ინტერვიუები

11:55 | 2.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

პეპე: „მოურინიომ „რეალი“ ძირფესვიანად შეცვალა“

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ლეგიონერმა, ბრაზილიაში დაბადებულ-გაზრდილმა პეპემ ესპანეთის გასული ჩემპიონატი მძიმე ტრავმის გამო თითქმის მთლიანად გამოტოვა, სადღეისოდ კი 27 წლის ფეხბურთელი ახალი სეზონისთვის მზადებას ახალი დამრიგებლის, ჟოზე მოურინიოს მეთვალყურეობით შეუდგა. მადრიდელებს ახალ სეზონში პრიმერა დივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურთ და ამ მიზნების განხორციელებაში პეპეს საკუთარი წვლილის შეტანა სურს. ამასთან ნატურალიზებული პორტუგალიელი იმედოვნებს, რომ ახალი დამრიგებელი “ბლანკოსს” ძველ დიდებას დაუბრუნებს.
- მადრიდის “რეალს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება ჟოზე მოურინიოზე?
- პორტუგალიელი სპეციალისტით მოხიბლული ვარ. სეუ ჟოზე ძალიან ყურადღებით და თბილად ეპყრობა ფეხბურთელებს. მან რამდენიმე ენა იცის და პრაქტიკულად ნებისმიერ მოთამაშეს მშობლიურ ენაზე ესაუბრება. მოურინიო ვარჯიშის და წვრთნის დასრულების შემდეგაც სიტუაციას მთლიანად აკონტროლებს. დარწმუნებული ვარ, პორტუგალიელის ხელმძღვანელობით ბევრს მივაღწევთ. მან უკვე მოახერხა “რეალის” ძირფესვიანად შეცვლა, რასაც მაყურებელი სეზონის პირველივე მატჩებში იხილავს და დარწმუნდება ჩემი სიტყვების მართებულობაში. მოურინიოს ვარჯიშებმა გამაოცა. მომქანცველი წვრთნა იმავდროულად ძალიან საინტერესოცაა. პორტუგალიელი ჩვენგან აგრესიულობას ითხოვს და განსაკუთრებულ აქცენტს მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევის ტექნიკის დამუშავებაზე აკეთებს. ჟოზე მოურინიო ბრწყინვალე მწვრთნელია და მან გუნდის კიდევ უფრო შეკავშირება მოახერხა.
- ისეთი სურათი დაგვიხატეთ, თითქოს მოურინიოს ახალ კლუბში არანაირი სირთულე არ შექმნია, არადა, “რეალის” გაწვრთნა იოლი საქმე სულაც არაა...
- მწვრთნელიცა და ფეხბურთელებიც პროფესიონალები ვართ, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით განმსჭვალულები, ამიტომაც საერთო ენის გამონახვა არ გვიჭირს. საერთო მიზანი გვამოძრავებს – “რეალმა” ტიტულები უნდა მოიგოს. მოკლე ხანში გუნდი მთლიანად შეიკრიბება და წინასასეზონო მზადებაც გადამწყვეტ სტადიაში შევა.
- “რეალს” უკვე 2 სეზონია არაფერი მოუგია. ეს ფაქტი ზედმეტ ფსიქოლოგიურ ტვირთად ხომ არ დაგაწვებათ?
- ჩვენი კლუბი ყოველთვის პრესინგს განიცდის – მნიშვნელობა არ აქვს, წინა სეზონში პირველები ვიყავით თუ არა. “რეალს” განსაკუთრებულად მომთხოვნი გულშემატკივარი ჰყავს და საერთოდაც, ყოველმხრივ განსაკუთრებული კლუბია.
- “რეალმა” წინასასეზონოდ ანხელ დი მარია და სამი ხედირა დაიმატა. რას გვეტყოდით ამ ტრანსფერებზე?
- არგენტინელიცა და გერმანელიც ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, რაც გასული მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას დაამტკიცეს. დი მარია ალბისელესტეში, ხედირა კი ბუნდესნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესონი იყვნენ. იმედია, ისინი “სანტიაგო ბერნაბეუს” გაუშინაურდებიან და თავიანთ მაღალ კლასს “რეალის” მაისურით გამოსვლის დროსაც დაადასტურებენ.
- რაულის წასვლა გუნდს შეცვლის?
- რაულ გონსალეს ბლანკო ჩვენი კაპიტანი და ორიენტირი გახლდათ. იგი ჭეშმარიტი ლიდერია და ახალწვეულებს დიდ დახმარებას უწევდა. ამიერიდან კი “რეალს” ახალი რეალობა დაუდგა. რაულს კი არასდროს დავივიწყებთ. “შალკეში” მას ყოველივე კარგს ვუსურვებთ და იგიც კვლავინდებურად “რეალის” წარმატებებით გაიხარებს.
- მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ თავს როგორ გრძნობთ, სპორტული ფორმა აღიდგინეთ?
- ძველებურ დონემდე ჯერ კიდევ მიკლია, მაგრამ მონდომებით ვვარჯიშობ და რამდენიმე კვირაში ოპტიმალური კონდიციის მიღწევის იმედი მაქვს. სეზონის პირველსავე მატჩებისთვის მინდორზე მაქსიმუმის გასაღებად მზად ვიქნები.
- ნაკრებსა და კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობთ. პირადად თქვენთვის რომელი როლის შესრულება უფრო სასიამოვნოა – ცენტრალური მცველის თუ საყრდენი ნახევარმცველის?
- ცენტრალური მცველის ფუნქციების შესრულება უკეთ გამომდის და მსიამოვნებს. კარლუშ კეირუში პორტუგალიის ნაკრებში შუა ხაზზე მათამაშებს, მაგრამ თავს მცველად ვთვლი.
 გოჩა კაჭარავა


         





 

0.114314