუ (65), ქიმაძე (67).

გაძევება: დათუნაიშვილი (45+1).       

არბიტრი:  ლაშა სილაგავა (თბილისი).       


ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ზვიად მეტრეველი (40), 1:1 ლუკა გუგუჩია (პენ, 74) 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი) 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 გრიგოლ დოლიძე (10), 0:2 ირაკლი მოდებაძე (58) 

მერანი (მარტვილი) – ზესტაფონი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (75), 0:2 საბა ლომია (77) 

დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 17:00 

 

1     დინამო (თბილისი)                      9         7         1         1          25:8             22           
2 ჩიხურა 10 6 1 3 23:18 19
3 ტორპედო 9 5 4 0 14:5 19
4 მეტალურგი  10 5 2 3 16:15 17
5 გურია 10 5 0 5 10:14 15
6 დილა             10 4 3 3 13:11 15
7 ზესტაფონი        10 4 2 4 12:8 14
8 მერანი                     10 4 0 6 12:22 12
9 ვიტ ჯორჯია               10 3 3 4 14:14 12
10 სიონი                10 2 3 5 11:15 9
11 ზუგდიდი            10 1 4 5 5:15 7
12  სპარტაკი          10 1 1 8 5:15 4

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115316