ცნობილმა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა როი მაკაიმ, საფეხბურთო კარიერა ამა წლის მაისში, “ფეიენოორდის” რიგებში დაასრულა, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარებულ 87 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, 35 წლის ფეხბურთელმა, 17-წლიან პროფესიონალურ კარიერაში 632 მატჩი გამართა და მეტოქის კარი 312-ჯერ აიღო. 1996-2005 წლებში, მაკაიმ ეროვნული გუნდის მაისური 43-ჯერ მოირგო, მაგრამ საკლუბო კარიერისგან განსხვავებით, სანაკრებო დონეზე ისეთი წარმატებული არ ყოფილა – მხოლოდ 6 გოლი მიითვალა. ისიც აღსანიშნავია, რომ მას, მუნდიალზე თამაში არ მოუწია და “ნარინჯისფერებს” მხოლოდ ევროპის პირველობებზე -2000 და 2004 წელს ეხმარებოდა. ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, 2003 წლის ევროპის “ოქროს ბუცისა” და ამავე წელს ესპანეთის პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირს, ინტერვიუ ჩამოართვა.
- მსოფლიოს ჩემპიონატს თვალს სად ადევნებთ?
- ამჟამად, ოჯახთან ერთად გერმანიაში ვიმყოფები. თუმცა, მალე ჰოლანდიაში დავბრუნდები და მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრებს იქ ვუყურებ.
- ტურნირზე რა შთაბეჭდილება გრჩებათ?
- რამდენიმე სიმპათიური თამაში იყო, მაგრამ ყველაფერი ჯერ წინაა. ახლა ხომ, შეცდომის უფლება აღარავის აქვს. ასე რომ, ძალიან საინტერესო იქნება.
- ყველაზე მეტად, რამ გაგაოცათ? როგორც დადებით, ასევე უარყოფით კონტექსტში.
- მუნდიალის მთავარ აღმოჩენად ურუგვაის, პარაგვაისა და იაპონიას ვთვლი. მთავარ იმედგაცრუებად –იტალიასა და საფრანგეთს. მათგან მსგავს “ჩავარდნას” არ ველოდი.
- თავის დრიზე, ესპანეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში თამაშობდით. ამ ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებს როგორ შეაფასებდით?
- ჩემი თანამემამულეები, ჯერჯერობით, საკმაოდ თავდაჯერებულნი გამოდიან. შეიძლება ითქვას, ზედმეტი პრობლემების გარეშე. თუმცა, ამ ბიჭებს უკეთესად თამაში შეუძლიათ. სჩანს, გადამწყვეტი მატჩებისთვის ძალას ინახავენ. გერმანელები, ჯერჯერობით, ძალიან მახარებენ. იოახიმ ლიოვის შეგირდებს მოედანზე ურთიერთგაგების პრობლემა არ აქვთ და ¼1/4-ფინალში აბსოლუტურად დამსახურებულად გავიდნენ. მათ ინგლისელებს შანსი არ დაუტოვეს, მაგრამ ახლა, დაპირისპირება არგენტინასთან მოუწევთ, რომელიც ჩემი აზრით, ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია. ცხადია, ესპანეთიც დიდი გუნდია, რომელშიც მაღალი კლასის შემსრულებლები არიან შეკრებილნი. შვეიცარიასთან სასტარტო შეხვედრაში, მათ ცოტა არ გაუმართლათ, მაგრამ ამჟამად, მუნდიალის მოგების ერთ-ერთ პრეტენდენტად მიმაჩნია.
- ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბერტ ვან მარვიიკს ძალიან კარგად იცნობთ, მის შესახებ რას იტყვით?
- მას ძალიან მაღალი დონის მწვრთნელად ვთვლი. მან ყოველთვის იცის, რა და როგორ უნდა მიიტანოს მოთამაშეებამდე. ბიჭებს საუცხოოდ ესმით, რომ მათ წინაშე მხოლოდ ერთი ამოცანა – მსოფლიო ჩემპიონატის მოგება დგას. შემიძლია ვთქვა, რომ მარვიიკი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რომელიც ოდესმე მინახავს.
- სხვათა შორის, ჰოლანდიელების შემდეგი მეტოქე ბრაზილიის ნაკრებია...
- საუცხოო მატჩი იქნება, რადგან ორივე ძალიან კარგი გუნდია. ამ წყვილში გამარჯვებული, ალბათ, ფინალშიც გავა. რა თქმა უნდა, ჰოლანდიას ვუგულშემატკივრებ.
- ჯერჯერობით, თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა?
- ყველაზე საინტერესოდ მესი გამოიყურება, ისევე, როგორც მთელი საფეხბურთო სეზონის განმავლობაში. გარდა ამისა, გონსალო იგუაინი, დიეგო ფორლანი და ლუის სუარესიც მომწონს.
- ბევრი სპეციალისტის შეფასებით, გერმანიაში მორიგი “ვარსკვლავი” “აკაშკაშდა”. მისი სახელია –თომას მიულერი.
- ამ ბიჭმა “ბაიერნში” საუცხოო სეზონი ჩაატარა. ის ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ ნათლად სჩანს, რომ მსგავსი დონის ტურნირებისთვის სრულიად მზადაა.
- და მაინც, მუნდიალის მოგების მთავარ პრეტენდენტებად ვის თვლით?
- დაუფიქრებლად ესპანეთსა და ბრაზილიას დავასახელებდი. თუმცა, ვინაიდან ვთქვი, რომ ჰოლანდიელებმა დუნგას შეგირდები უნდა დაამარცხონ, ვფიქრობ ფინალში ისინი და არგენტინელები შეხვდებიან.
- მაისში საფეხბურთო კარიერა დაასრულეთ. ახლა რა გეგმები გაქვთ?
- მსურს სამწვრთნელო საქმიანობას დავეუფლო. ამისთვის საჭირო ცოდნას ჰოლანდიაში მივიღებ. ახლა, “ფეინოორდის” ახალგაზრდულ გუნდთან ვარ მიმაგრებული, სადაც მოზარდი თაობისთვის სპეციალურ ვარჯიშებს ჩავატარებ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა