მადრიდის “რეალმა”, 1998 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ამსტერდამ არენაზე” ტურინის “იუვენტუსი” 1:0 დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო 32-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო. ჰოლანდიის დედაქალაქში გამართულ ფინალში, ერთადერთი ბურთი ჩერნოგორიელმა ფორვარდმა პრედრაგ მიატოვიჩმა გაიტანა, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგის იმ გათამაშებაში, ხსენებული გოლი პირველი, მაგრამ როგორც იტყვიან “ოქროსი” აღმოჩნდა. 2006 წელს, როდესაც “რეალის” პრეზიდენტად რამონ კალდერონი აირჩიეს, მიატოვიჩი მადრიდელთა სპორტულლ დირექტორად დანიშნეს. 2006-2009 წლებში მისი კლუბში მუშაობის პერიოდში, მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ (2007, 2008) მოიგეს, რაც ჯერჯერობით, “სამეფო კლუბის” ბოლო მნიშვნელოვანი წარმატებაა. ჩერნოგორიელმა “რეალი” 2009 წლის გაზაფხულზე დატოვა და მას მერე, მასმედიასთან გულღიად არ უსაუბრია. თუმცა, ესპანურმა გამოცემა AS-მა შეძლო და მიატოვიჩისთვის ვრცელი ინტერვიუს ჩამორთმევა მოახერხა.
- ამდენ ხანს რატომ დუმდით?
- ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე – დროს სამუშაოსა და საკუთარ საქმეებს ვუთმობ. ყოველ დღე სხვადასხვა თემებზე საკუთარი აზრის გამოთქმას ვერიდები. ეს ჩემი საქმე არ არის. მითუმეტეს, პატივი უნდა ვცე მათ, ვინც კლუბში ახლა გადაწყვეტილებებს იღებს, რადგან ამ ხალხმა “რეალის” შიდა სამზარეულო უკეთ იცის. ასეთი პოზიცია მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე მიკავია, რადგან ყველაფერი საკუთარ თავზე გადავიტანე. კარგად ვიცი, რომ იმ ხალხის აზრი, რომელთაც კლუბში არსებული სიტუაცია პირველი პირისგან არ იციან, ნაკლებად გეხმარება.
- მადრიდის “რეალი” რატომ დატოვეთ?
- ნათელი იყო, რომ ის ეტაპი თავის დასასრულს უახლოვდებოდა. კლუბი გარდამავალ პერიოდში იყო და ვიდრე გუნდი სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვებისთვის იბრძოდა, მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, ხოლო სეზონის დასრულების მერე, პოსტის დატოვება უპრობლემოდ შემეძლო. მე 2009 წლის 20 მაისს წავედი, მანამდე კი, ყველა ინფორმაცია შევაგროვე, წესრიგში მოვიყვანე, რათა იმ ხალხს, ვინც კლუბში მისვლას აპირებდა, საქმე გაადვილებოდა.
- “რეალის” პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ რატომ არ დარჩით, როდესაც ვისენტე ბოლუდამ, უფლებამოსილება ფლორენტინო პერესს გადააბარა?
- გადამწყვეტი როლი იმ სიტუაციამ ითამაშა, რომელიც ჩემს შვილს, ანდრეას უკავშირდებოდა (მიატოვიჩის უმცროსი შვილი ანდრეა ჰიდროცეფალიისგან გარდაიცვალა, რედ.). მაშინდელ პრეზიდენტს, ვისენტე ბოლუდას ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ჩემი წასვლა სწორი ნაბიჯი იქნებოდა. Mსურს, მას მადლობა გადავუხადო თბილი დამოკიდებულებისა და ჩემი ვითარების გათვალისწინებისათვის.
- ამბობდნენ, რომ ფეხბურთელების გაყიდვისთვის საკომისიოებს იღებდით. ამის შესახებ რას იტყვით?
- ყველაზე მეტად, გულს სწორედ ეს მტკენს, რადგან ასეთი ჭორები ყოვლად უსაფუძვლო იყო. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მიცნობს, სრული პასუხისმგებლობით იტყვის, რომ მსგავს რამეს გულშიც არ გავივლებდი. უკვე დიდი ხანია მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. სავარაუდოდ, ვიღაცას ჭირდებოდა, რომ კლუბის ირგვლივ საეჭვო ატმოსფერო შექმნილიყო, ყველაფრის დისკრედიტიაცია მომხდარიყო რასაც ვაკეთებდით და ეს საუბრები საკომისოებზე, ერთ-ერთი იმ ტყუილთაგანი იყო, რომლის წაკითხვა მომიწია. უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ველი, რომ იმ ადამიანთაგან ერთი მაინც, ვინც ასეთ სისულელეებს გაიძახოდა, რაიმეს დაამტკიცებს.
- კლუბის მიერ შეძენილი რომელიმე ფეხბურთელიდან, პირადი სარგებელი გინახავთ?
- როგორ ფიქრობთ, ასე რომ ყოფილიყო, ამის შესახებ აქამდე ცნობილი არ გახდებოდა? ეს უსამართლო და არასწორია, რომ ზოგიერთებმა ინფორმაციის გავრცელების ასეთ ფორმას მიმართეს –ადამიანი დამნაშავეა მანამდე, ვიდრე საკუთარ უდანაშაულობას არ დაამტკიცებს. ჩვენ არცთუ იოლი სამუშაოს გაწევა მოგვიხდა, რომელიც ეხებოდა იმ თაობის ცვლას, რომელსაც სამი წელიწადი ტიტული არ ჰქონდა მოგებული, რომელსაც პირველივე დღიდან გარს მუდმივი არასტაბილურობის ატმოსფერო ერტყა და ყოველივე ჩვენს მუშაობას ართულებდა. თუმცა, ჩვენი პროფესიონალიზმი და სიმართლე, საუკეთესო დაცვა იყო სამუშაოში, რომლის შესრულებაში არცთუ გვეხმარებოდნენ. საბედნიეროდ, ამჟამად საფეხბურთო ინდუსტრიაში ვმუშაობ, სადაც მოღვაწე პროფესიონალები თბილად მეპყრობიან, რადგან იციან, როგორი ვარ ცხოვრებაში და საქმეში.
- “რეალში” ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, კლუბმა ორჯერ ჩაატარა გენერალური ასამბლეა. თქვენს სამუშაოში, რაიმე დარღვევები გამოვლენილი იყო?
- მე არ უნდა ჩავერიო კლუბის მოღვაწეობის იმ სფეროებში, რაზეც პასუხისმგებელი არ ვიყავი. თუმცა, “რეალის” სპორტულ დირექციაზე თუ ვისაუბრებთ, რომელსაც მე ვხელმძრვანელობდი, ორი კი არა, თუნდაც ორასი ასამბლეა ჩაატარონ, დარღვევებს მაინც ვერ იპოვნიან, რადგან ისინი, უბრალოდ, არ ყოფილა.
- მადრიდელთა ამჟამინდელ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესზე რას ფიქრობთ?
- ჩემი აზრით, სრულებით უსამართლოა შეაფასო რაიმე, როდესაც დისტანციაზე იმყოფები და დაწვრილებითი ინფორმაცია არ გაქვს. ვფიქრობ, ძნელია ეჭვი შეიტანო მადრიდის “რეალის” მიმართ მის სიყვარულში და იმაში, რომ მას მოფიქრებული აქვს კლუბი როგორი უნდა იყოს. ამას ვაფასებ, მაგრამ ამასთანავე, შემიძლია მისი შეხედულებები არ გავიზიარო.
- ახალი შენაძენების გაკეთების დროს, თქვენ დიდი თანხების ხარჯვაშიც გადანაშაულებდნენ...
- დიდი თანხების ხარჯვაში? 2006-2009 წლებში, პირველი გუნდისთვის შეძენილი ფეხბურთელებისთვის დახარჯულმა თანხამ 320 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო პირველი გუნდის მოთამაშეების გაყიდვისგან მიღებულმა თანხამ -106 მილიონი. ე.ი. სამი წლის განმავლობაში ინვესტიციამ დაახლოებით 214 მილიონი ევრო შეადგინა და თანამედროვე ფეხბურთის რიცხვების გათვალისწინებით, ახალი შენაძენების გასაკეთებლად, მე ეს დიდ თანხად არ მეჩვენება.
- რა სტილს ეძებდით გუნდისთვის, როდესაც იმ მოთამაშეებს ყიდულობდით?
- პირველი, რაც “რეალის” სათამაშო სტილისთვისაა დამახასიათებელი, გამარჯვებაა, რადგან მადრიდული კლუბისთვის, გამარჯვება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს კლუბი გამარჯვებებს იმდენად მიეჩვია, რომ წაგება წინსვლის ნებისმიერ მცდელობას ახშობს. მეორეს მხრივ, გამარჯვებას ისე უნდა ეცადო, რომ მოედანზე დომინირებდე, როგორც ეს ყოველთვის იყო კლუბის ისტორიაში. ჩვენს მეორე სეზონში, როდესაც ჩემპიონები მეორედ გავხდით, ბილბაოში, ვილიარეალში, ბარსელონაში და მადრიდში “ვისენტე კალდერონზე” გავიმარჯვეთ. ამის გაკეთება, მხოლოდ ძლიერ და დომინანტ გუნდს შეუძლია. აი, ასეთი იყო ჩვენი გზა.
- გონსალო იგუაინს, მადრიდელი გულშემატკივრების გულების დაპყრობა, ასე რატომ გაუჭირდა?
- გონსალო ძალიან განსაკუთრებული ბიჭია. ის იმყოფება იქ, სადაც იმყოფება განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ძალისხმევით, რომელიც მისი ასაკის ადამიანისთვის დამახასიათებელი არ არის. მასთან ხუთი წუთი ურთიერთობა საკმარისია, რათა მიხვდე, რომ შენს წინაშე წარმოუდგენელი ადამიანი დგას. ვფიქრობ, მან მადრიდის “რეალის” გულშემატკივრების გული დიდი ხანია დაიპყრო, რადგან ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. სხვა საქმეა, რომ კრიტიკოსების ნაწილი მის შესაძლებლობებს ყოველთვის ეჭქვეშ აყენებს, მაგრამ როდესაც მოთამაშე ისეთ დიდ კლუბში იმყოფება, როგორც “რეალია” –ეს გარდაუვალია.
- გული გტკივათ, რომ “რეალი” უკვე დიდი ხანია “ბარსელონას” ვერ ამარცხებს?
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაც საგანგებოდ ცდილობს წინ წამოწიოს გარკვეული საკითხები და ამავე დროს, მეხსიერებიდან სხვები წაშალოს. თუმცა, რეალობის დამალვა შეუძლებელია და ვამაყობ იმ გამარჯვებით ბარსელონაში, ისევე როგორც იმ კორიდორით, რომელიც “ბარსას” ფეხბურთელებმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩვენს მოთამაშეებს გაუკეთეს. ასევე, ვამაყობ მომდევნო ჩემპიონატში შინ “ბარსელონას” 4:1 დამარცხებით და იმ სეზონში პრიმერადივიზიონის 18-ქულიანი სხვაობით მოგებით. ის “ბარსელონა” ამჟამინდელს ძალიან ჰგავდა, იმითაც კი, რომ მსოფლიო დონის ბევრი ვარსკვლავი ჰყავდა, მაგალითად, ანრი, რონალდინიო და ეტოო.
- ბერნდ შუსტერი დღემდე ვერ გპატიობთ, რომ “რეალის” მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გაათავისუფლეთ...
- შესაძლოა, მაგრამ მე ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც უნდა გამეკეთებინა და რაც მადრიდის “რეალისთვის” უკეთესი იყო. ჩემი აზრით, მისი უკმაყოფილება უფრო ადრე წარმოიშვა, როდესაც კლუბში პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ყველაზე საუკეთესო მწვრთნელად პირველ წელს, რომელიც ჩვენთვის ძალიან რთული უნდა ყოფილიყო, ფაბიო კაპელოს ვთვლიდი. ნებისმიერ შემთხვევაში, შუსტერმა სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთი ჩემპიონის ტიტული და სუპერთასი მოიგო, თან ორივე ჩემი სპორტული დირექტორობის პერიოდში. ასე რომ, ის ჩემთან არცთუ ცუდად მუშაობდა. სხვათა შორის მან, ჯერჯერობით, ჩემზე უკეთესი სპორტული დირექტორი ვერ მოძებნა.
- თქვენ, ჟოზე მოურინიოს მიიწვევდით?
- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ამის მცდელობა 2008 წლის ზაფხულში მქონდა, მაგრამ რამონ კალდერონი ვერ დავითანხმე. მაშინ მოურინიო “ჩელსიდან” უკვე წასული იყო და მილანის “ინტერთანაც” კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონდა. ჩვენ ის უნდა მოგვეწვია და ამის შესახებ, კერძო საუბრებში კოლეგებს ვუთხარი. იმ პერიოდში, წინსვლის კარგი შესაძლებლობა იყო, მაგრამ ჩემპიონატი დიდი უპირატესობით ახალი მოგებული გვქონდა და ამიტომ, პრეზიდენტი ვერ დავარწმუნე.
- მოურინიო მართლაც ასეთი კარგი მწვრთნელია?
- მოურინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ხოლო მადრიდული კლუბის ყველა რგოლში, მხოლოდ საუკეთესო სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა