ინტერვიუები

16:20 | 12.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო სოლდადო: “წაგების შემდეგ ჩემ ძმას ჩოგბურთს ვეთამაშები, რათა მოვიგო”

რობერტო სოლდადო ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სიყმაწვილეში მადრიდის “რეალში” თამაშობდა, შემდეგ კონკურენციას ვერ გაუძლო და შედარებით სუსტ გუნდში გაუშვეს. იყო დრო, სოლდადო ბევრს ჩამოწერილი ეგონა, მაგრამ დღეს ფორმის პიკშია: 26 წლის “ჯარისკაცის” (სოლდადო ესპანურიდან ასე ითარგმნება) გარეშე, “ვალენსია” წარმოუდგენელია.  დიდი შანსია, ევრო-2012-ზე ესპანეთის ნაკრების მთავარი ფორვარდი სწორედ სოლდადო იყოს – ბოლო ამხანაგურ მატჩში (ვენესუელასთან 5:0) ჰეთ-თრიქი მიითვალა. 

ისე, საინტერესოა, რომ სოლდადოს შედეგიანობა “ღამურებში” ერთ მატჩში საშუალოდ 0,58 გოლია და ამ მაჩვენებლით გუნდის ლეგენდარულ ფორვარდ დავიდ ვილიასაც უსწრებს: “ელ გუახეს” 0,57 ჰქონდა. ახლა კი სოლდადოსთან ინტერვიუ, რომელიც Sport-ში გამოქვეყნდა: 
- 2008 წელს “რეალში” ესპანეთის ჩემპიონი გახდით. 
- ასეა, თუმცა მხოლოდ 8 მატჩი ჩავატარე. გუნდს ბერნდ შუსტერი წვრთნიდა და არ მენდობოდა, თუმცა, მეგობრები გავიჩინე: იკერ კასილიასი, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, ალვარო არბელოა. 
- ბავშვობის კერპთან ერთადაც თამაშობდით… ბრაზილიელ რონალდოზე გეუბნებით. 
- ეს დაუვიწყარი იყო. ჩვენ ყოველდღიურად ერთად ვვარჯიშობდით, მისით აღტაცებული ვიყავი. გასახდელში ისე ვუყურებდი, როგორც დღეს ბავშვები შემომცქერიან. 
- და თქვენ რას ხედავთ ფანების თვალებში? 
- ყველაზე სასიამოვნო გრძნობა ამ დროს მაქვს: მათ თვალებში სიხარული და აღტაცებაა. 
- გადატვირთული გრაფიკი, ზოგჯერ კვირაში სამი მატჩი – როგორი შეგრძნება გაქვთ სეზონის მიწურულს? 
- ზოგჯერ თამაში სრულდება და მინდორზე დარჩენა ისე მინდა, მაჟრჟოლებს. ხდება ხოლმე, როცა მატჩის შემდეგ, ღამე ლოგინში ისევ ტრიბუნების ხმაური ჩამესმის. თითქოს, ისევ იქ ვარ, მინდორზე. ამიტომაც, ხშირად ვერ ვიძინებ. 
- მინდორზე მშვიდი ხართ, მის მიღმა კი – უფრო ემოციური. თუმცა, “სარაგოსასთან” შეხვედრაში გაგაძევეს. რატომ ვერ შეიკავეთ თავი? 
- დიახ, ასე მოხდა. ეს ჩემი პირველი გაძევება იყო “ვალენსიაში”. ორ წამში გავიაზრე მომხდარი და ვინანე: გუნდი 10 კაცით დავტოვე. 
- წაგებას ცოდნა სჭირდებაო. თქვენ იცით? 
- ამ დროს განადგურებუული ვარ და მეტწილად, თამაშის შემდეგ ძმას ვეჯიბრები ჩოგბურთში. რათა მოვიგო.          
- გახსოვთ ის დღე, როცა “რეალში” მიხვედით? 14 წლის იყავით. 
- მშვენივრად მახსოვს ის დღე, როცა მამამ მითხრა, მადრიდიდან წელიწადნახევრის განმავლობაში გაკვირდებიანო. ვისენტე დელ ბოსკეს (მაშინ “რეალში” მუშაობდა) პირადად სურდა ჩემი საკითხის გადაწყვეტა. მიხაროდა, მაგრამ ვნერვიულობდი. გადავედი მადრიდში და იქ ახალი თანაკლასელები გავიცანი. ისინი დღეს ესპანეთის სხვადასხვა კუთხეში არიან გაბნეულნი. 
- და რა იყო მადრიდში ყველაზე ცუდი? 
- ოჯახის გარეშე ყოფნა. ამის დაბრუნება შეუძლებელია.  
- 17 წელი – გარდატეხის ასაკია. 
- დიახ, იმ დროს მადრიდში პედრო ლეონთან (“რეალის” ყოფილი ნახევარმცველი) ერთად ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, მარტო მინდოდა, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრებას არ ვიყავი მიჩვეული. მე მთლიანად ფეხბურთზე ვიყავი გადართული, პერდო ლეონი კი ფულს უმოწყალოდ ყრიდა, ღამის ცხოვრებას ეწეოდა. მოკლედ, ისე ცხოვრობდა, როგორც უნდოდა. შემდეგ ტრავმა მივიღე და 4 თვე გამიცდა. მშობლებს ვემადლიერები: ისინი სწორედ ჩემი ტრავმის პერიოდში ჩამოვიდნენ, მამამ ბინის პრობლემა გადაწყვიტა, დედამ კი სამსახურიდან ორწლიანი დასვენების უფლება მიიღო და ისიც ჩამოჰყვა. სწორედ იმ პერიოდში შევხვდი ჩემ მომავალ მეუღლეს. ჩემთვის ოჯახია უმთავრესი, მერე კი – პროფესია. 
- “ოსასუნაში” რატომ გადახვედით? 
- ეს ჩემ ხასიათშია. “რეალში” ვერ ვითამაშებდი, “ოსასუნაში” კი თავის გამოჩენის მშვენიერი შანსი მექნებოდა. მეცხრე ადგილზე გავედით, მე კი ბევრი რამ ვისწავლე. 
- თქვენი გოლების უმეტესობა ასეთია: ახლო ძელთან შერბიხართ და ერთი შეხებით გაგაქვთ. როგორ ახერხებთ ასე ხშირად?
- ინსტინქტია. საჯარიმოში ძალიან სწრაფად უნდა გაერკვე. უგო სანჩესმა ერთ სეზონში 38 გოლი გაიტანა და როგორც ვიცი, ყველა ერთ შეხებაში. ამისკენ უნდა მიისწრაფოდე. 
- მიზნად გაქვთ, რომ “ვალენსიაში” ვილიაზე მეტი გოლი გაიტანოთ? 
- სიმართლე გითხრათ, კონკრეტული მიზნის დასახვა არ მიყვარს.  
- რით ახსნით ”ვალენსიას” მცირე კრიზისს ბოლო ტურებში? 
- უამრავ საგოლე მომენტს ვაფუჭებთ. თანაც, ერთი სტილით ვთამაშობთ და მეტოქეებმა შეგვისწავლეს. თუმცა, “ვალენსიას” აქვს ხასიათი და ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ შედეგს. 
 
მოამზადა ილია ნანობაშვილმა
 
0.12461