ჭიდაობა

16:03 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული მიმართვა სოკ-ს: “გადავარჩინოთ ოლიმპიური ჭიდაობა”

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ სპეციალური მიმართვა შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს დღეებში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გადააგზავნის. მიზეზი, რა თქმა უნდა, სოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული სენსაციური გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღეს.
განცხადების ტექსტი ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე წაუკითხეს და იქვე, მიმართვას ხელი დარბაზში მყოფმა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა მოაწერეს.
პრესკონფერენციას სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძეც დაესწრო, მოჭიდავეებს ინიციატივა მოუწონა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას ჭიდაობის სასარგებლოდ მიიღებს.
“საქართველოს, როგორც უდიდესი საჭიდაო ტრადიციების ქვეყანას, ამ სახეობაში თავისი სიტყვა ნამდვილად ეთქმის და გვინდა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვისას ჩვენი ოფიციალური მიმართვაც გაითვალისწინოს. საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული უამრავი შეცდომის შემდეგ, ეს მკაცრი სანქცია ლოგიკურიც კი იყო, მაგრამ იმედია, სიტუაცია გამოსწორდება და ქართველი გულშემატკივრები მოჭიდავეების ოლიმპიური წარმატებებით კიდევ ბევრჯერ გაიხარებენ”, – განაცხადა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ.
ტიტულოვანმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა გურამ საღარაძემ და რომან რურუამ ყურადღება საჭიდაო წესებში განხორციელებული ცვლილებების მთელ რიგზე გაამახვილეს, რომელმაც ამ სახეობის სანახაობრივი მხარეზე ძალიან ცუდად იმოქმედა.
“ამ პრობლემის გამოსასწორებელი გზები აუცილებლად უნდა მოიძებნოს, თან რაც შეიძლება მალე. ოლიმპიური თამაშები კი ჭიდაობის გარეშე წარმოუდგენელია”, – აცხადებენ ქართველი მოჭიდავეები.
ორიოდ კვირაში თბილისმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს და ცხადია, პრესკონფერენციაზე საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობითაც დავინტერესდით, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელობისგან დაპირება მივიღეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ცალკე ბრიფინგი გაიმართება.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიმართვა
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია შეშფოთებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOჩ) აღმასრულებელი კომიტეტის განცხადებით, რომლის საფუძველზეც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან შესაძლებელია ამოღებული იყოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა. ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა სპორტის იმ ერთეულ სახეობათა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც მუდმივად შედიოდა ანტიკური და თანამედროვე ოლიმპიადების პროგრამაში.
განუზომელია სპორტის ამ სახეობების წვლილი ოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციის, ოლიმპიური ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრების საქმეში. აქვე განვმარტავთ, რომ ის ნაკლოვანებები და შეცდომები, რომლებმაც წლების განმავლობაში თავი მოიყარა ჭიდაობაში, როგორც ოლიმპიური სპორტის სახეობაში, აღმოსაფხვრელია და იმედს ვიტოვებთ, რომ ჭიდაობის მსოფლიო საზოგადოება შეძლებს ამ სირთულეებთან გამკლავებასა და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.
მოგმართავთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს, საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ საქართველოს, როგორც სპორტის ამ სახეობაში მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნის ეროვნული ფედერაციის მოსაზრება და მხარდაჭერა.


   

0.215945