ინტერვიუები

12:56 | 24.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

პედრო: “მანჩესტერი” ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 2009-ში”

“ბარსელონას” ფორვარდმა პედრო როდრიგესმა, 2009 წელს ექვს ტურნირში (პრიმერა დივიზიონი, “სამეფო თასი”, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) შეძლო გოლის გატანა. მას შემდეგ, ფორვარდმა პეპ გვარდიოლას გუნდის შემადგენლობაშიც უფრო მყარად მოიკიდა ფეხი და შარშან, “ფურია როხას” შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. თანაგუნდელებთან ერთად, პედრო ლონდონის “უემბლიზე” ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი ორთაბრძოლისთვის ემზადება და “მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთხელ ძლევის იმედიც აქვს.



- 19 წლის წინ, “ბარსელონამ” პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა (თასი). გენუის “სამპდორიასთან” ის ისტორიული მატჩი ლონდონში, “უემბლიზე” ჩატარდა. იმ დროს ოთხი წლისა იყავით. გახსოვთ ის მატჩი?
- არა, როგორ უნდა მახსოვდეს, როცა მატჩის დაწყების წინ დედამ საწოლ ოთახში მიმაბრძანა, ოჯახის წევრები კი ტელევიზორს მიუსხდნენ. მოგვიანებით ხმაურმა გამაღვიძა. ეს კუმანის ბრწინვალე გოლის წყალობით მოხდა. მეორე დღეს გაზეთებს და იმ თამაშის ამსახველ ფოტოებს ვათვალიერებდი. “ბარსელონასთვის” მართლაც ისტორიული შეხვედრა გახლდათ და ვიმედოვნებ, ლონდონში ამჯერადაც ვიმარჯვებთ.
- ორი წლის წინ, რომში “მანჩესტერის” წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმე წუთი ჩაატარეთ. როგორი გრძნობა დაგეუფლათ, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათამაშოდ გახვედით?
- ჩემთვის ეს პირველი ფინალი გახლდათ. იმხანად, ჯერ კიდევ “ბარსა B”-ს წევრი ვიყავი და ფლეი ოფის მატჩებშიც კი არ მქონდა ნათამაშები. გვარდიოლას გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელიც იყო და დიდად სასიხარულოც.
- რა გითხრათ მთავარმა მწვრთნელმა, ვიდრე ანდრეს ინიესტას შეცვლიდით?
- პეპმა დამარიგა, რომ საკუთარი შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა და რამდენიმე წუთში თავის წარმოჩენა მომესწრო. ფინალის მოგება და გადამწყვეტ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა.
- 2009 წლიდან მოყოლებული, თქვენ საფეხბურთო ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა?
- “ბარსელონას” სრულუფლებიანი წევრი გავხდი და თანაგუნდელებთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ხავი, ანდრესი (ინიესტა) და ლეო (მესი) სადღეისოდ პლანეტის საუკეთესო მოთამაშეები არიან და მათ გვერდიგვერდ გამოსვლა უდიდესი სიამოვნებაა. ჩემი მხრივ ყოველმხრივ ვცდილობ, მათი კარგი პარტნიორი ვიყო.
- როგორი გრძნობით ელით ჩემპიონთა ლიგის მორიგ ფინალს?
- მოთამაშეებიც და გულშემატკივრებიც მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. ცხადია, “მანჩესტერის” სახით, ურთულესად დასაძლევი ოპონენტი გვყავს, მაგრამ თუკი ჩვეულ დონეზე თამაში შევძელით, კიდევ ერთი გამარჯვება რეალური რამ იქნება.
- ზოგიერთმა კატალონელმა გულშემატკივარმა “უემბლის” ფინალზე დასასწრებ მატჩში ათასი ევრო გადაიხადა. “ბარსას” ფეხბურთელთათვის ეს დამატებითი სტიმული არაა?
- ქომაგთა ერთგულებას ყოველთვის ვაფასებდით და ამჯერადაც, “კულესის” (“ბარსას” გულშემატკივრები) გახარებას შევეცდებით. ფინალამდე დარჩენილ დროს მატჩისთვის უკეთ მოსამზადებლად სრულად გამოვიყენებთ.
- 2009 წელს ექვს ტურნირში მოახერხეთ გოლების გატანა. ამჯერადაც იმავე მიღწევის გამეორებას აპირებთ?
- ოო, მაშინ გამიმართლა... ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად. ჩემი მხრიდან მცდელობას არ დავაკლებ, დანარჩენს კი, უშუალოდ ასპარეზობების მსვლელობისას ვიხილავთ.
- “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობას როგორ დაგვიხასიათებდით?
- მცველებს რაც შეეხება, პატრის ევრა და რაფაელი სწრაფი და აგრესიული მოთამაშეები არიან. მათ წინააღმდეგ თამაში რთულია. ფორვარდთაგან განსაკუთრებით უეინ რუნი და ჩიჩარიტო უნდა გამოვყო. ისინი შეტევაშიც სახიფათონი არიან, ამასთან, დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებენ მინდვრის ცენტრშიც და უკანახაზელებსაც ეხმარებიან. მთლიანობაში კი, სერ ალექს ფერგიუსონს მეტად ძლიერი გუნდი ჰყავს, უფრო ძლიერი, ვიდრე 2009-ში. “იუნაიტედის” ძლევა ურთულესი საქმეა.
- როდესაც რაიან გიგზმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა დაიწყო, ოთხი წლისა იყავით...
- რაიანი ფენომენალური შესაძლებლობების ფეხბურთელია, რომლის კარიერა აღფრთოვანებას იწვევს. მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის სასიამოვნოცაა და საპასუხისმგებლოც.
- სეზონის მსვლელობისას, “ბარსელონას” მოთამაშეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ტრავმირებული იყო და სრულფასოვან წვრთნას ვერ ახერხებდა. ეს “მანჩესტერს” უპირატესობას ხომ არ აძლევს?
- არა. 28 მაისამდე არამარტო მომზადების, დასვენების და ძალის აღდგენის დროც გვექნება. ტრავმირებულები არ გვყავს და თითოეული ჩვენგანი “უემბლიზე” თავის საუკეთესოდ წარმოჩენას შეძლებს.
- საზარდულის ტრავმა სრულად მოირჩინეთ?
- ცოტა ხნის წინ სათამაშო რიტმიდან ამოვარდნილი ვიყავი, მაგრამ სადღეისოდ ყველაფერი რიგზეა. ლა ლიგას დასკვნით მატჩებში ურიგოდ არ მითამაშია და იმედია, წარმატებულად ასპარეზობას ლონდონშიც შევძლებ.
- როგორ გრძნობენ თავს კარლეს პუიოლი და ერიკ აბიდალი? ისინი მინდორს ექიმების მიერ თავდაპირველად დათქმულ ვადაზე ადრე დაუბრუნდნენ...
- ორივემ რთული პერიოდი გადაიტანა. პუი მინდორზე დაბრუნების მეორე დღეს კვლავ ცუდად გახდა. ეს მისთვის ფსიქოლოგიურად მძიმე მომენტი იყო. აბიდალის ისტორია კი განსაკუთრებულია. მისმა გამოჯანმრთელებამ ძალიან გაგვახარა, რადგანაც ყველას გვსურს, რომ ერიკმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშოს.

გოჩა კაჭარავა

0.117365