საჭადრაკო ოლიმპიადის მე-2 ტურში საქართველოს მოჭადრაკე ქალებს ბელგიის სუსტ გუნდთან ჰქონდათ საქმე და როგორც მოსალოდნელი იყო, მშრალი ანგარიშით იმარჯვეს - 4:0.
ალექსანდრა ზოზულია (2346) - ბელა ხოტენაშვილი (2509) 0-1
ევა ბეკელანტი (2128) - ლელა ჯავახიშვილი (2458) 0-1
ჰანე გუსენსი (1998) - ნინო ხურციძე (2444) 0-1
მიკი მაკელბერგი (1952) - ნინო ბაციაშვილი (2432) 0-1
ქართველ მოჭადრაკე ქალებს ორი ტურის შემდეგ აბსოლუტური შედეგი აქვთ (2 მოგება, 8 ქულა) და ლიდერთა ჯგუფშია.
ქალებისგან განსხვავებით, მე-2 ტურში რთული ბრძოლა გადაიტანეს ჩვენმა ვაჟებმა ევროპის მოქმედ ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან მატჩში. ამ გუნდის საშუალო რეიტინგი 2667 იყო, რაც ჩვენი გუნდის საშუალო რეიტინგს ოდნავ აღემატებოდა.
მატჩის ბედი პირველ დაფაზე გადაწყდა: მიხეილ მჭედლიშვილმა არკადი ნაიდიჩთან წააგო. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა: მერაბ გაგუნაშვილი (2578) დაუზავდა იგორ ხენკინს (2656), თორნიკე სანიკიძე (2585) - ჯორჯ მეიერს (2648), ხოლო ლევან ფანცულაია (2575) - დანიელ ფრიდმანს (2653). ამრიგად, ჩვენმა მოჭადრაკე ვაჟებმა შეხვედრა 1,5:2,5 წააგეს.
ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ვაჟთა ნაკრებს აქტივში ერთი მოგება, ერთი წაგება და საერთო ჯამში 5,5 ქულა აქვს.
მესამე ტურში ქართველი მოჭადრაკე ქალები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ვაჟთა გუნდის მეტოქე ჰოლანდიის ნაკრები იქნება.
თენგიზ ჩობანიძე