ინტერვიუები

10:08 | 14.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდუ კარვალიუ: “მოურინიოსა და “რეალის” საფეხბურთო ფილოსოფია იდენტურია – მხოლოდ მოგება”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ახალწვეული რიკარდუ კარვალიუ, “ბლანკოსის” ღირსებას 2 ნომრიანი ქათქათა მაისურით დაიცავს. ეს, რიკარდუს ოფიციალური წარდგენის ცერემონიალზე გაცხადდა. კლუბის არგენტინელმა გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ დაადასტურა (ალვარო არბელოა, ამიერიდან 17 ნომრიან ეკიპირებას მოიზომავს-რედ), პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი რიკარდუ კარვალიუ საკლუბო ტელეარხმა RealmadridTV-მ დაიმარტოხელა და ინტერვიუ ჩამოართვა.

- რიკარდუ, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი დროის მოკლე ხანში გახდით. თქვენი სატრანსფერო საკითხი ძალიან მალე მოგვარდა. ქნებ, გულშემატკივარიც საქმის კურსში ჩააყენოთ...
- “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჟოზე მოურინიოს მეთაურობით თამაში მსურდა, ამიტომაც, ყოველგვარი ფორმალური საკითხი მალე მოგვარდა. ერთი სული მაქვს, როდის განვაახლებ ვარჯიშს, ყოველდღიურ საფეხბურთო რუტინაში ჩავეფლობი. დარწმუნებული ვარ, მადრიდელებთან ადაპტაციის პროცესი უმტკივნეულოდ და სწრაფად ჩაივლის.
- ალბათ, ასეც იქნება, რადგან “რეალში” საკმარისი რაოდენობის ნაცნობი ფეხბურთელი დაგხვდებათ...
- ყველაზე მთავარი, დამრიგებელი გამოგრჩათ – სეუ ჟოზესთან ერთად ხომ არაერთი სეზონი მიმუშავია. კარგად ვარ შეთამაშებული კრიშტიანუ რონალდუსა და პეპესთან, თუმცა, არ მგონია, იოტისოდენა პრობლემა შემექმნას ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ მოთამაშეებთან. დარწმუნებული ვარ, მოურინიო ერთ მუშტად შეკრული საფეხბურთო ანსამბლის ჩამოყალიბებას მოახერხებს. ჩემი თანამემამულე ამის დიდოსტატია.
- თქვენთვის, ესპანური ფეხბურთი ახლოს უნდა იყოს...
- რასაკვირველია, პორტუგალიური ფეხბურთი სტილით ესპანურს ჩამოჰგავს. ჩვენც, მეზობლების მსგავსად, ბურთის თრევა და საერთოდ, ტექნიკური თამაში მოგვწონს. ვფიქრობ, ჩემი სათამაშო მახასიათებლები ისეთია, რომ ინგლისურ ფეხბურთზე გაცილებით იოლად, ესპანურს გავუშინაურდები.
- კარგა ხანია, მაღალპროფესიულ დონეზე ასპარეზობთ. ამის მიუხედავად, ქომაგებს, იქნებ, თქვენს მიერ გავლილი საფეხბურთო გზა მაინც შევახსენოთ...
- თავდაპირველად, “პორტუმ” უმაღლესი დივიზიონის გუნდებში გამანათხოვრა. “პორტუში” ხომ ლუიში და ჟორჟე კოშტა ასპარეზობდნენ, მათთან კონკურენცია კი, თავიდან, სათანადო გამოცდილების დაგროვებამდე, მიჭირდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი 2004 წელი გახლდათ, როცა საკლუბო დონეზე ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიგე, პორტუგალიაში ჩატარებულ ევროპის პირველობაზე კი ვერცხლის მედალს დავეუფლე. მას შემდეგ, 6 სეზონი ლონდონურ “ჩელსიში” გავატარე, რომელთან ერთადაც, 3-ჯერ ინგლისის ჩემპიონი გავხდი, შარშან კი, სულაც დუბლი გავახერხეთ.
- მოურინიოსთან ხელმძღვანელობით “პორტუშიც” თამაშობდით და “ჩელსიშიც”. მას კარგად იცნობთ. მაინც რომელია მოურინიოს უპირველესი თვისება, რისი წყალობითაც, იგი ნებისმიერ კოლექტივს “გუნდ-ჩემპიონად” აქცევს ხოლმე?
- მოურინიოსთვის, ფეხბურთში უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს. სეუ ჟოზეს კარგად ესმის მოთამაშეების და ყოველთვის დელიკატურად მიგვითითებს დაშვებულ შეცდომებზე. ამასთან, იგი განუხრელად ატარებს საკუთარ ხაზს და ნებისმიერი საკითხისადმი პრინციპული მიდგომა აქვს. მასთან ერთად ბევრი ტიტული მაქვს მოგებული და იმედია, ჩემ სამედლო კოლექციას, “რეალში” ასპარეზობის პერიოდშიც შევავსებ. ჟოზე მოურინიოსა და მადრიდის “რეალის” საფეხბურთო ფილოსოფია იდენტურია – მხოლოდ მოგება. Aმიტომაც, გულშემატკივართა პრესს და ჩემპიონობის მოთხოვნას იოლად გადავიტანთ.
- “სანტიაგო ბერნაბეუზე” პეპესთან ერთად მოგიწევთ გასვლა. ასეთი მაღალი კვალიფიკაციის ცენტრალურ მცველთან მხარდამხარ ასპარეზობა თავდაჯერებას შეგმატებთ, ასეა?
- დიახ. მოხარული ვარ, პეპეს პარტნიორობა რომ მომიწევს. თუკი, მასთან დუეტში მომიწევს თამაში, თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი ფუნქციები გადანაწილებული გვექნება.  
- “რეალის” ერთ-ერთი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუა. იგიც მტკიცე ხასიათით გამოირჩევა?
- როდესაც გუნდს, ან პირადად მას, თამაში არ მისდის, კრიშტიანუ ძალიან ცუდ ხასიათზე დგება და ხშირად დეპრესიაშიც კი ვარდება. თუმცა, ამგვარი სულიერი მდგომარეობა რონალდუს მალე გაუდის ხოლმე და იგი ვარჯიშზე ინტენსიურ მუშაობას აგრძელებს. კრიშტიანუ ინდივიდუალურადაც ძალიან ძლიერია და კოლექტიურ თამაშშიც ბევრი ვერ შეედრება.
- გასულ სეზონში “რეალის” ბევრი მატჩი იხილეთ? როგორ ხედავთ საკუთარ თავს კასტილიელთა საამაყო გუნდში?
- “სანტიაგო ბერნაბეუზე” წარმატებით ასპარეზობის იმედი რომ არ მქონდეს, დღესაც “სტემფორდ ბრიჯზე” ვიქნებოდი. ბოლოს და ბოლოს, “ჩელსისთან” კიდევ 2 წლით კონტრაქტი მაკავშირებდა. შარშან ლონდონელებმა მათგან წასვლის ნება არ დამრთეს, მე კი ძალის სხვაგან მოსინჯვა მსურდა. ინგლისში 6 წელი გავატარე და გითხრათ სიმართლე, იქაური ატმოსფერო ცოტათი მომბეზრდა კიდეც. საყოფაცხოვრებო პირობებს არ ვგულისხმობ, ნისლიანი ალბიონის საფეხბურთო ცხოვრებასაც ვერაფერს დაუწუნებ, უბრალოდ, სიტუაციის შეცვლა მომინდა და საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის დადგენაც მწადია. “რეალში” მეტი მონდომება მმართებს, განსაკუთრებით, მადრიდში ყოფნის პირველ წელს.  
- როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე “სანტიაგო ბერნაბეუმ”?
- ამ ბრწყინვალე საფეხბურთო არენის მინდორზე, “რეალის” წინააღმდეგ მითამაშია. კარგად მახსოვს, 90 ათასი კასტილიელი გულშემატკივარი როგორ აქტიურად უჭერდა მხარს თავის საყვარელ გუნდს. ასეთი მაყურებლის წინაშე ასპარეზობა, დამატებით სტიმულს გაძლევს. იმედია, მალე მადრიდელი ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გავხდები.   
- თქვენი ოჯახის წევრები ლონდონში ცხოვრებას მიეჩვივნენ. მადრიდში გადმოსვლა არ გაუჭირდებათ?
- 2 შვილი მყავს, რომელთაც ახალ ქალაქსა და სკოლაში თავიდან გაუჭირდებათ, მაგრამ ხომ იცით ბავშვების ამბავი – მალე გაიჩენენ ახალ მეგობრებს და თავს ისევე ბედნიერად იგრძნობენ, როგორც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში. ახლა, მთავარია, შესაფერისი სახლი გამოვნახო, რის შემდეგაც, ჩემებს მადრიდში ჩამოვიყვან და ერთად ახალ გარემოსთან გაშინაურება გაგვიადვილდება.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 
    



 

0.13783