ფეხბურთი

5:17 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ შინ სტუმრის სტატუსით ბრუნდება

 

მანჩესტერსა და დორტმუნდში გასამართ მატჩებში, ჩემპიონთა ლიგის 2012-13 წლების სეზონის პირველი 2 მეოთხედფინალისტი გამოვლინდება. ორივე თამაში ისეთია, ფეხბურთის გულშემატკივარს ყურება და სიამოვნების მიღება რომ მოგინდება, მაგრამ გუნდების სახელებისა და ვარსკვლავური შემადგენლობის გათვალისწინებით, “დორტმუნდი”-“შახტარის” თამაში “მანჩესტერისა” და “რეალის” დაპირისპირების ჩრდილში ექცევა.

 

მანჩესტერი-რეალი (პირველი მატჩი 1:1)

1/8-ფინალური წყვილებიდან, “მანჩესტერისა” და “რეალის” დაპირისპირება თავიდანვე ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა და პირველი შეხვედრების შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა. ევროპული ფეხბურთის ძალიან კარგ ფორმაში 2 გრანდი ორრაუნდიანი დაპირისპირების მე-2 შეხვედრას გამართავს და მიუხედავად იმისა, რომ პირველ მატჩში, “მანჩესტერმა” მცირე უპირატესობა მოიპოვა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ წყვილში მთავარი ბრძოლა წინაა.

მატჩს ორივე გუნდი კარგ ფორმაში და ამაღლებული განწყობით ხვდება. განსაკუთრებით “რეალი”. გუნდებს შორის გამრთული პირველი შეხვედრის შემდეგ, “მანჩესტერმა” სამივე თამაში მოიგო, პრემიერლიგაში არსებული დიდი უპირატესობა შეინარჩუნა და შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობაც გაინაღდა.

“რეალის” ბოლოდროინდელი მიღწევები განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს. მადრიდელებს ისეთი კალენდარი ჰქონდათ, უარესის წარმოდგენა რომ რთული იყო. 4 დღეში გასამართი 2 “ელ კლასიკოს” შემდეგ, ჟოზე მოურინიოს დღევანდელი მატჩი ელოდა. ის, რაც “რეალისთვის” პრობლემა უნდა გამხდარიყო, მადრიდელებმა სათავისოდ გამოიყენეს – “სამეფო კლუბმა”, “ბარსელონას” ცუდ მდგომარეობაში ყოფნით ისარგებლა, კატალონიელებს ორივე თამაში ერთი ამოსუნთქვით, შეიძლება ითქვას, ძალების ზედმეტი დახარჯვის გარეშე მოუგო. შედეგად, მადრიდელები დღევანდელ მატჩს ძალზე კარგ ხასიათზე მყოფნი და დასვენებულნიც ხვდებიან.

ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა “რეალს” აქვს – მადრიდელებმა 3-ჯერ მოიგეს, ხოლო “მანჩესტერმა” 2-ჯერ. მიუხედავად მცირე უპირატესობისა, გამართული 4 ორრაუნდიანი დაპირისპირებისა, 3 ესპანური გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.

1957 წელს, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში, “რეალმა” შინ 3:1 მოიგო და სტუმრად 2:2 ითამაშა. 1968 წელს, ორრაუნდიან დაპირისპირებაში, “მანჩესტერმა” “რეალის” დამარცხება ჯერჯერობით ერთადერთხელ მოახერხა. კვლავ ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში, “წითელმა ეშმაკებმა” შინ 1:0 მოიგეს და სტუმრად 3:3 ითამაშეს. 2000 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “რეალის” ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოხდა, როდესაც მადრიდელებმა ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი მატჩი შინ ფრედ დაასრულეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც “სამეფო კლუბი გავიდა”. მადრიდში უგოლო თამაშის შემდეგ, მანჩესტერში, სტუმრებმა 3:2 მოიგეს. 3 წლის შემდეგ, კვლავ ლიგის 1/4-ფინალში, უფრო ძლიერი ისევ “რეალი” აღმოჩნდა. მადრიდში 3:1 მოგების შემდეგ, ესპანელებმა მანჩესტერში 3:4 წააგეს.

ტრავმების გამო, “მანჩესტერს” პოლ სკოულზი და ფილ ჯონსი არ ეყოლება. მადრიდელთა განაცხადს უბრუნდება კაპიტანი იკერ კასილიასი, მაგრამ დიდი ალბათობით, ის დღეს არ ითამაშებს. დღევანდელ მატჩს სტუმარი გუნდის ლიდერები დასვენებულები ხვდებიან. შაბათს გამართულ “ელ კლასიკოში”, ხედირა და რონალდუ მოედანზე მე-2 ტაიმში შევიდნენ, ხოლო იოზილს, იგუაინს, დი მარიასა და ჩაბი ალონსოს საერთოდ არ უთამაშიათ.

  • გუნდები ერთმანეთს აქამდე 9-ჯერ შეხვედრიან. “მანჩესტერს” 2 მოგება აქვს, “რეალს” – 3. ოთხი თამაში ფრედ დასრულდა;
  • “ოლდ ტრაფორდზე”, “მანჩესტერისა” და “რეალის” ბოლო 2 დაპირისპირებაში 12 გოლი გავიდა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 39 შეხვედრიდან “მანჩესტერმა” მხოლოდ 2 წააგო და ისიც მაშინ, როდესაც “წითელი ეშმაკები” უმოტივაციოდ თამაშობდნენ;
  • მიმდინარე სეზონში, “მანჩესტერის” ფეხბურთელებმთა თერთმეტმეტრიანი 9-ჯერ დაარტყეს და მხოლოდ 4-ჯერ გაიტანეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფში, “მანჩესტერმა”, პირველი მატჩი სტუმრად ფრედ 12-ჯერ დაასრულა. ინგლისელები შემდეგ ეტაპზე 9 შემთხვევაში გავიდნენ, მათ შორის 3-ჯერ მაშინ, როდესაც პირველი თამაში 1:1 დასრულდა;
  • ყველა ტურნირზე, “მანჩესტერს” 18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. საკუთარ კედლებში, ფერგიუსონის გუნდმა ბოლო 10 თამაში მოიგო;
  • მიმდინარე გათამაშებაში, ბურთი ძელს ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ “მანჩესტერის” ფეხბურთელებმა მოარტყეს;
  • ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 საშინაო შეხვედრიდან “მანჩსტერმა” კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა;
  • რაიან გიგზს კარიერაში 999 ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული. დღეს, შესაძლოა, ის გახდეს მე-3 ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელმაც 1000 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა;
  • თავისი პირველი ევროპული ტიტული ალექს ფერგიუსონმა 1983 წელს მოიგო, როდესაც თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, “აბერდინით” “რეალი” 2:1 დაამარცხა;
  • 2003-2009 წლებში, კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერში” ასპარეზობდა. “წითელი ეშმაკების” მაისურით ჩატარებულ 292 თამაშში მან 118 გოლი გაიტანა;
  • “მანჩსტერში” თამაშის დროს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, კრიშტიანუ რონალდუ “ოლდ ტრაფორდზე” 23-ჯერ გამოვიდა და მის ანგარიშზე 7 გოლია. შედარებისთვის – ამავე ტურნირზე, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულ 18 თამაშში, მან 16 გოლი გაიტანა;
  • “ლივერპულში” თამაშის დროს, ჩაბი ალონსო “მანჩესტერს” 7-ჯერ დაუპირისპირდა და მან “წითელ ეშმაკებთან” მოგება მხოლოდ მე-7 ცდაზე მოახერხა. იმავე გუნდის მაისურით, ალვარო არბელოამ “მანჩესტერთან” გამართული სამივე დაპირისპირება წააგო;
  • “ტოტენჰემში” თამაშის დროს, ლუკა მოდრიჩმა მონაწილეობა “მანჩესტერის” წინააღმდეგ გამართულ 8 დაპირისპირებაში მიიღო და მისმა გუნდმა ვერცერთხელ მოიგო;
  • “ატლეტიკოში” თამაშის დროს, დე ხეამ “რეალთან” გამართული ხუთივე მადრიდული დერბი წააგო და 11 გოლი გაუშვა;
  • მიმდინარე გათამაშებაში, რონალდუმ 7 გოლის გატანა მოახერხა, რაც ბურაქ ილმაზის შედეგთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია;
  • ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან “რეალმა” 5 მოიგო და ერთი, “მანჩესტერთან”, ფრედ დაასრულა;
  • “რეალმა”, ევროტურნირების ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში პირველი მატჩი ფრედ 8-ჯერ ითამაშა. მადრიდელები შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ გავიდნენ და ეს “მანჩესტერთან” დაპირისპირების დროს მოხდა;
  • ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, “რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 15-ჯერ ითამაშა და მხოლოდ 2-ჯერ წააგო;
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ანხელ დი მარიას 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული და ოთხივე მანჩესტერულ გუნდებთან. 3-ჯერ, მან თანაგუნდელებს “სიტისთან” გაატანინა, ხოლო ერთხელ – “იუნაიტედთან”;
  • ჟოზე მოურინიოს ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოუგია და ორივე შემთხვევაში, 1/8-ფინალში, მისმა გუნდმა ინგლისური კლუბი დაამარცხა;
  • მოურინიოს “ოლდ ტრაფორდზე” სათამაშოდ გუნდი 6-ჯერ გაუყვანია. მის ანგარიშზე 2-2 მოგება, ფრე და წაგებაა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 32 თამაშიდან “რეალმა” გოლის გატანა მხოლოდ ერთში ვერ მოახერხა;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “რეალმა” გოლი ყველა თამაშში გაუშვა;
  • არაა გამორიცხული, გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდეს საჭირო. ამ კომპონენტში, განსაკუთრებით ძლიერი არცერთი გუნდია. “მანჩესტერსაც” და “რეალსაც”, ევროტურნირებზე, პენალტების სერიაში მონაწილეობა სამ-სამჯერ მიუღიათ. ორივე გუნდის ანგარიშზე თითო მოგებაა;
  • ჟოზე მოურინიოსა და ალექს ფერგიუსონს შორის გამართული 15 შეხვედრიდან შოტლანდიელმა მხოლოდ 2 მოიგო. 6-ჯერ წარმატებას პორტუგალიელმა მიაღწია;
  • ჟოზე მოურინიო და სერ ალექს ფერგიუსონი იმ 4 მწვრთნელს შორის არიან, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-მატჩიანი ბარიერის გადალახვა მოახერხეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, პირველი შეხვედრის ანგარიში “მანჩესტერს” შემდეგ ეტაპზე გავლის 76%-იან შანსს აძლევს;
  • “მანჩესტერი” მეტოქეს, ყველაზე მეტად, ბოლო 15 წუთში უნდა უფრთხოდეს. 76-ედან 90-ე წუთამდე, “რეალს” 7 გოლი აქვს გატანილი. არცერთ 15-წუთიან მონაკვეთში, არცერთ სხვა გუნდს, ამ რაოდენობის ბურთი არ გაუტანია.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა, რაფაელი, ევანსი, ფერდინანდი, ევრა, კერიკი, კლევერლი, უელბეკი, რუნი, კაგავა, ვან პერსი.

რეალი (4-2-3-1): ლოპესი, არბელოა, ვარანი, რამოსი, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო, დი მარია, იოზილი, რონალდუ, ბენზემა.

მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).

 

დორტმუნდი-შახტარი (პირველი მატჩი 2:2)

“დორტმუნდისა” და “შახტარის” დაპირისპირება, ამჯერადაც, “მანჩესტერი”-“რეალის” მატჩის ჩრდილშია მოქცეული. არადა, გერმანიისა და უკრაინის ჩემპიონების შეხვედრა კვლავ საინტერესო სანახაობას გვპირდება.

გასულ კვირაში, უკრაინის ჩემპიონატი განახლდა და ცხრილის სათავეში დამაჯერებლად მყოფმა “შახტარმა” დაამტკიცა, რომა მას ქვეყნის მასშტაბით კონკურენტი კვლავ არ ჰყავს. დონეცკელებმა “ვოლინი” 4:1 გაანადგურეს და 13-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

შიდა ასპარეზზე საქმეები კვლავ ცუდად მისდის “დორტმუნდს”. კლოპის გუნდმა ზედიზედ მესამედ გაჩემპიონების შანსი უკვე დიდი ხანია დაკარგა და ცოტა ხნის წინათ, დორტმუნდელები გერმანიის თასიდანაც გამოვარდნენ.

გუნდები ორრაუნდიან დაპირისპირებაში ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. 2001 წელს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, “დორტმუნდმა” ორივე თამაში მოიგო, საერთო ჯამში 5:1.

შემდეგ ეტაპზე გასვლასთან გერმანელები ამჯერადაც ახლოს არიან. სტუმრად 2 გოლის გატანა და არწაგება არცთუ მცირე უპირატესობაა.

დიდი ალბათობით, გრიპის გამო, “დორტმუნდს” მატს ჰუმელსი არ ეყოლება, რაც დიდი დანაკლისია. სხვა მხრივ, გუნდებს საკადრო პრობლემები არ აქვთ.

  • გუნდების ურთიერთდაპირისპირების ისტორია 3 მატჩს ითვლის. დორტმუნდელთა ანგარიშზე 2 მოგებაა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დარულდა;
  • ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან “დორტმუნდმა” მხოლოდ 2 მოიგო;
  • “დორტმუნდი” ერთ-ერთია იმ 3 გუნდიდან, რომლებსაც მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვთ;
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, იურგენ კლოპის გუნდმა სამივე საშინაო შეხვედრა მოიგო და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა;
  • “დორტმუნდმა”, ევროტურნირების ფლეი ოფში, პირველი მატჩი სტუმრად ფრედ 7-ჯერ დაასრულა. გერმანელები შემდეგ ეტაპზე 6-ჯერ გავიდნენ;
  •  
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 11 გასვლით თამაშში “შახტარმა” 22 გოლი გაიტანა;
  • “შახტარის” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ბოლო 12 გოლიდან თერთმეტის ავტორი ბრაზილიელი ფეხბურთელია;
  • უეფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე, ფლეი ოფის პირველი შეხვედრა, საკუთარ კედლებში, “შახტარმა” ფრედ 5-ჯერ დაამთავდა. დონეცკელები შემდეგ ეტაპზე 2-ჯერ გავიდნენ;
  • ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, პირველი შეხვედრის ანგარიში “დორტმუნდს” შემდეგ ეტაპზე გავლის 82%-იან შანსს აძლევს;
  • “შახტარის” მეტოქეს, ყველაზე მეტად, კვლავ 31-დან 45-ე წუთამდე უნდა უფრთხოდეს. 3 კვირის წინათ, ერთი ბურთი, დორტმუნდელებმა დროის ამ მონაკვეთში გაიტანეს. მიმდინარე გათამაშებაშიმ პირველი ტაიმის ბოლო მესამედში, კლოპის გუნდს 5 გოლი აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, სანტანა, შმელცერი, გიუნდოგანი, ბენდერი, ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი, ლევანდოვსკი.

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რატი, ჰუბშმანი, ფერნანდინიო, ტეიშეირა, მხითარიანი, ტაისონი, ლუიზ ადრიანო.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

 

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.

0.212227