სტამბოლში, რიგით მე-40 საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ლიდერი – ბაადურ ჯობავა გამოაკლდა. მას საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავა შეცვლის. შანავასთან ერთად ოლიმპიადაზე იასპარეზებენ მიხეილ მჭედლიშვილი, თორნიკე სანიკიძე, მერაბ გაგუნაშვილი და ლევან ფანცულაია.
პირველ ტურში საქართველოს ვაჟთა ნაკრების მეტოქე იემენის გუნდია. ცხადია, ჩვენი მოჭადრაკეები ამ შეხვედრაში ფავორიტები არიან. მჭედლიშვილი (რეიტინგი – 2659) ეთამაშება ალ ზენდანს (2363), გაგუნაშვილი (2578) – ფარაგის (2243), სანიკიძე (2585) – ალ ჰადრანის (2263), ხოლო ფანცულაია (2575) – აბდულას (2019).
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების მეტოქე კი გვატემალის სუსტი გუნდია:
ბელა ხოტენაშვილი (2509) – მასარიეგოსი (2062)
ლელა ჯავახიშვილი (2458) – სოტომაიორი (1885)
ნინო ხურციძე (2444) – კ. მენკოსი (2035)
ნინო ბაციაშვილი (2432) – მ. მენკოსი (1877)
აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიადაზე 5 ქართველი მოჭადრაკე სხვადასხვა ქვეყნის ღირსებას იცავს:
ანა მათნაძე ესპანეთის ნაკრების ლიდერია, ნინო მაისურაძე საფრანგეთის გუნდის მეორე დაფაზეა განწესებული, რუსუდან გოლეთიანი აშშ-ის დროშით გამოდის. ვაჟებიდან დავით შენგელია ავსტრიის ნაკრებშია, ხოლო ალექსანდრე დგებუაძე ბელგიელებს უდგას სათავეში.
თენგიზ ჩობანიძე