ინტერვიუები

10:41 | 20.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდი: “დიდი კაპიტნები კოლეგების თამაშზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე საკუთარზე”

ინგლისის ეროვნული გუნდის კაპიტანი რიო ფერდინანდი თვლის, რომ ფაბიო კაპელოს გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზი შესაბამისი განწყობის არქონაა. “უემბლიზე” საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხების (1:2) შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა გამოცემა The Telegraph-თან საუბარში აღნოშნა, რომ დღესდღეობით ნაკრებს, როგორც არასოდეს სჭირდება ცნობილი მანჩესტერული სულისკვეთება.  
რიო ფერდინანდი: ეს განწყობა, რომლითაც “მანჩესტერ იუნაიტედია” გაჟღენთილი, გამარჯვების რწმენისგან იბადება. უნდა აღვნიშნო, რომ თავად გამარჯვებებიც არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობს. თავდაპირველად, ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მაინც უნდა მოიპოვო, რომ დანარჩენები თავისით მოვიდეს. ჯერჯერობით, ამას ვერ ვახერხებთ.   
- ეროვნული გუნდის ყველა წარუმატებლობის მიზეზი რაა? ვინაა დამნაშავე –მოთამაშეები თუ მწვრთნელი?
- მწვრთნელის მთავარი ამოცანა წარმატების ფორმულის პოვნაა. ჩემი გუნდის თავკაცმა ზუსტად იცის რა გააკეთოს. გავიხსენოთ თუნდაც შაბათს “ასტონ ვილასთან” გამართული დაპირისპირება. ჩვენ ვაგებდით და მან მოედანზე ორი შემტევი ფეხბურთელი შემოუშვა, რომელთაც თამაშის რიტმი მთლიანად შეცვალეს და თანაგუნდელებიც აიყოლიეს. გასახდელში წასვლა არავის უნდა თუ ბოლომდე არ დაიხარჯა –მწვრთნელს თვალებში როგორ უნდა შეხედო? თუმცა, საქმე მხოლოდ მწვრთნელის შესაძლებლობებში არაა, რადგან ნაკრების ფეხბურთელებმა საუკეთესო თვისებები დღემდე ვერ გამოვავლინეთ. ამ ფაქტს ვერსად გაექცევი.   
- თქვენი აზრით, შექმნილი სიტუაცია როგორ უნდა შეიცვალოს? იქნებ რაღაც “ინგლის იუნაიტედის” მსგავსი შეიქმნას?
- პასუხი რომ ვიცოდე, აქ არ ვიჯდებოდი და ჟურნალისტების შეკითხვებს არ ვუპასუხებდი - უკვე ფაბიო კაპელოს ადგილზე ვიქნებოდი. ეს კითხვაა, რომელზეც პასუხის პოვნა ყველას გვსურს.
- ელტემში ხშირად ჩადიხართ, რათა მოინახულოთ გუნდი, რომელშიც საფეხბურთო კარიერა დაიწყეთ. სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა “მანჩესტერ იუნაიტედზე” კონცენტრირებაში ხელს არ გიშლით?
- ელტემში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობდი და წელიწადში 25 გოლი გამქონდა. რაც შეეხება ქველმოქმედებას, ბევრი ამბობს, რომ სხვა საქმეებზე ბევრ დროს ვხარჯავ და თამაშზე კონცენტირებული არ ვარ. თუმცა, მთელი ჩემი მოღვაწეობა “მანჩესტერ იუნაიტედთანაა” კოორდინირებული. ყველაფერი რასაც ვაკეთებ, კლუბთანაა შეთანხმებული. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ფეხბურთის გარდა, მუდამ რაღაცით ვარ დაკავებული. თუმცა, გაგიკვირდებათ, რამდენი რამ შეიძლება გააკეთო ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.    
- თქვენთვის ქველმოქმედება რას ნიშნავს?
- ის ფაქტი, რომ ფეხბურთის გარდა სხვა ინტერესებიც მაქვს, როგორც სპორტსმენს წინსვლაში ხელს მიწყობს. ბევრმა სპორტსმენმა უბრალოდ არ იცის ყოველდღიურ ცხოვრებაში რით დაკავდეს. ვცდილობ დრო რაციონალურად გამოვიყენო. თუმცა, არასოდეს მავიწყდება, რომ ფეხბურთი ჩემთვის პირველ ადგილზეა. გარწმუნებთ, რომ ცხოვრებაში ვარჯიშზე გაცილებით მეტ დროს ვხარჯავ, ვიდრე სხვა რამეზე. ორი წლის განმავლობაში ტრავმა მაწუხებდა და ვიცი, რომ იდეალური სათამაშო ფორმის დასაბრუნებლად თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაო.
- მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, როდესაც ტრავმა მიიღეთ, ხომ არ შეგეშინდათ, რომ ნაკრებში თქვენი დრო ამოიწურა? არ გიფიქრიათ, რომ ბოლოს და ბოლოს გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოთ?
-  საწყის 48 საათში უბრალოდ არ ვიცოდი სად წავსულიყავი. წარმოუდგენელია იმ ემოციების აღწერა, რომლებიც მაშინ დამეუფლა –ნეტავ, რატომ? თუმცა, ეს სიტყვები თავში მუდმივად მიელვებდა. იმ მომენტში გავიფიქრე –ყველაფერი მორჩა. ორი დღის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კიდევ უნდა მებრძოლა. სპორტულ დარბაზში დავბრუნდი და მუშაობა გავაგრძელე. ახლა, კვლავ ვიღწვი, რომ გუნდს დიდ ტურნირზე გამარჯვებისკენ წაუძღვე. მოგებას მოწყურებული ვარ.  
- ხომ არ თვლით, რომ ბრიტანელმა მოთამაშეებმა უწინდელი საფეხბურთო ჟინი დაკარგეს? გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილი ხომ არ გაუქრათ?
- გაიგონეთ როგორი ყვირილი გაისმა გვერდითი ოთახიდან, როდესაც “ჩელსიმ” “სანდერლენდთან” წააგო? ეს უბრალოდ სასაცილოა. თქვენ კიდევ ამბობთ, რომ ინგლისელმა მოთამაშეებმა საფეხბურთო ჟინი დაკარგეს. მატჩის წინ ფრეს სათამაშოდ არავინაა განწყობილი, მითუმეტეს წასაგებად. არცერთ მწვრთნელს მოუვა თავში, რომ თავის შეგირდებს უთხრას –იცით რა ბიჭებო, დღეს რაღაც ხასიათზე არ ვარ და მოდით ფრე ვითამაშოთ. უბრალოდ, ზოგჯერ ისე არ გამოდის, როგორც გინდა, რადგან ეს ფეხბურთია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოინდომო. თუ მოთამაშის სურვილში ეჭვი შეგეპარა, ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთზე წარმოდგენა არ გაქვს. ჩვენ ყველა მივისწრაფვით გამარჯვებისკენ საკუთარი თავისთვის, გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის.    
- თქვენი თაობის ბევრმა ფეხბურთელმა ნაკრებში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ ამის მიზეზი არცთუ მაღალი კონკურენცია იყო?
- არასოდეს მოვდუნებულვარ. ვერ მოეშვები, როდესაც ზურგსუკან ჯეიმი კარაგერის, ლედლი კინგისა და ჯონათან ვუდგეიტის სუნთქვას გრძნობ. ჩემს სტატუსში დარწმუნებული არასოდეს ვიყავი. თუმცა, ასეც უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ეხებათ. ჯეკ უილშირი, დენი უელბეკი, ტომ კლევერლი, ენდი კეროლი, ჯეკ როდუელი – თითოეული მათგანი ძალიან ნიჭიერია, რაშიც ეჭვი არ მეპარება. რა თქმა უნდა, ნაკრებში და კლუბში თამაშში განხვავება არის. შეუძლიათ მათ წინ ნაბიჯის გადადგმა? თეორიულად შეუძლიათ. ჩემი ამოცანაა, რომ მათ საკუთარი ნიჭის გამოვლენაში დავეხმარო.   
- რას ფიქრობდით იმ სკანდალური ინციდენტის შემდეგ, როდესაც ფაბიო კაპელომ კაპიტნის სამკლავური ჯონ ტერის ჩამოართვა?
- მასმედიის საშუალებებთ ამ ინციდენტის ფართო გაშუქების შემდეგ, სინიორ კაპელოც კი  მიხვდა ჩვენი ქვეყნისთვის ღირსება რას ნიშნავს. როდესაც კაპიტნობა მანდეს, მივხვდი, რომ საქმისადმი სხვა მიდგომაა საჭირო. აუცილებელი არაა კაპიტანმა ყოველთვის იყვიროს. მე უფრო მომწონს პარტნიორების გამხნევება, მათი საუკეთესო თვისებების პირველ პლანზე წამოწევა. ჩემი აზრით, დიდი კაპიტნები კოლეგების თამაშზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე საკუთარზე.  

- ფეხბურთს მიღმა კაპიტანი “წმინდანი” უნდა იყოს?
- უნდა გესმოდეს რა პასუხისმგებლობა გაკისრია. ახალგაზრდა რომ ვიყავი, რამდენიმე წელი დამჭირდა, რათა გამეგო, თუ რაში მდგომარეობს პროფესიონალი ფეხბურთელის ვალი. მთავარი კი, ამ ვალის გათავისებაა. მე საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობდი. როდესაც კაპიტანი ხარ, ღირსეული მაგალითი მოედნის ფარგლებს გარეთაც უნდა მისცე. არ შეიძლება ადრინდელივით გულუბრყვილო იყო. ორი შვილი მყავს და ვთვლი, რომ მათი დაბადების შემდეგ, უფრო პასუხისმგებლიანი გავხდი. ღამის კლუბები ჩემთვის უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. სამუშაო ეს უფრო ღირსებაა, ვიდრე ტვირთი.
- ზოგჯერ ამდენი პასუხისმგებლობა არ გღლით?
- არასოდეს. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო თამაში რომ მომწყინდეს. ყოველ დღე კარინგტონში წასვლის შესაძლებლობა რომ მაქვს, ჩემთვის დალოცვაა. ჩემი ცხოვრება ფეხბურთის სიყვარულითაა სავსე. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მეგობრებს ხშირად ვეუბნებოდი, რომ თუ მოედანზე პროფესიონალური ფეხბურთელის რანგში ერთხელ მაინც გავალ, სიხარულით მოვკვდები. ვიცი, რომ ოდესღაც ჩემი კარიერა დასრულდება და ყოველ დღე ვვარჯიშობ, რომ ეს მომენტი რაც შეიძლება გვიან დადგეს.  
მოამზადა ლაშა თაბაგარი

 

0.129253