ინტერვიუები

19:02 | 10.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზი: “მარადონას ვერავინ შეედრება”

რაიან ჯოზეფ გიგზი აგერ უკვე ოცი წელია, რაც “მანჩესტერ იუნაიტედის” შეუცვლელი მოთამაშეა, მას ოლდ ტრაფორდელთა უერთგულეს მფეხბურთელადაც ვიცნობთ, თუმცა, რაიანის პირველი კლუბი “მანჩესტერ სიტი” გახლდათ. რაიანი 1973 წლის 29 ნოემბერს კარდიფში დაიბადა. მამამისი დენი უილსონი (დასავლეთაფრიკული სახელმწიფოს სიერა ლეონეს ემიგრანტის პირმშო) სარაგბო ლიგის მოთამაშე იყო, ხოლო დედა ლინ გიგზი დიასახლისი. ოჯახი ლინ გიგზის მშობლიურ ქალაქ მანჩესტერში გადასახლდა. პატარა რაიანის საფეხბურთო ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მისი ფინტები თავზარს სცემდნენ თანატოლ მცველებს, უფროსები კი თინეიჯერ გიგზს ჯორჯ ბესტს, დიეგო მარადონასა და იოჰან კრუიფს ადარებდნენ. 14 წლიდან რაიანი “მანჩესტერ სიტის” ჭაბუკთა გუნდში ჩაირიცხა და მალე ინგლისის მოსწავლეთა ნაკრებშიც (გიგზი გუნდის კაპიტანი გახლდათ) აიყვანეს. საბოლოოდ კი “მიწის ყივილმა” თავისი გაიტანა და 1991 წელს გიგზს დებიუტი უელსის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა. იმხანად რაიანი 17 წლისა იყო. ასეთ ახალგაზრდულ ასაკში კი უელსელთა ეროვნული გუნდის ღირსება არავის დაუცავს. “სიტის” “მოსისხლე მტრის” “იუნაიტედის” ბანაკში კი რაიანი სერ ალექს ფეგიუსონის დაჟინებული მცდელობის შედეგად გადაბარგდა. ოლდ ტრაფორდელთა შოტლანდიელი დამრიგებელი გიგზების ოჯახს მოსვენებას არ აძლევდა, ხშირად სტუმრობდა და კარგა ხნის ჯიუტი მეცადინეობის შემდეგ, რაიანი “იუნაიტედში” გადასვლაზე დაიყოლია. მას შემდეგ მოყოლებული “მენიუს” უელსელმა ფორვარდმა გუნდთან ერთად ძალიან ბევრს მიაღწია. ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის მოპოვებულ თასებზე რომ არაფერი ვთქვათ, გიგზი თერთმეტჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და მალე ამ ტიტულს მეთორმეტედაც დაეუფლება. მართლაც ფენომენალური შედეგია. ამ მაჩვენებლით რაიან გიგზს ვერცერთი ინგლისელი ფეხბურთელი ვერ გაუტოლდება. ჯერჯერობით ცხრა ტიტული აქვს კიდევ ერთ მანჩესტრელ ლეგენდას პოლ სქოულზს, ლივერპულელების, ალან ჰანსენისა და ფილ ნილის კოლექციაში კი “მხოლოდ” რვა საჩემპიონო მედალია. აღტაცებასთან ერთად, რაიან გიგზის საფეხბურთო კარიერა განცვიფრებას იწვევს, ამიტომაც არაა გასაკვირი “დეილი ტელეგრაფის” კორესპონდენტი მას “მიმდინარე საკითხებზე” არ უსვამს კითხვებს და მთლიანობაში უელსელის სპორტული ცხოვრების ძირითადი მომენტებით ინტერესდება.

- სერ ალექსი დამყოლი ხასიათით არ გამოირჩევა. თქვენი თანაგუნდელები ხანდახან გამოტყდებიან ხოლმე, რომ ფერგიუსონთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ. როგორ მოახერხეთ ამდენი ხნის განმავლობაში შოთლანდიელ დამრიგებელთან შეხმატკბილებული მუშაობა?
- მართალია, მე და სერ ალექსი ერთმანეთისადმი პატივისცემით ვართ განმსჭვალულნი, მაგრამ უთანხმოება და უსიამოვნებაც არაერთხელ მოგვსვლია. თუმცაღა, ყოველთვის ერთადერთ საქმეს ვემსახურებოდით – “მანჩესტერ იუნაიტედის” გამარჯვებას. თანაც, თუკი წავიჩხუბებთ, მომხდარი მეორე დღეს არც მე მახსოვს და არც ფერგიუსონს. მშვენივრად გვესმის, რომ გაუგებრობა მხოლოდ იმის შედეგია, რომ სულითა და გულით გუნდის ინტერესზე ვზრუნავთ.
- ორი ათეული წელია უმაღლეს დონეზე ასპარეზობთ. რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ასკეტური ცხოვრების წესის დაცვა და ოჯახის წევრთა მხარდაჭერა?
- აუცილებელია საყოფაცხოვრებო და საფეხბურთო საკითხების დაბალანსება. დისციპლინის დაცვას კი ყურადღება განსაკუთრებით 30 წლის გადაბიჯების შემდეგ უნდა მიაქციო. ასაკის მომატებასთან ერთად, ფიზიკური ძალია აღდგენა სულ უფრო და უფრო ძნელდება. თორემ 18-19 წლისამ თამაშის შემდეგ, შესაძლოა, გვიან საღამომდე ბარში დაჰყო, მეორე დღეს ვარჯიშზე კი მწვრთნელმა ვარაფერი შენიშნოს. ახლობელ ადამიანთა მხარდაჭერა და სიყვარული სათამაშო ტონუსს საგრძნობლად მაღლა მიწევს. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ჩემ ორ ვაჟთან დროის გატარების დეფიციტია. ამას მხოლოდ ჩემი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მოევლება.
- პროფესიულ საფეხბურთო კარიერას თავიდან რომ იწყებდეთ, რა კორექტივს შეიტანდით თქვენ მიერ გავლილ გზაში?
- არაფერს შევცვლიდი. ამას გულწრფელად მოგახსენებთ. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს შეცდომა არასდროს მომსვლია, მაგრამ სხვამხრივ ცხოვრებისეული და პროფესიული ზრდა გამორიცხულია. ამიტომაც ყველაფერს ხელუხლებლად დავტოვებდი. თანაც, ბედს ნაღდად არ ვემდური. მოდით, კრიტიკის თვალსაზრისით წარსულში ხელის ფათურს ნუ დავიწყებთ.
- მეთერთმეტე ნომრიანი მაისურა ნებაყოფლობით აირჩიეთ?
- მარცხენა განაპირა ნახევარმცველები, როგორც წესი, ამ ნომრით ასპარეზობენ. ასე რომ, უბრალოდ ტრადიციას ვაგრძელებ და მეტი არაფერი. კლუბში მოსვლისას თერთმეტნომრიანი მაისურა მომცეს და მეც ამ რიცხვს მივეჩვიე.
- ფეხბურთის გარდა სპორტის რომელიმე სახეობაში თუ გიცდიათ ბედი?
- ხშირად ვთამაშობ გოლფს და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. “მანჩესტერის” სატრენაჟორო დარბაზში ხანდახან კალათბურთს და კრიკეტს მალულად ვთამაშობთ. კლუბში ფეხბურთის გარდა სხვა სახეობით გატაცებას სიხარულით არ ხვდებიან. აი, გოლფის თამაშით კი გულს თავისუფალ დროს ვიჯერებ ხოლმე და ვფიქრობ, ურიგო მეგოლფეც არ ვარ.
- თქვენ წინასამატჩო რაციონს ხომ ვერ გაგვიმხელთ?
- სიამოვნებით. თამაშის დღეს სპაგეტის “ბოლონეზესა” და მინერალურ წყალს “ლუკოზეიდს” მივირთმევ. მატჩის დღეს ცხრის ნახევარზე ვდგები, ვსაუზმობ და ისევ ვწვები. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ტელევიზორს ვუცქერ, ჟურნალ-გაზეთებს ვკითხულობ და ფსიქოლოგიურად თამაშისთვის ვემზადები. მატჩის შემდეგ ჩვეულებისამებრ ვიძინებ ხოლმე, იშვიათ შემთხვევაში კი ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად რესტორანში მივდივარ. თუმცა, გამოგიტყდებით, რაც დრო გადის, საამისო ენერგია სულ უფრო და უფრო ნაკლებად მრჩება.
- პელესა და მარადონას შორის არჩევნის გაკეთება რომ გთხოვოთ, რომელ მათგანს დაასახელებდით პლანეტის უძლიერეს ფეხბურთელად?
- დიეგო არმანდო მარადონას. შესაძლოა იმიტომაც, მისი მონაწილეობით არაერთი მატჩი რომ მინახავს, მათ შორის 1986 წლის მუნდიალის შეხვედრები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარადონამ მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატი მარტომ მოიგო. მას “მუშა” მარცხენა ფეხი ჰქონდა, მე კი ყველა “დიდ ცაციას” ვეთაყვანები. მათ შორის მარადონა გამორჩეული ფიგურაა. არგენტინელს ვერავინ შეედრება, მათ შორის პელეც.



გოჩა კაჭარავა

0.141639