მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას რობერტო ბაჯოს ხვალ ნობელის პრემიის ლაურეატები ტოკიოში “წლის ადამიანად” ოფიციალურად გამოაცხადებენ, რითაც “ცხენისკუდას” საზოგადოებრივი სამსახური დაუფასდება, ფეხბურთის მოყვარულებს კი რობის ბრწყინვალე თამაში არასდროს დაგვავიწყდება და ყოველთვის დიდი ინტერესით გავეცნობით მის მიერ გამოთქმულ ნებისმიერ თვალსაზრისს, რომელიც ბაჯოს კარიერას შეეხება.
- სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეთ. ამ მუნდიალებზე “სკუადრა აძურა” თითქოს ცუდად არ გამოსულა, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატები საამოდ არ გახსენდებათ...
- განსაკუთრებით აშშ-ს ტურნირის ფინალში მარცხია მტკივნეული. გეხსომებათ, გადამწყვეტი შეხვედრა ბრაზილიასთან მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში წავაგეთ. როდესაც 0:3 მარცხდები, ფიასკოს უფრო ნაკლები ტკივილით აღიქვამ, ვიდრე საფეხბურთო ლატარეის წაგებისას. მოგებაც გაცილებით უფრო სასიხარულოა, რომელსაც თუნდაც დამატებით დროში მიაღწევ და არა თერთმეტმეტრიანების შედეგად. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუკი ბერლინის ფინალის გამარჯვებულებს ჰკითხავთ. ჩემს მუნდიალებზე გამოსვლას თუ დავუბრუნდებით, ბედი აშკარად არც “სკუადრა აძურას” სწყალობდა და არც მე. სამშობლოში 1990 წელს ჩატარებული მუნდიალი ჩვენთვის პრაქტიკულად ნახევარფინალში დასრულდა, როცა ნეაპოლში არგენტინასთან პენალტებით დავთმეთ. 4 წლის შემდეგ ფინალს ვუწიეთ და კარიერის ყველაზე გულდასაწყვეტი უზუსტო დარტყმა შევასრულე, რომელმაც ბრაზილიელები გააჩემპიონა. არც საფრანგეთში წაგვიგია მატჩი, მუნდიალს კი მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელ და მომავალ ტრიუმფატორ საფრანგეთთან თერთმეტმეტრიანებით გამოვეთიშეთ. მართალია, ამჯერად საპენალტე ნიშნულიდან არ ავაცილე, მაგრამ ამას ჩემთვის შვება ნამდვილად არ მოუტანია. ასე რომ, თავადაც ხვდებით, რატომ ვიგონებ მსოფლიოს ჩემპიონატებს დანანებით.
- 2002 წელს კორეა-იაპონიაში რატომ არ იასპარეზეთ?
- ამას ჯოვანი ტრაპატონის არასდროს ვაპატიებ! მას აუცილებლად უნდა მოეცა ჩემთვის თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი. ტრავმა მოვირჩინე და “სკუადრა აძურას” სამუნდიალე სიაში შეყვანას ვიმსახურებდი. ფიფამ ტურნირზე მონაწილეთა რაოდენობა 23-მდე გაზარდა, რათა ტრავმამოშუშებულებს – რონალდოსა და მე მსოფლიო ფეხბურთის ფორუმში მონაწილეობა მიგვეღო. ინვალიდის სავარძელს რომ ვყოფილიყავი მიჯაჭვული, ტრაპატონის მაინც უნდა წავეყვანე. მან კი ყურად არ იღო არც ჩემი დამსახურება იტალიური ფეხბურთისადმი, არც ის, ნორმალურ ფორმაში შესვლა რომ მოვასწარი და “სამუნდიალე ოფსაიდში” დამტოვა. ბრაზილიელები კი სწორად მოიქცნენ და რონალდოსადმი გამოჩენილი ნდობა დაუფასდათ – “კიჭა” ტურნირის ბომბარდირი გახდა და სელესაოს მიერ მეხუთე მუნდიალის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
გოჩა კაჭარავა