ინტერვიუები

11:24 | 9.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: “ ალეგრი ნებისმიერ ფეხბურთელს პირდაპირ ეუბნება, რასაც მასზე ფიქრობს და არაფრის ეშინია”

ანდრეა პირლო, წლების განმავლობაში, “მილანის” ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და ამიტომ გასაკვირი არაა, გუნდის ახალი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, მას რჩევისთვის რომ მიმართავს ხოლმე. 31 წლის ნახევარმცველს, ზურგს მართლაც უდიდესი გამოცდილება უმაგრებს - 2001 წლიდან მოყოლებული დღემდე, მან “მილანში” 367 შეხვედრა ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონის წინ ბევრი საუბარი იყო, რომ “როსონერის” ახალი “სისხლი” სჭირდებოდა და მართლაც, კლუბის მეპატრონეებმა რამდენიმე სერიოზული შენაძენი გააკეთეს, რომელთა შორის ერთ-ერთი, ზლატან იბრაჰიმოჩია. შვედი ფორვარდის უხიაგი ხასიათისთვის ხაზი არაერთხელ გაუსვამთ და მან თავი უკვე “მილანშიც” გამოაჩინა – მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როდესაც ვარჯიშის დაწყებამდე, არაფრის გამო, სტრასერს კარატეს ილეთი ჩაუტარა. თუმცა, Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, პირლომ თანაგუნდელი დაიცვა და აღნიშნა, რომ იბრაჰიმოვიჩის საქციელი მხოლოდ ხუმრობა იყო.     
- თქვენი თქმით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საუცხოო ბიჭია, რომელიც ყოველთვის იღიმება და მზადაა ხუმრობაში აგყვეს. საერთოდ, მას სხვაგვარად ახასიათებენ...
- ჩვენ გუნდს ის საუცხოოდ შეერწყა. შესაძლოა, სხვა კლუბებში ამ მხრივ პრობლემები ჰქონდა.
- მართალია, რომ ერთხელ თქვენი ზურგჩანთა მის ადგილზე დადეთ და მან ის გადააგდო, თან დააყოლა: “აქ მხოლოდ ჩემი ნივთები იდება”?
- რა ბოდვაა. თან, სადმე ზურგაჩანთით რატომ უნდა წავიდე?
- საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ ზლატანზე ყოველთვის რაღაც ჭორები დადის. როგორ მოეკიდეთ იმ ფაქტს, როდესაც მან ვარჯიშზე სტრასერს ფეხი დაარტყა?
- როგორ უნდა აღგვექვა? ხუმრობა ხუმრობაა. ვარჯიშებზე მსგავსი რამ მუდმივად ხდება.
- იმედია, თქვენც ისე არ მოგხვდებათ, როგორც სტრასერს... ისე, ამ დღეებში კლარენს ზეედორფის განცხადების თაობაზე თუ იმსჯელეთ, რომელიც ლამაზ თამაშსა და იბრაჰიმოვიჩს ეხებოდა?
- ეს განცხადება უკვე დაზუსტდა. შესაძლოა, კლარენსმა საკუთარი აზრი არცთუ ზუსტად გამოთქვა, ან კიდევ მას ვერ გაუგეს. მან გუნდს ყველაფერი განუმარტა და ნებისმიერ შემთხვევაში, პროტესტიც არავის გასჩენია.  
- არ გეშინიათ, რომ გამარჯვებები ულამაზო თამაშის ფონზე მოიპოვოთ, როგორც ამას თავის დროზე “ინტერი” აკეთებდა?
- ჩვენ შეგუება ნებისმიერ ფეხბურთელთან შეგვიძლია და გარდა ამისა, არის მწვრთნელი, რომელიც სათამაშო სქემას არჩევს. საუბარი ხომ თავდამსხმელზეა, რომელიც “აიაქსში”, “იუვეში”, “ინტერსა” და “ბარსელონაში” თამაშობდა, თან ყველგან იმარჯვებდა. შესაბამისად, ის გუნდისთვის სასარგებლოა. “იბრას” მატჩის ბედის შემოტრიალება შეუძლია და მასთან ერთად, ჩვენი თამაში მხოლოდ გაუმჯობესდება.
- ალეგრი, პირველყოვლისა, იმას გთხოვთ, რომ თამაში ხშირად გაამწვავოთ...
- ეს პრობლემა არაა. თამაშის მოწინააღმდეგის კართან გადატანა, როგორც თავის დროზე იყო, მომწონს. რაღაც მომენტში, ჩვენ უფრო თავშეკავებულად ავთამაშდით, აქცენტს ბურთის დაჭერაზე ვაკეთებდით და კონტრშეტევების დროს ვრისკავდით. თუმცა, შეგვიძლია ისევე ვითამაშოთ, როგორც ადრე.  
- მართალია, რომ პირველყოვლისა, ალეგრი თქვენ გელაპარაკებათ?
- მე, ნესტას, გატუზოს. მას დიალოგი სურს და ვეტერანებს აზრს ხშირად ეკითხება, მაგრამ ბუნებრივია, გადაწყვეტილებას თავად იღებს. ის გუნდს ანჩელოტის მსგავსად მართავს – მოთამაშეებთან გვერდით ყოფნა მოსწონს. თუმცა, მის მოსვლას სიახლეც მოჰყვა - ჩვენც რაღაც ახალი გვჭირდებოდა.  
- ალეგრი იმიტომ მოგწონთ, რომ...
- იმიტომ, რომ მან აჩვენა, თუ როგორი ძლიერი ხასიათი აქვს. ნებისმიერ ფეხბურთელს პირდაპირ ეუბნება რასაც მასზე ფიქრობს და არაფრის ეშინია. თუმცა ამასთანავე, თავის მიმართ კეთილად განგაწყობს.
- სამი თავდამსხმელი ძალიან ბევრი არაა?
- ჩვენ ყოველთვის სამი თავდამსხმელით ვთამაშობდით. მთავარია, რომ მათ გუნდზე იმუშაონ.
- მოედანზე ძალიან ბევრს მუშაობთ –“ცხენივით” დარბიხართ. არ გრძნობთ, რომ იფიტებით? ჯერ არ დამდგარა მომენტი, როდესაც გინდათ იყვიროთ – “მორჩა”, “საკმარისია”?
- მატჩის მსვლელობის დროს, შესაძლოა, რაღაცამ “გამაგიჟოს”, მაგრამ მხოლოდ 10 წამით, ხოლო შემდეგ გამივლის. მაშინ ვბრაზდები, როდესაც ძალიან ვიქანცები, მაგრამ შემდეგ პარტნიორი მეტოქის კართან პირისპირ გამყავს და ბედნიერი ვარ.
- ბოლო პერიოდში, თქვენს გუნდს ძალიან აკრიტიკებენ, რადგან იმ თამაშს ვერ აჩვენებს, რასაც მისგან ელიან...
- ჩვენ მშვიდად ვართ. სანაკრებო მატჩებით გამოწვეული შესვენების დროს, რაღაცეების მოგვარება შესაძლებელია.
- თუმცა, თქვენ და სხვა წამყვანი მოთამაშეები მილანელოში არ იქნებით...
- ყველას ყოფნა აუცილებელი არაა. ახლა ისეთი მომენტია, რომ ვიღაცეების არყოფნის მიუხედავად, გუნდმა ენერგია სრულად აღიდგინოს.
- საქმე ასარჩევად რომ გქონდეთ, ბოლო არცთუ წარმატებული სეზონების შემდეგ, “მილანის” რეაბილიტაციისთვის, რომელი უფრო კარგი საშუალება იქნებოდა – იტალიის ჩემპიონატის მოგება, თუ ევროთასების?
- ევროთასების. ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუფასებელი რამაა.  
- ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ინტერის” ხილვა, გესიამოვნათ?
- მართალი გითხრათ, მესიამოვნა. დავინახე მოთამაშეები როგორი ბედნიერნი იყვნენ და მათთან ერთად მეც მიხაროდა – ვიცი, ეს რა შეგრძნებაცაა.  
- “ინტერის” წინაშე, არასრულფასოვნების კომპლექსი არ გაქვთ?
- არა. ჩვენ ვიცით, რომ “ინტერის” დამარცხება იტალიაშიც და ევროპაშიც შეიძლება. ახალ გუნდს ვაშენებთ, ახალი სულისკვეთებით და სწორ გზაზე ვართ.  
- ლეონარდო “ინტერში” წარმოგიდგენიათ?
- იმის გათვალისწინებით, რომ ის ჩვენი ისტორიაა – არა. თუმცა, დღევანდელ ფეხბურთში, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს – მწვრთნელობა, ეს, სამსახურია და არ შეიძლება მხოლოდ ერთ გუნდს იყო მიჯაჭვული.
- კაკა?
- ჩემი აზრით, ეს სრულიად წარმოუდგენელია.
- რომელი სჯობს – ეტოო, თუ “იბრა”?
- ორივე განსხვავებული, მაგრამ საუცხოო მოთამაშეა.
- ვესლი სნეიდერს “ოქროს ბურთს” მისცემდით?
- პირადად მე – ხავის, ან ინიესტას, მაგრამ ეს, გემოვნების საკითხია. სნეიდერმა ბევრი გააკეთა და ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ჯილდოს იმსახურებს.
- თავად ამ ჯილდოზე აღარ ფიქრობთ?
- პირველყოვლისა, კვლავ მოგება უნდა დავიწყოთ, ხოლო “ოქროს ბურთზე” შემდეგ ვიფიქროთ.
- ნესტასთან ერთად Playstation-ს კიდევ თამაშობთ?
- დიახ, ახლა, აბატე, რობინიო და “იბრაც” შემოგვიერთდნენ.  
- iPad გაქვთ?
- არა
- Twitter-ზე და Facebook-ზე აქაუნთები გაქვთ?
- Facebook-ზე უამრავი ადამიანი იყო აქაუნთებით, რომლებსაც ჩემი სახელი ჰქონდათ და ისინი ყოველგვარ სისულელეს წერდნენ. იმას მივაღწიე, რომ მსგავსი რამ შეეწყვიტათ.
- თუმცა, Twitter-ი და Facebook-ი მეგობრებთან ურთიერთობისთვისაა საჭირო?
- მე მობილურ ტელეფონს ვამჯობინებ.
- გული არ გწყდებათ, რომ თავის დროზე, საზღვარგარეთ არ წახვედით?
-არა, აქ სიამოვნებით დავრჩი. ახლა კონტრაქტი მიმთავრდება, მაგრამ “მილანში” თამაში, კარიერის ბოლომდე მსურს.
- იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელფასს საგრძნობლად შეგიმცირებენ?
- ვნახოთ, რა იქნება. პირველყოვლისა, გამარჯვებები უნდა მოვიპოვოთ. დანარჩენზე შემდეგ ვიფიქრებთ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.105458