ჭადრაკი

23:23 | 4.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მარცხი სტამბოლში

სტამბოლში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-7 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი მარცხი განიცადა და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა. ქართველ მოჭადრაკეებს წარუმატებლობა პირველი განთესვის მქონე ჩინელებთან შეემთხვათ – 1.5:2.5.
აღსანიშნავია, რომ ქართველთაგან ერთადერთი გამარჯვება შავი ფიგურებით მოთამაშე ბელა ხოტენაშვილმა (2509) იზეიმა. მან ვენჯუნ ჟუს (2528) სძლია. ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2547) იიფან ჰოუს (2599) დაუზავდა, ლელა ჯავახიშვილი (2458) ქიან ჰუანგთან (2449) დამარცხდა, ხოლო ნინო ხურციძემ იიქსინ დინგთან (2424) წააგო.
საქართველოს ნაკრებს შვიდ ტურში 10 ქულა შერჩა და მე-11 ადგილამდე დაქვეითდა, არადა, გამარჯვების შემთხვევაში, ლიდერთა შორის ხვდებოდა. ახლა, ტურნირის სათავეში ჩინეთის, რუსეთის და პოლონეთის გუნდები არიან, რომელთა აქტივშიც 12-12 ქულაა.
მე-8 ტურში ქართველი ქალი მოჭადრაკეები შავი ფიგურებით სერბებს ეთამაშებიან, რომელთა აქტივში ასევე 10 ქულაა.
წარუმატებელი დღე ჰქონდათ ქართველ ვაჟებსაც, რომლებიც ინგლისთან 1.5:2.5 დამარცხდნენ. მიხეილ მჭედლიშვილი (2659), მერაბ გაგუნაშვილი (2578) და კონსტანტინე შანავა (2569) შესაბამისად, მაიკლ ადამსს (2722), გევეინ ჯოუნსს (2653) და დევიდ ჰოუელს (2635) დაუზავდნენ, ხოლო ლევან ფანცულაიამ (2575) ნაიჯელ შორტთან (2698) წააგო.
საქართველოს ნაკრები 9 ქულით 28-ე პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი შავებით თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.105874