თბილისის “დინამოს” ყოფილმა ლეგიონერმა პეტარ ელიჩმა საქართველოში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. რუსული “ვოლგას” ფორვარდი შარშან ამ დროს თამაშობდა “დინამოში”, კერძოდ, ნახევარი სეზონით იყო განათხოვრებული რუსული კლუბიდან. 25 წლის ბოსნიელი ელიჩი, რომელსაც სერბეთის მოქალაქეობაც აქვს, რუსულ “სპორტ-ექსპრესს” ესაუბრა:
- როდესაც გაიგეთ, რომ საქართველოში განათხოვრებდნენ, როგორი რეაქცია გქონდათ?
- იმ დროს ცხოვრებაში უცნაური პერიოდი მქონდა. “ვოლგა” პრემიერლიგაში გადავიდა და ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე, ელიჩს “რუბინი” იწვევსო, თუმცა თურქული შეკრების შემდეგ... თბილისში აღმოვჩნდი. თქვეს, რომ “ვოლგასთვის” და ჩემთვისაც ასე აჯობებდა. თუმცა, გეტყვით, რომ თბილისის “დინამო” დიდი კლუბია, რომლის ტრადიციების შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცოდი. თანაც, თამაში მსურდა. განათხოვრებაზე საუბარი მაშინ დაიწყო, როცა სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო. ევროპაში დაბრუნების შანსი აღარ მქონდა. და რა ვარიანტი მრჩებოდა? ან საქართველოში წასვლა, ან რუსეთის პირველ დივიზიონში დაბრუნება, სადაც სამი-ოთხი კლუბი მიწვევდა. დავფიქრდი და თბილისში წავედი. იქ სამი თვე გავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი ქალაქია. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა - ვიგებდით და მეც ვთამაშობდი, თუმცა შემდეგ თითი მოვიტეხე და ჩემპიონატის ბოლო ეტაპი გამოვტოვე. “დინამოში” სულ 6 შეხვედრა ჩავატარე.
- თქვენი მშობლები როგორ შეხვდნენ ასეთ ორიგინალურ მოგზაურობას?
- დედა თავიდან ბევრ კითხვას მისვამდა, თუმცა ვუთხარი, რომ სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა. დედა ორი კვირით თბილისშიც იყო, თუმცა ისეთ პერიოდში, როცა გადაუღებლად წვიმდა.
- რას იტყვით საქართველოს ჩემპიონატის დონეზე?
- იქ ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ მეტი სივრცე სჭირდებათ, რათა უფრო მაღალ დონეზე ავიდნენ და ივარჯიშონ. მომეჩვენა, რომ საქართველოში მოედნების ძალიან დიდი პრობლემაა. ამასწინათ წავიკითხე, რომ ამ პრობლემას აგვარებენ. ვფიქრობ, ამას თუ შეძლებენ, ჩემპიონატის დონეც მოიმატებს.
- სად იყო საქართველოში ყველაზე ორიგინალური მოედანი? “დინამოს” საიტის ვიდეოები რომ ვნახოთ, ზოგიერთი მატჩი ღმერთისგან მივიწყებულ ადგილებში ტარდება...
- ძნელი სათქმელია. მხოლოდ ორი-სამი მინდორი იყო კარგი, დანარჩენი კი, “ბოსტანია”.
- როგორ იყო საქმე მაყურებელთა დასწრების მხრივ? “დინამო” უზარმაზარ სტადიონზე ატარებს საშინაო მატჩებს და ალბათ, ტრიბუნები დაცარიელებული იყო...
- საქართველო-ხორვატიის დროს სტადიონი გაივსო და ატმოსფეროც მშვენიერი იყო. რატომ არ დადიან ეროვნულ ჩემპიონატზე? არ ვიცი, ადგილობრივი მენტალიტეტის შესასწავლად დიდი დრო არ მქონია. თანაც, იქ მხოლოდ “დინამოა” დიდი, სახალხო კლუბი. “დინამოში” მოხვედრილმა ფეხბურთელებმა ეს იციან და გრძნობენ, მოდუნების უფლებას არ აძლევენ საკუთარ თავს. როცა სტუმრად ვთამაშობდით, პატარა, 5000-იანი სტადიონები ორI მესამედით ივსებოდა.
- რამდენი ლეგიონერია საქართველოში?
- “დინამოში” 7-8 უცხოელი ვიყავით. როცა წამოვედი, 5 ესპანელი მიიყვანეს, რადგან გუნდს ასევე ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში. ეს მწვრთნელი ადრე “ბარსელონას’ ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობდა, სადაც მარკ კროსასიც თამაშობდა.
- აი, კროსასს კი შეეძლო თბილისში წასვლა, მაგრამ მექსიკაში გაემგზავრა...
- ზუსტად. კროსასს თბილისში კარიერის აწყობის მშვენიერი შანსი ექნებოდა, თუმცა “დინამოს” ის ესპანელი სპეციალისტი აღარ წვრთნის. ესპანელი ფეხბურთელები კი დარჩნენ და მათ შორისაა ჩისკო – კარგი ფორვარდია, თავის დროზე “ვალენსიაში” თამაშობდა. როგორც ვიცი, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.
- რა ენაზე ეკონტაქტებოდით თანაგუნდელებს?
- 90 პროცენტმა რუსული, ან ინგლისური იცოდა. ქართულის სწავლა რთული იყო, რადგან მათ საკუთარი, განსაკუთრებული ანბანი აქვთ. ქართულად დაწერილს ვერ ვიგებდი, თუმცა მინდორზე საჭირო სიტყვები ვიცოდი.
- თბილისის ქუჩებში ქართულ წარწერებს რომ ვერ იგებდით, ეს არ გიშლიდათ ხელს ცხოვრებაში?
- თითქმის ყველამ იცის რუსული. არ მეგონა, საქართველოში ამდენი ადამიანი თუ ლაპარაკობდა რუსულად. ამიტომაც, პრობლემა არ შემქმნია.
- რამ გაგაკვირვათ ქართულ მენტალიტეტში?
- ქართველები ძალიან რელიგიურები არიან – მეტად, ვიდრე რუსები ან სერბები. საქართველო არცთუ დიდი ქვეყანაა, თუმცა საკმაოდ ბევრი ეკლესია აქვთ. ხალხმა მშვენივრად იცის თავისი ქვეყნის ისტორია. მაგალითად, როდესაც ქუთაისში წავედით სათამაშოდ, სპეციალურად ავედით მთაზე, რათა ადგილობრივი მონასტერი გვენახა. თანაც, დაწვრილებით მოგვიყვნენ მონასტრის ისტორიაზე, რამაც ძალიან გამაოცა.
- როგორც ფეხბურთელს, რა მოგცათ საქართველოს უმაღლესმა ლიგამ?
- იქ სულ სამი თვით ჩავედი, რაც წინასწარ ვიცოდი. სეზონის განახლებამდე სამი დღით ადრე მივედი გუნდში და თავიდან მხოლოდ ვარჯიში მიწევდა. “დინამოში” კიდევ სამი სერბი თამაშობდა, რომლებმაც ადაპტაცია გამიადვილეს. სამი თვე უცებ გავიდა, თუმცა მე არა მხოლოდ თამაში, არამედ ტრავმის მიღება და შემდეგ გამოჯანმრთელებაც მოვასწარი.
ილია ნანობაშვილი