ინტერვიუები

22:19 | 26.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ ძოძუაშვილი: “მთავარია, ქეცბაიას დაბოლოებაში არ შეუშალონ ხელი”

“ბენდელას თასის” წლევანდელ მონაწილეთა შორის, ბოლო მომენტში გამოჩნდა ახალდაარსებული რევაზ ძოძუაშვილის საერთაშორისო აკადემიის გუნდი. ამ გუნდს ერთობ უცნაური მეტსახელიც შეარქვეს - “საუნა” (საქართველოს უგუნდოთა ნაკრები), თუმცა, მასში კოტდივუარელების გამოჩენა, “ნათლიებს” პროექტის ახალ დასახელებაზე ფიქრისაკენ უბიძგებს.
წარსულში ცნობილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს, “მსოფლიო სპორტი” ტელეფონით დაუკავშირდა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ესაუბრა.
- ბატონო რევაზ, თქვენი სახელობის საერთაშორისო აკადემიის დაფუძნება სიახლეა, თუმცა, როგორც ვიცით, მისი გაკეთების იდეა კარგა ხნის წინ დაგებადათ.
- მართალი ხართ, დიდი ხანია ვაპირებდით ამის გაკეთებას. ჩვენ კიდევ ძიების პროცესში ვართ. გვინდა, რაც შეიძლება უკეთესი გაკეთდეს და ვნახოთ, რა გამოვა.
- სახელი უკვე გაქვთ, მაგრამ ადგილი თუ გაქვთ, სადაც რეგულარული ვარჯიშები ტარდება და მსურველმა შეიძლება მოგაგნოთ?
- ჯერჯერობით თბილისში, “დინამოს” სათადარიგო მოედანზე ვართ, დილის საათებში. სკოლა დაიწყო და ამ დროს იქაურობა თავისუფალია. მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდი აზერბაიჯანში მუშაობა მომიწია და ამიტომ ვერ მოვახერხე შესაბამისი ორგანოების შეწუხება. გვჭირდება ადგილი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა ფეხბურთელებს სათანადო მზადებისთვის კარგი პირობები ჰქონდეთ.
- ბუნებრივია, აკადემია კომერციულ პრინციპებზე იმუშავებს.
- რასაკვირველია, ეს კომერციული ორგანიზაცია იქნება, თუმცა, თუ როდესმე გადაწყდება და მთავრობა დაგვაფინანსებს, ამას რას სჯობს. რაღა შორს წავიდე, ჩემი შვილიშვილი 11 წლისაა და ფეხბურთზე რომ ვატარებ საფეხბურთო სკოლაში, თვეში 60 ლარს ვიხდი. დღეს ისე დგას საკითხი, რომ აუცილებელია გადაიხადო მინიმალური ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა მაინც.
- თქვენს აკადემიაში მინიმალური ზღვრული ასაკი განსაზღვრულია თუ მომსვლელები შეუზღუდავნი არიან?
- მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი კლუბი არ გვყავს და რაც არსებობს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სულს ღაფავენ, ისეთი პრობლემების წინაშე არიან. ჰოდა, ყველაზე ხშირად ასეთი კლუბებიდან, გარდატეხის პერიოდში მყოფი ფეხბურთელები გვაკითხავენ. მარტივად რომ ვთქვათ, გუნდების გარეშე დარჩენილები მოდიან. ისინი, რომ ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ, ამჯობინებენ ჩვენთან მოსვლას.
აქ არსებობს ჩემი, რევაზ ძოძუაშვილის ავტორიტეტი, რომელიც აძლევს ამ უგუნდო ფეხბურთელს იმის იმედს, რომ თეორიული, ფსიქოლოგიური, პრაქტიკული თანადგომა მიიღოს. ჩვენ ამ კატეგორიის ფეხბურთელებისთვის კარგი ექიმობის გაწევა შეგვიძლია.
- თქვენი გუნდი “ბენდელას თასზე” გამოდის და შეთამაშება აშკარად აკლია.
-კი, როგორც კი გამოჩნდა პატარა საშუალება, რომ ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა მიეღოთ, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით. კოტდივუარელმა ფეხბურთელებმა, როცა ჩვენი აკადემიის ვარჯიშები ნახეს, გამოთქვეს ამ ტურნირში მონაწილეობის სურვილი.
პრინციპში, ქუჩაში დარჩენილი ფეხბურთელები გულნატკენნი რომ არ დარჩნენ, ჩვენ ყოველნაირად ხელს ვუწყობთ - სათამაშო პრაქტიკის მიღებითაც და ვარჯიშებითაც. წარსულს რომ გადავხედოთ, ჩვენთან შარშან მოთამაშე ფეხბურთელებიდან 60-მა პროცენტმა გუნდები მონახა.
მე მათ დასახელებას ყოველთვის ვერიდები, მაგრამ მინდა გამორჩეულები მაინც ვახსენო. ესენი იყვნენ გიორგი ჭედია, მეკარე მაქსიმე ქვილითაია.
- თქვენს გუნდს ხუმრობით “საუნა”-ს ეძახიან - საქართველოს უგუნდოთა ნაკრები.
- კი, მისაღებია მასეთი დასახელება. ყველაფერი იპოდრომიდან დაიწყო. მთავარი აზრი იმაში იყო, რომ ქუჩაში დარჩენილები მოგვეკრიბა. ქუჩის ძალას პროფესიონალი ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვს.
- აზერბაიჯანულ პერიოდსაც შევეხოთ. მგონი, ახლაც არ წყვეტთ თოვუზის “თურანთან” კავშირს.
- იქ ახლაც ვარ ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ ჩემი საქმე კაბინეტებში ჯდომა არაა. ამ ვიცე-პრეზიდენტობას იქეთ მიჰყავს საქმე, რომ ერთობლივი აკადემია შეიძლება გავაკეთოთ. “თურანის” პრეზიდენტსაც უნდა ჩვენთან ურთიერთობა და არაა გამორიცხული, მან ფინანსები ჩადოს ერთობლივი აკადემიის შექმნაში.
- თქვენ გუნდის მწვრთნელის პოსტის დატოვება სპორტული შედეგის გამო მოგიწიათ.
- აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, რომ ჩვენი გუნდის 6-7 ფეხბურთელი აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა.
მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთიდან წასვლას არსად ვაპირებ - ხან აზერბაიჯანში ვარ, ხან ყაზახეთში, ხან რუსეთში. ყველგან ტურნირი ტურნირზეა. დღევანდელ აუცილებლობას წარმოადგენს,რომ ეს ქუჩის ფეხბურთიც  ავაღორძინოთ და მერე აკადემიაში გადავიყვანოთ.
ჩვენ, ვინც ძალიან დიდი ფეხბურთი ვითამაშეთ, ყველა ქუჩიდან მოვედით. ქუჩის ძალა და ენერგიაა, აკადემიას რომ აძლიერებს.
- აზერბაიჯანის ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემისთვის გითქვამთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში, ქართულ ფეხბურთზე უფრო მაღალი დონეა. რა იგულისხმეთ ასეთი შეფასებისას?
- ცოტა ხნის წინათ თურქეთში, მოსამზადებელ პერიოდში ვნახე სომხური კლუბების თამაში. სულ ახლახანს, ბაქოს “ინტერმა” თანამეგობრობის თასი მოიგო. ის, რომ აზერბაიჯანელების ფეხბურთი ჩვენს ფეხბურთზე მაღლა დგას, ამაში ეჭვის შეტანაც არ შეიძლება. აი, სომხეთთან კიდევ შეიძლება, რომ თანაბრად ვიყოთ.
რატომ? აზერბაიჯანში ძალიან კარგი ფინანსური მდგომარეობაა და შესანიშნავი ინფრასტრუქტურა ეწყობა. ადგილს ვერ ნახავთ, რომ ოლიმპიური ცენტრები არ ჰქონდეთ მოწყობილი. იქ ახალგაზრდას ვერ ნახავ ისეთს, რომ სპორტთან არ იყოს დაკავშირებული.
- ეროვნული ნაკრების ბოლო გამოსვლებზე ვთქვათ. თუ ისტორიას გადავხედავთ, ასეთი გამოსვლა მას არასოდეს ჰქონია.
- მთავარი ისაა, რომ დასრულდა ის პერიოდი, როდესაც აქ უცხოელი მწვრთნელები ჩამოჰყავდათ და მოგება გვენატრებოდა. იმ ხალხს, ვისაც ჩამოჰყავდა უცხოელები, არ რცხვენოდათ. იმათ უფლება რომ მისცე, დღესაც უცხოელს ჩამოიყვანენ.
მაგრამ იმას, რაც შარშან ქეცბაიამ გააკეთა, გარკვეული პერიოდი ჩვენც ვაკეთებდით - ქართველი მწვრთნელები. ახლა მთავარია, დაბოლოებაში არ შეუშალონ ხელი. კარგად რომ იწყებს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ დაბოლოებაც არ გვაწყენდა ასეთივე. თან ისეთ კარგ ჯგუფში ვართ მოხვედრილი, გულდასაწყვეტი იქნება აქედან გაუსვლელობა.
- თქვენ ”აზერების” ჩვენზე წინ დგომას ამტკიცებთ, მაგრამ ქეცბაიას ნაკრებში ვერ ხვდება და ალბათ, არც უნდა მოხვდეს ისეთ ქვეყანაში მოთამაშე ლეგიონერი, როგორიც აზერბაიჯანია.
- ვერ ხვდება, მაგრამ არაა გამორიცხული, ახლო მომავალში მოხვდეს. აბრამიძე დასაძახებელია, შეიძლება მალე ჭედიასაც დაუძახონ. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანი ერთ-ერთი კარგი პლაცდარმია იმისათვის, რომ საქართველოდან წასულმა იქაურ არენაზე წარმოაჩინოს საკუთარი თავი. იქ პირველი ექვსეულის გუნდები ძალიან კარგი დონის ფეხბურთს თამაშობენ. ვთვლი, რომ აღმავლობისკენაა აზერბაიჯანი და თუ ამ საქმეში ჩვენებიც მონაწილეობას მიიღებენ, ეს ქართული ფეხბურთისთვის და კონკრეტულად ნაკრებისთვის, ძალიან სერიოზული პლაცდარმი იქნება.  

ფრიდონ კერვალიშვილი
 

0.11878