ჭიდაობა

22:37 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ევროპირველობის არაქართული დღე

 ევროპის ექვსდღიანი თბილისური ჩემპიონატის პირველი დღე, ქართველი მაყურებლისთვის ერთობ მოსაწყენი გამოდგა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები, შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ. უცხოელების ცქერა კი, მართლა ძნელი იყო. სამწუხაროდ, ჭიდაობა, უკვე წლებია, სანახაობრივი თვალსაზრისით, სპორტის ერთ-ერთი ჩამორჩენილი სახეობაა და ამ პრობლემის მოგვარების გზა ჯერ არ ჩანს. შეხვედრების უმეტესობა ისე დასრულდა, არც ერთ მოჭიდავეს, უშუალოდ ჭიდაობისას, ილეთი არ შეუსრულებია. ქულებს, როგორც წესი, ძირითადად ის სპორტსმენები იღებდნენ, ვისაც გამჭვირვალე ლანგრიდან ამოღებული ბურთულის ფერი დაუჯდებოდა. ვისაც ჭიდაობისთვის დიდი ხანია არ გიყურებიათ, გეტყვით, რომ ბურთულის ფერის უპირატესობა, მეტოქის ფეხში შესვლის უფლებას იძლევა, რაც მინიმუმ, 90 პროცენტით გარანტირებულ ქულას და პერიოდის მოგებას ნიშნავს. ჰოდა, ამ სასაცილო წესის გადამკიდე, საბოლოოდ, გამარჯვებული ის მხარე რჩება, რომელსაც უკეთესი ყისმათი აქვს.

ერთ ეპიზოდში, ფორტუნამ ზურგი საქართველოს ნაკრების წევრსაც აქცია – 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ, მერვედფინალში, რუსეთის ნაკრების წარმომადგენელ ვლადისლავ ბაიცაევს პირველი პერიოდი გამთანაბრებელი ქულის უპირატესობით მოუგო. მეორე კი უქულოდ დასრულდა და ბაიცაევმა ლანგრიდან თავისი ფორმის ფერი ბურთულა ამოაძვრინა. შანსი გაჭირვებით, მაგრამ მაინც გამოიყენა და საქმე დამატებით პერიოდამდე მიიყვანა. არადა, ფერში რომ არ გამართლებოდა, სავარაუდოდ, ოდიკაძის მეოთხედფინალში გასვლით გავიხარებდით.

გადამწყვეტ ორწუთეულში, ქართველი მოჭიდავე ისეთივე პასიური იყო, როგორც წინა ორი პერიოდისას. ცნობისთვის, პირველში ქულა, სწორედ უმოქმედობის გამო მსაჯისგან მიღებული გაფრთხილებით დაკარგა და ზედ საფინალო სირენისასღა გაქვითა. მეორე პერიოდზე უკვე ვთქვით. მესამეში კი, ბაიცაევმა საბოლოო გამარჯვების მომტანი ერთადერთი ქულა, ისევ ელიზბარ ოდიკაძის პასიურობისა და გაფრთხილების ხარჯზე მიიღო, ოღონდ ამჯერად, გამოცოცხლებამ ვეღარ გაჭრა.

ამ შეხვედრამდე, 96 კილოგრამში მოჭიდავე ქართველმა ერთი მეტოქის ჩამოშორება მოასწრო – პირველ წრეში, თავისზე ბევრად გამოცდილ ბელარუს ივან იანკოუსკის, სამპერიოდიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - პირველი წააგო, მეორე-მესამეში კი, გამარჯვების მომტანი თითო ქულა ბოლო წამებზე მოინაგრა.

ბაიცაევთან მარცხის შემდეგ ისღა დაგვრჩენოდა, ამ უკანასკნელის ფინალში გასვლას დავლოდებოდით, რაც ჩვენებურს ბრინჯაოს გზას უხსნიდა. რუსმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში აზერბაიჯანის ნაკრების უხვტიტულა წევრი, ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი ხეთაგ გაზიუმოვი ჩამოიცილა. ალბათ, ჩემპიონობისაც ნაადრევად ირწმუნა და ნახევარფინალში პოლონელ სტანისლავ სასკიევიჩთან წაიფორხილა. შესაბამისად, ოდიკაძეს რეპეშაჟის შანსიც უმალ გაუქრა.

ამავე წონაში, სპორტის სასახლის ხალიჩაზე საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ქართველი მიხეილ ჩიქოვანიც გავიდა, მაგრამ სამეულს ვერც ის შეწვდა.

კონსტანტინე ხაბალაშვილისთვისაც (66 კგ), რუსეთის სახელით მოჭიდავე მოწინააღმდეგე აღმოჩნდა დაუძლეველი ზღუდე. ეს ორთაბრძოლაც მერვედფინალში შედგა, ოღონდ, თუ ოდიკაძემ ბაიცაევთან დასანანად წააგო, ხაბალაშვილმა ილიას ბეკბულატოვს ღირსეული წინააღმდეგობაც ვერ გაუწია (1:4 0:1).

ამ შეხვედრამდე, ქართველმა სპორტსმენმა ალბანელი ვილსონ ნდრეგონი უპრობლემოდ ჩამოიცილა – 4:0, 2:0. ტურნირს ხაბალაშვილიც ორი შეხვედრით დაემშვიდობა, რადგან ბეკბულატოვი ფინალამდე დამარცხდა.

ქართველები სპორტის სასახლის არენაზე წინასწარი ეტაპის შეხვედრების დასრულების შემდეგაც გავიდნენ, ოღონდ, მოჭიდავეები არა - მომღერლები და მოცეკვავეები, ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე. საღამო ანსამბლებმა, “შვიდკაცამ” და “ერისიონმა” გაალამაზეს. დამსწრეთ საქართველოს, ევროპისა და საერთაშორისო ჭიდაობის ფედერაციების პრეზიდენტებმა, ასევე საქართველოს პრემიერმინისტრმა მიმართეს. ბიძინა ივანიშვილს, ფილას ხელმძღვანელმა ნენად ლალოვიჩმა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის უმაღლესი ჯილდო გადასცა. გახსნის ცერემონიალის მიწურულს კი, სცენაზე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი ავიდა და იუბილარ ვეტერან ქართველ მოჭიდავეებს, გურამ საღარაძესა და ლევან თედიაშვილს სპორტის რაინდის წოდებები მიანიჭა.

ფინალური შეხვედრების შემდეგ კი სამეულები ასე დალაგდა:

 

ევროპის ჩემპიონატი

თბილისი. 19 მარტი

 

თავისუფალი ჭიდაობა

 

66 კგ

1 დავიდ საფარიანი (სომხეთი)

2 იაკუპ გორი (თურქეთი)

3 ალექსანდრ კონტოიევი (ბელარუსი)

3 ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)

 

96 კგ

1 პავლო ოლეინიკი (უკრაინა)

2 სტანისლავ სკასკიევიჩი (პოლონეთი)

3 ლუბენ ბორისოვ ილიევი (ბულგარეთი)

3 ვლადისლავ ბაიცაევი (რუსეთი)

 

ქალთა ჭიდაობა

 

48 კგ

1 ვალერია ჩეპსარაკოვა (რუსეთი)

2 იანა სტადნიკი (ბრიტანეთი)

3 ფატიმა ბაგომედოვა (აზერბაიჯანი)

3 ჟაკლინ შელინი (გერმანია)

 


 

ბადრი კეთილაძის ფოტო

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

 

0.234477