ლიტვის საფეხბურთო A ლიგის მე-20 ტურში, “ბანგამ” საკუთარ მოედანზე “ტაურასს” 5:0 მოუგო და ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე თამაზ ჩარგეიშვილმა ჩაიწერა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 61-ე წუთზე, პენალტის ნიშნულიდან, ანგარიში 4:0 გახადა. მიმდინარე სეზონში მან მეტოქეთა კარი მეხუთედ აიღო. მის მსგავსად, “ბანგაში” თავიდან ბოლომდე გაისარჯა ვაჟა ბედოიძე, რომელმაც მე-13 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ ირაკლი ღერკენაშვილი და გიორგი ნიქაბაძე. “ბანგას” 20 ქულა აქვს და 9-გუნდიან ლიტვის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-17 ტურში, “ინტერმა”, სადაც ირაკლი სრიბილაძე გამოდის, ტურკუულ დერბიში, შინ “ტურკუს” ვერ აჯობა – 1:1. ქართველმა ფორვარდმა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია კი მოიხადა, მაგრამ ტრავმა აწუხებს და ამიტომ, არ უთამაშია. “ინტერს” 18 ქულა აქვს და 12-გუნდიან პირველობაზე მეათეა.
იუკონენლიგის (პირველი ლიგა) მე-12 ტურში, “კაიანიმ”, რომელშიც კახა სამსონია თამაშობს, საკუთარ მოედანზე “იალკასთან” 1:7 წააგო. სამსონია სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე გააძევეს. “კაიანი” 8 ქულით 10 გუნდში მერვეა.
ბელარუსის პრემიერლიგის მე-15 ტურში, ბრესტის “დინამო” გასვლაზე “გომელთან” 0:2 დამარცხდა. სტუმართა რიგებში, დათა სიჭინავა 65-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო უჩა გოგოლაძე - 67-ზე. ოთარ ჩაფიძე 18 კაციან განაცხადში არ იყო და მან “დინამოს” დუბლშემადგენლობაში ითამაშა, რომლის დაპირისპირებაც “გომელის” სარეზერვო გუნდთან, 0:0 დასრულდა. ბრესტელებს 15 ქულა აქვსთ და 12-გუნდიან ბელარუსის პრემიერლიგაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-12 ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა ტაშკენტის “ფახთაქორმა”, შინაურ კედლებში, გათამაშების ლიდერ “ბუნიოდკორთან” 0:2 წააგო. ტაშკენტელებს კახა მახარაძემ შეუცვლელად უკაპიტნა. “ფახთაქორს” 22 ქულა აქვს და 14 გუნდში მეოთხეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში, “ატირაუმ” “აქტობე” მიიღო და 0:2 წააგო. მასპინძელთა სასტარტოში იმყოფებოდა გიორგი ფეიქრიშვილი, რომელიც 75-ე წუთზე შეცვალეს. “ატირაუს” 17 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზეა.
“ჟეტისუმ”, რომელსაც ომარ თეთრაძე თავკაცობს, თავის მოედანზე “აკჟაიკს” 5:1 აჯობა. ამ გამარჯვების შემდეგ, თეთრაძის გაწვრთნილებმა აუტსადერებიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს.