ჭიდაობა

22:41 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველად 1997 წლის შემდეგ

 

დასრულდა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობდა. მართალია, გუნდურში ქართველი ფალავნები მხოლოდ რუსეთს ჩამორჩნენ და მე-2 ადგილზე გავიდნენ, მაგრამ მედლების მოპოვების მხრივ ასეთი წარმატება ჩვენს გუნდს 1997 წლის შემდეგ არ ჰქონია. ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს და ამდენივე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს მეორე ოქროს მედალი ტურნირის ბოლო დღეს 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით მარსაგიშვილმა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მან ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო დამატებითი პერიოდის გარეშე, ზოგ შეხვედრაში კი სუფთად გაიმარჯვა.

“მსოფლიო სპორტი” ევროპის აწ უკვე ორგზის ჩემპიონს, დავით მარსაგიშვილს ესაუბრა.

- რამდენად გაგიჭირდათ ტიტულის შენარჩუნება?

- ყველაფერი ისე კარგად დაიწყო და დასრულდა, რომ მიჭირს თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა.

- გულშემატკივართა მხარდაჭერა რამდენად იგრძნობოდა?

- გულშემატკივართა ასეთი მხარდაჭერით არასოდეს მიჭიდავია. თავიდან ცოტა მეშინოდა ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, მაგრამ ტრიბუნებიდან იმხელა მხარდაჭერას ვიგრძენი, რომ გაორმაგებული ენერგიით ვიჭიდავე. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს , რომლებმაც ლომის წილი შეიტანეს ჩემს გამარჯვებაში. ემოციებიდან ჯერაც ვერ გამოვსულვარ.

ამ გამარჯვებას მთელ საქართველოს, დარბაზში მყოფ გულშემატკივარს და განსაკუთრებით ჩემს პირველ მწვრთნელს, მამაჩემს, ლევან მარსაგიშვილს ვუძღვნი, რომელმაც ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში ლომის წილი შეიტანა.

“მსოფლიო სპორტმა” აწ უკვე დასრულებულ, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის შესახებ კომენტარი სთხოვა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს ლერი ხაბელოვს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს რეზო მინდორაშვილს.

ლერი ხაბელოვი: “ძალიან გახარებული ვარ ასეთი წარმატებით. ჩემი დებიუტი ოლიმპიურ კომიტეტში გამარჯვებით აღინიშნა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დიდ შედეგებს მიაღწიეს, რაც იმის სტიმულს გვაძლევს, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვალთ”.

ლუკა კურტანიძე: “1997 წელი გამახსენდა, როცა მე და ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა, დავით პოღოსიანმა ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ. მას შემდეგ ჩვენს ნაკრებს ასეთი წარმატებითვის არ მიუღწევია. მას შემდეგ 16 წელი გავიდა. აღფრთოვანებული და გახარებული ვარ, რომ ჭიდაობის ფედერაციაში დათოს და ჩემი მოსვლით წარმატება ისევ განმეორდა. ვეცდებით, ანალოგიურს მივაღწიოთ მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე”.

რეზო მინდორაშვილი: “რა თქმა უნდა გახარებული ვარ, მაგრამ გული მწყდება, რომ უკეთ გამოსვლა შეეძლო 74 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ხუციშვილს, რომელმაც ტრავმა მიიღო და ამის გამო ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. რომ არა ტრავმა, დარწმუნებული ვარ, რომ ხუციშვილი ჩემპიონობას თუ არ მოიპოვებდა, ერთ-ერთ სინჯის მედალს მაინც აიღებდა. არ გაუმართლა ასევე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოდიკაძეს, მას უფრო მეტის მიღწევა შეუძლია”.

0.394698