მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, პაულ ბრაიტნერი ამჟამად მშობლიურ კლუბ “ბაიერნში”, სკაუტთა სამსახურის უფროსად და ბავარიელთა გუნდის სასიკეთოდ, დაუღლელად მუშაობს. გამოცდილი სპეციალისტი პირველი წრის შემდეგ დორტმუნდის “ბორუსიასთან” 14-ქულიან ჩამორჩენას “ბაიერნისთვის” კატასტროფად არ თვლის და ბუნდესლიგის განახლების შემდეგ მიუნხენელთა წარმატებული თამაშის იმედი აქვს.
- ჰერ ბრაიტნერ, პირდაპირ გკითხავთ და თქვენც გულახდილად გვიპასუხეთ – შეგვიძლია დორტმუნდის “ბორუსიას” ჩემპიონობა მივულოცოთ?
- მე რომ ნეიტრალური მეთვალყურე ვიყო, მოგახსენებდით, რომ ამის გაკეთება პირველი წრის დასრულების შემდეგ შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მე ხომ “ბაიერნის” გულშემატკივარიც ვარ, ამიტომაც, ყოველთვის ბოლომდე მჯერა საყვარელი გუნდისა. ამასთან, ზამთრის შესვენებაც უფრო ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, ვიდრე დორტმუნდელებისაზე.
- დავიჯეროთ, 14 ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა მართლა შესაძლებლად მიგაჩნიათ?
- რატომაც არა! დორტმუნდელები მეორე წრეში ისე იმპროვიზებულად, ბავშვური აღმაფრენით ვეღარ ითამაშებენ, როგორც ჩემპიონატის პირველ ნახევარში. ბორუსიელები ფიქრით უკვე პირველობას ზეიმობენ, რაც მათ თამაშს უარყოფით დაღს დაასვამს, “ბაიერნი” კი აუცილებლად საგრძნობლად მოუმატებს. მთავარია, თავიდანვე მოვახერხოთ ქულათა სხვაობის შემცირება. თუკი ეს ბუნდესლიგის განახლებიდან რამდენიმე უახლოეს ტურში შევძელით, დორტმუნდელები აღელდებიან, ფსიქოლოgიურ მდგრადობას დაკარგავენ და ჩვენ საჩემპიონო შანსს დავიბრუნებთ.
- ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კენჭისყრამ მილანის “ინტერი” გარგუნათ. რამდენად კმაყოფილი დარჩით დეკემბერში ნიონში ჩატარებული წილისყრით?
- კმაყოფილი ვარ. ფინალის წაგებით მილანელებთან ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. თანაც, თებერვლიდან “ბაიერნს” აღმავლობის პერიოდი დაეწყება, “ინტერს” კი - კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება. გუნდს ხომ სათავეში ახალი დამრიგებელი ჩაუდგა და ლეონარდოს გარკვეული დრო დასჭირდება ფეხბურთელების თავის “ჭკუაზე მოსაყვანად”. ვფიქრობ, 2 მატჩში “ინტერის” დამარცხების რეალური შანსი გვაქვს. ერთ შეხვედრაში “ნერაძურის” ძლევა უფრო რთულია, შინ და გარეთ ჩასატარებელი ორთაბრძოლების დროს კი, მილანელები რომელიღაც მომენტში მაინც გაიხსნებიან და მუდმივად ჩაკეტილ ფეხბურთს ვერ ითამაშებენ.
- “ბაიერნს” ული ჰიონესსა და ლუის ვან გალს შორის დაძაბული ურთიერთობა უშლის ხელს. კლუბისა და გუნდის ხელმძღვანელებს შორის უთანხმოება აღმოიფხვრა?
- ჰიონესისა და ვან გაალის ურთიერთობაში არასდროს ჩავრეულვარ. მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ მათი საკამათო თემები “ბაიერნსა” და წმინდა საფეხბურთო საკითხებს სცილდება.
- ბოლო პერიოდში “ბაიერნის” თამაში გაკმაყოფილებთ?
- ისევე, როგორც “ბარსელონამ”, “ბაიერნმაც” საკუთარ სტილს მიაგნო. ვან გაალის მოსვლამდე გარკვეული მანერა არ გვქონდა, ახლა კი, საშინაო მატჩებშიც და გასვლაზეც, გუნდი თავის პრინციპებს არ ღალატობს.
- ეს ვან გაალის დამსახურებაა?
- რასაკვირველია. ფეხბურთელები მინდორზე ახორციელებენ ჰოლანდიელი სპეციალისტის მიდგომასა და მოთხოვნას – ბურთის ხშირ ფლობასა და პოზიციურ ფეხბურთს.
- მწვრთნელიდან ფეხბურთელებზე გადავინაცვლოთ. პირველი წრის მიწურულს კლუბმა კონტრაქტები გაახანგრძლივა ფილიპ ლამსა და ბასტიან შვაინშტაიგერთან. მოგწონთ ხელმძღვანელობის მიერ არჩეული სტრატეგია?
- “ბაიერნის” შეფების კურსს სრულიად ვიზიარებ. საკადრო პოლიტიკაში აქცენტი მიუნხენში აღზრდილი გამოცდილი კადრების შენარჩუნებაზე კეთდება, რაც გამართლებულად მიმაჩნია. თუ კიდევ რამდენიმე მოთამაშით შევძლებთ გუნდის გაძლიერებას, უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში “ბაიერნს” მშვენიერი პერსპექტივა გადაეშლება.
- “ბაიერნის” პოლიტიკა ყოველთვის იმით იყო გამორჩეული, რომ ასტრონომიულ ხელფასს გუნდის ყველაზე გამორჩეულ ფიგურებსაც კი არ უხდიდა . კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ედმუნდ შტოიბერს თუ ვერწმუნებით, შვაინშტაიგერი ყოველწლიურად ჯამაგირის სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს. ეს თანხა “გაბერილად” არ გეჩვენებათ?
- თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერს საბაზრო ურთიერთობები განსაზღვრავს, “ბაიერნი” კი, მომგებიანი კლუბია და თავად წყვეტს, რომელ მოთამაშეს რამდენი გადაუხადოს.
- მოარულ ხმებს თუ ვერწმუნებით, ლამისა და შვაინშტაიგერის შენარჩუნების საქმეში დიდი როლი კრისტიან ნერლინგერმა შეასრულა...
- არასწორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენი კლუბის სისტემაზე. კრისტიანი სპორტული დირექტორი კი გახდა, მაგრამ როგორ გგონიათ, მას იმხელა გავლენა აქვს ბასტიანზე, რომ მას ხელშეკრულების ქარალდზე ხელის მოწერას აიძულებს? “ბაიერნის” არც ერთი ფეხბურთელი გუნდში სპორტული დირექტორის ზეგავლენით არც დარჩება და არც მოვა.
გოჩა კაჭარავა